ეკონომიკის მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 14:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან და მისიის სხვა წევრებთან ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, კოვიდ-პანდემიის გავლენასა და მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა პროგნოზირებულზე სწრაფად განვითარდა. შედეგად, წინასწარი შეფასებით, წინა წელთან შედარებით, უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, 9 თვის ზრდის ტემპი კი 11.0 პროცენტს გაუტოლდა. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ელის, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომლის თანახმადაც 2021-2026 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. 

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებს. 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროგრესი და სამოქმედო გეგმა, კერძოდ, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიმდინარე აქტივობები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის განხორციელების პერსპექტივები და სხვა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

წაკითხულია 433 ჯერ

Related items

  • ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ და ოზგურ იუჯელმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო
    2023 წლის 3 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) თბილისის ფილიალის თავმჯდომარე ოზგურ იუჯელი ეწვია.
    სტუმარს მასპინძლობა გაუწია DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.
    შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა.
    შეხვედრაზე მხარებმა ასევე ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაზე.
    DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონ ოზგურს მიულოცა მუსიადის მმართველთა საბჭოს წევრად არჩევა და წარმატებები უსურვა მას.
    თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.
  • კახაბერ ოქრიაშვილის პრეს-სამსახური ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს: „ქართველებს მართლა შეგვიძლია, ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით ვზარდოთ, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: ვეხმაურებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბატონ  ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც ჩვენს გუშინდელ კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მსოფლიოში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და რომ ყველაზე კარგად ხალხი საქართველოში ცხოვრობს, ესტონეთსა და პოლონეთში კი მძიმე მდგომარეობაში არიან.

    მისივე თქმით, 2022 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. დიახ, 2022 წელს მართლაც გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ეფექტი, რომელიც მოგვცა ოკუპანტი ქვეყნიდან გამოქცეული რუსი მოქალაქეების მიერ ფულის შემოტანამ საქართველოში. ეს ნაკადი უკვე სრულდება, შესაბამისად, სრულდება ეფექტიც. ამიტომაც პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი 2023 წელს საქართველოს მშპ-ს 4,5-%იან ზრდას და ამიტომაც მიგვითითებს, რომ „ქვეყანამ ეკონომიკის განვითარების უფრო მდგრადი გზები უნდა ეძებოს“, რაც, რატომღაც ბატონმა ცინცაძემ არ ახსენა.    

    გვესმის, რომ მას დაავალეს, უპასუხოს ბატონ ოქრიაშვილს, რადგან ხელისუფლებას არ მოსწონს კრიტიკა - თუმცა, მოგიწევთ ატანა! ბოლო 10 წელია, ჩვენი ეკონომიკა არასაკმარისად იზრდება და ინფლაციის გათვალისწინებით, სურათი კატასტროფულია.

    რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, ესტონეთში - 27 943 $-ს, ლიეტუვაში - 23,723 $-ს,  ლატვიაში - 21,148 $-ს, საქართველოში - 5,023 $-ს, მაშინ, როცა 1990-იან წლებში ჩვენი მშპ დაახლოებით ერთნაირი იყო. ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, მათი ათწლიანი მმართველობის შედეგად, დღეს ესტონეთსა და ლატვიაში ხალხი 5-ჯერ უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში.

    სწორედ ბოლო 10 წლის ეკონომიკური შედეგების გამო „ოცნების“ ხელისუფლება ხალხის მიერ იქნება გადარჩეული და საქართველოს ეყოლება ზუსტად ისეთი პროგრესული ხელისუფლება, როგორიც ესტონეთს ჰყავს. დიახაც, ქართველებსაც შეგვიძლია, ეკონომიკა ვზარდოთ ორნიშნა რიცხვებით, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე!", - აცხადებს კ. ოქრიაშვილი.

  • ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის წევრებს შეხვდა

    ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და სავალუტო ფონდის თანამშრომლობაზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებსა და რეგიონში შექმნილი ვითარების გავლენაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის  სქემის ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონსა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. 

    ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ რეგიონში შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ორი წელია, საქართველო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს, ასევე გაუმჯობესებულია სხვადასხვა ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები. ამასთან აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებობს გამოწვევებიც.  

    შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები რომეო მიქაუტაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე. აგრეთვე სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

  • ლ. დავითაშვილმა და მ. მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის

    ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. 

    როგორც ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის  პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას,  ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.

    საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.

    ახალი ხელშეკრულებები კიდევ ერთი  წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

  • ლევან დავითაშვილი კომპანიის "Abu Dhabi Ports" დელეგაციას შეხვდა

    ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია "Abu Dhabi Ports" (AD Ports Group) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს სამირ ჩატურვედის და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. 

    შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გარღმავებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში და ამ დარგებში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე.

    სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი, სამომავლო ხედვა და გეგმები, რასთან დაკავშირებითაც სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების, სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული ტრენდებისა და შესაძლებლობების თაობაზე. 

    შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები. 

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომპანია „Abu Dhabi Ports“-ის დელეგაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სტუმრობისას ქვეყნის სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. გამოიკვეთა მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები  საზღვაო კლასტერის, ასევე, საზღვაო განათლების ხელშეწყობისა და ტრენინგ-ცენტრების განვითარების მიმართულებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური