ჯანმო "ომიკრონი"-ს ვარიანტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვარიანტი "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება და იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე Covid-19-ის სხვა ვარიანტები, მათ შორის "დელტა". ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გაკრიტიკებულია ის, რომ მოგზაურობის აკრძალვა გავრცელდა აფრიკის კონტინენტის სამხრეთით მდებარე ქვეყნებზე, სადაც გაჩნდა „ომიკრონი“-ს ვარიანტი.
”რადგან ქვეყნების მზარდი რაოდენობა აწესებს ფრენების აკრძალვას სამხრეთ აფრიკის ქვეყნებზე "ომიკრონი"-ს ახალი ვარიანტის გამო, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს თვალყური მიადევნონ სამეცნიერო და ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციებს.”- ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ჯანმო-მ გააკეთა მოწოდება არ დაიხუროს საზღვრები იმ მოტივით, რომ მოგზაურობის შეზღუდვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს აფრიკის ქვეყნებში საარსებო წყაროსა და მიწოდების ჯაჭვებზე.
ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის ნათელი, არის თუ არა "ომიკრონი" უფრო გადამდები ვიდრე სხვა ვარიანტები, მათ შორის დელტა, და გადადის თუ არა ის უფრო ადვილად ადამიანიდან ადამიანზე. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფრიკის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში კოვიდდადებითი ადამიანების რიცხვი გაიზარდა.
ამავე განცხადების მიხედვით, ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება იმის გასაგებად, არის თუ არა ეს მდგომარეობა გამოწვეული "ომიკრონით" თუ სხვა ფაქტორებით.
ჯანმო-მ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა "ომიკრონი" Covid-19-ის სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას.