თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მ. სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
„მინდა მოგმართოთ ქართველ ხალხს და დაგისვათ კითხვა, რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ტყვედ აყვანის წინ და ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი და მოღუშული, ფაქტობრივად არ იღიმება, მინდა გკითხოთ ჩემო საყვარელო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, ტემპი რაიონული განვითარების, სიახლე და აღმშენებლობა სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ მოგენატრათ, ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, - ასე დაიწყო ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მიმართვის სიტყვა.
საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ყველა მედიასაშუალებას მიეცეს სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობა. ამასთან, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სასამართლო სხდომის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ტრანსლირებას ახორციელებდა, რის შესახებ მოსამართლისგან გაფრთხილება მიიღო და ტრანსლირება შეწყვიტა.
სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე – ხატია დეკანოიძე და ეკა ხერხეულიძე.
სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.