ეკონომიკის მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 14:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან და მისიის სხვა წევრებთან ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, კოვიდ-პანდემიის გავლენასა და მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა პროგნოზირებულზე სწრაფად განვითარდა. შედეგად, წინასწარი შეფასებით, წინა წელთან შედარებით, უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, 9 თვის ზრდის ტემპი კი 11.0 პროცენტს გაუტოლდა. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ელის, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომლის თანახმადაც 2021-2026 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. 

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებს. 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროგრესი და სამოქმედო გეგმა, კერძოდ, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიმდინარე აქტივობები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის განხორციელების პერსპექტივები და სხვა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

წაკითხულია 299 ჯერ

Related items

  • ლ. დავითაშვილმა და მ. მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის

    ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. 

    როგორც ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის  პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას,  ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.

    საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.

    ახალი ხელშეკრულებები კიდევ ერთი  წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

  • ლევან დავითაშვილი კომპანიის "Abu Dhabi Ports" დელეგაციას შეხვდა

    ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია "Abu Dhabi Ports" (AD Ports Group) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს სამირ ჩატურვედის და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. 

    შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გარღმავებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში და ამ დარგებში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე.

    სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი, სამომავლო ხედვა და გეგმები, რასთან დაკავშირებითაც სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების, სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული ტრენდებისა და შესაძლებლობების თაობაზე. 

    შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები. 

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომპანია „Abu Dhabi Ports“-ის დელეგაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სტუმრობისას ქვეყნის სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. გამოიკვეთა მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები  საზღვაო კლასტერის, ასევე, საზღვაო განათლების ხელშეწყობისა და ტრენინგ-ცენტრების განვითარების მიმართულებით.

  • სსფ-ის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა-კ. გვენეტაძე

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. კობა გვენეტაძემ და ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები.  

    კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.

    ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს, კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება. 

    საუბარი, ასევე, შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროგრამას (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.

    "საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. წლების განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. პოლ ჰილბერსთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობაზე და სებ-ის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც სსფ-ის მიერ დადებითად არის შეფასებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

    ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

    ეროვნული ბანკის პრეს-სამსახური

  • საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები განიხილეს

    საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკულ კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურმა დირექტორმა ბენ მაკ უილიამსმა

    საუბარი კერძოდ შეეხო SpaceX საქართველო¬ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდების საკითხის უზრუნველყოფას.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია.

    „SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“ - აღნიშნა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა ჩად გიბიმ.

    პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

    ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

    SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ.

    სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გამოხატა კომპანიამ ინტერესი საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართვაზე, ასევე საქართველო განიხილეს რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის. 

    ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. 

    თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტ წვდომა. შესაბამისად, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. 

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე

  • პრემიერ-მინისტრმა ჯ. აზურს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის ახორციელებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე.

    ასევე, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პარამეტრები. აღინიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას და იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ია.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის. მათ შორის, ხაზი გაესვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას.

    პრემიერ-მინისტრმა ჯიჰად აზურს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და იმ სამუშაოებისათვის, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის ახორციელებს.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე ფრანსისკო პაროდი და IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური