ფიბა-მ ბექა ბურჯანაძე მსოფლიო საკვალიფიკაციოს საუკეთესო 10 ფორვარდს შორის დაასახელა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 12:51

მსოფლიოს 2023 წლის თასის შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ ფიბა-მ მსოფლიოს მასშტაბით გამოარჩია 10 მძიმე ფორვარდი, რომლების თამაშიც დიდ ყურადღებას იქცევს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი მონაცემებით, ათეულშია საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბეტისის“ თავდამსხმელი ბექა ბურჯანაძე.

„სევილიის „ბეტისის“ ფორვარდი სასარგებლოა როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრიდან, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით „ვალენსიასთან“ მატჩისას. 31 ოქტომბერს ქართველის დიდი დახმარებით (7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო) „ბეტისმა“ „ვალენსია“ სენსაციურად დაამარცხა – 84:81.

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ბურჯანაძე საშუალოდ 13.3 ქულას, 6.3 მოხსნასა და 1.5 პასს აგროვებდა,“ – ვკითხულობთ ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.

ბექას გარდა ტოპ-10 მძიმე ფორვარდებში მოხვდნენ: აბუ გაკუ (ანგოლა), ჯეიმს ოკელო (უგანდა), ემანუელ ტერი (აშშ), ალექსანდრ ჩასანგი (საფრანგეთი), მატიას კალფანი (ურუგვაი), იოჰან ვოიტმანი (გერმანია), კაილ ვილტიერი (კანადა), მაკრამ ბენ რომდანე (ტუნისი), როდიონს კურუჩსი (ლატვია).

ტექსტში არაფერი წერია თორნიკე შენგელიაზე.  პუბლიკაციის ავტორმა თოკოს გვარი იმიტომ არ შეიტანა, რომ იგი ევროლიგის გუნდს წარმოადგენს. ევროლიგელებს კი მსოფლიოს ჩემპიონატის ნოემბრის ფანჯარაში არ უშვებენ. შენგელია გამონაკლისია, მას ცსკა-სთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით საქართველოს ნაკრებში უშვებენ.

წაკითხულია 77 ჯერ

Related items

  • ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

    11 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება და ჩატარდა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.

    საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  ვიქტორ სანიკიძე, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ვიქტორ სანიკიძეს საერთო საარჩევნო კრების სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრების 39-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი და შესაბამისად, სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში 100%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

    საერთო საარჩევნო კრების დღის წესრიგის მიხედვით, ყრილობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის სიტყვით გაიხსნა, რომელმაც განვლილ ოთხ წელიწადში ჩატარებული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

    დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხის მიხედვით, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა წარადგინა. საერთო საარჩევნო ყრილობას საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე. 

    ვიქტორ სანიკიძემ გამგეობის წევრებად ლაშა გამყრელიძე, ოთარ ფაიქრიძე, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით თორთლაძე, ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურსპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ  გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა ლობჟანიძე, ზვიად კოტრიკაძე და მიხეილ გაბრიჩიძე დაასახელა.

    საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს დაამტკიცებს.

     

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

    კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც 2 წელი გაგრძელდება და ევროპის 32 ქვეყნის ნაკრებიდან 12 საუკეთესოს შეარჩევს, რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, პირველი ფანჯრის მატჩები 25, 26, 28 და 29 ნოემბერს ჩატარდება და მათი რაოდენობა ჯამში 32 იქნება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს, თბილისში, უკრაინასთან გამართავს, ხოლო 29-ში ქალაქ ხაენში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

    ტურნირის ორგანიზატორმა ფიბა-მ პირველი ფანჯრის 32 შეხვედრიდან განსაკუთრებით საინტერესოები გამოარჩია. ათეულში შეყვანილია ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება, რომელიც 29 ნოემბერს, ანდალუსიის დიდი ისტორიის მქონე პატარა ქალაქ ხაენში გაიმართება.

    აი, რას წერს ამ მატჩის შესახებ ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი: “ეს პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი მატჩია. ესპანეთი აშკარად გადახალისების რეჟიმშია, რამდენიმე გამოცდილმა კალათბურთელმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და მათ შორის ძმები გასოლებიც არიან. ამდენად, აუცილებელია საერთაშორისო მატჩების გამოცდილება ახალგაზრდა კალათბურთელებმაც მიიღონ. უდავოა, რომ მათთვის საქართველო სერიოზული ტესტი იქნება, მითუმეტეს, რომ ამ ნაკრებს ფავორიტებთან მოგების გამოცდილება აქვს. ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მათ სტუმრად სერბეთსაც კი მოუგეს. საინტერესოა, რომ ესპანეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც შეხვდებიან, A ჯგუფის მასპინძელი კი სწორედ თბილისია”.

    ისტორიულად, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს სლოვენიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ. ის მატჩი ესპანელებმა დამაჯერებლად – 83:59 მოიგეს. 

    ფიბა-ს აზრით, ნოემბრის ფანჯრის დროს, საქართველო-ესპანეთის მატჩის გარდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეს მატჩები: სერბეთი-ლატვია, ხორვატია-სლოვენია, დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი, შვედეთი-ფინეთი, საფრანგეთი-მონტენეგრო, რუსეთი-იტალია, ბელარუსი-თურქეთი, პოლონეთი-გერმანია, ჩეხეთი-ლიეტუვა. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში 26 ნოემბერს ჩაერთვება, როდესაც თბილისში უკრაინას მიიღებს. ამავე დღეს ესპანელები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან. 29-ში, ესპანეთი-საქართველოს გარდა, G ჯგუფში კიდევ ერთი თამაშია: უკრაინა-ჩრდილოეთ მაკედონია. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის.

    გიორგი ოთინაშვილი

  • საქართველოს 23-წლამდე ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია!

    საქართველოს U23 ნაკრები ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ძიუდოს ფედერაციაში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, ფინალურ ორთაბრძოლაში საქართველო ეთერ ლიპარტელიანმა დააწინაურა, შემდეგ რუსებმა ორი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ 3 ბრძოლა წარმატებით დაასრულეს. ჯერ ნიკა ხარაზიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა მოიგეს, ბოლოს კი, გადამწყვეტ ბრძოლაში საბა ინანეიშვილმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სომხიშვილის შეხვედრა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და ქართველმა რუს მეტოქეს გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე კი ქართველებმა საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებებს სძლიეს.

    მას შემდეგ, რაც გუნდური შეჯიბრებები შერეული სისტემით (ბიჭები და გოგონები) ტარდება, საქართველოს ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

    უნდა აღინიშნოს, რომ რომ საქართველომ ინდივიდუალურად ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

    ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ),

    ვერცხლი - ალეკო მამიაშვილი (-73კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ),

    ბრინჯაო - გიორგი თუთაშვილი (-66კგ), გიორგი ჩიქოვანი (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).

    შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის უნგრეთში გაიმართა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ლაშა გურულმა მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

    საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა, რომელიც ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე 7 წარმომადგენლით წარსდგა, ორი ბრინჯაოს მედალი დაიბევა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, პირველი, ვინც საპრიზო ადგილამდე გაიკვალა გზა სახილ ალახვერდოვია (48 კგ). მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება. ქულებით დაამარცხა ინდოელი გოვინდ საჰანი. მეოთხედფინალში ასევე ქულებით მოუგო ყირგიზ მირლან ტურკბაის და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს უდრის.

    ასევე მესამე ადგილი აქვს გარანტირებული ლაშა გურულს (67 კგ). საქართველოს ნაკრების წევრმა პირველ შეხვედრაში ქულებით დაამარცხა ბაჰამელი რაშილდ უილიამსი, შემდეგ - სლოვაკი მიხალ ტაკაჩი და ირანელი ამირ მაღსუდი მალი. ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში  კუბელ კევინ ბრაუნ ბაზას მოუგო და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი დაიბევა. სამწუხაროდ, გურული ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლას ტრავმის გამო გამოტოვებს. ასე რომ, პირველი მედალი მის ანგარიშზეა.

    „მადლობა ღმერთს, რომ მედალი მოვიპოვე. სავარაუდოდ ოპერაციას გამიკეთებენ. ყველაფერი კარგად იქნება  - ბრინჯაოს მედალი მოპოვებულია", - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში აცხადებს ლაშა გურული.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • საქართველოს 20-წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

    საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროჩელენჯერზე მეორე მარცხი განიცადა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტს, გერმანიის ნაკრებს შეხვდა, რომელთანაც ვერაფერი გააწყო და 55:96 (სტატისტიკა) დამარცხდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კალთბურთის ეროვნულ ფედერაციაში განუცხადეს, ჩვენს ნაკრებს აკლდა ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც წინა შეხვედრაში, თურქეთთან ტრავმა მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარა. მისი არყოფნა ჩვენს გუნდს აშკარად დაეტყო, რადგან საქართველოს დაცვა არ იყო ისეთი ეფექტური, რაც საშუალებას მისცემდა, მძლავრ ნაკრებს ტოლ-სწორად შებრძოლებოდა.

    გერმანიამ თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და დებიუტშივე ხელჩასაჭიდ უპირატესობას რომ დაეპატრონა, თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. სტუმართა ხისტი თამაში ჩვენს კალათბურთელებს გვარიანად უშლიდა ხელს და მწვრთნელის მიერ დაგეგმილ კომბინაციებს მოთამაშეები ვერ ახორციელებდნენ. 

    შეხვედრის ბედი მის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა. გერმანელების ლიდერობამ მეორე ნახევარში 30 ქულას გადააჭარბა.  ჩვენს ნაკრებში 10-ქულაინ ბარიერს მხოლოდ ლევან გოგიჩაიშვილმა (10 ქულა) და რომან ჭინჭარაულმა (11 ქულა) მიაღწიეს.

    მე-3 ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა: 

    ბულგარეთი – საფრანგეთი 63:95 (სტატისტიკა)
    პოლონეთი – თურქეთი 82:73 (სტატისტიკა)

    23 ივლისს თბილისურ ევროჩელენჯერში დასვენების დღეა. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური