სებასტიან მოლინეუსი - ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021 11:37

ირაკლი ღარიბაშვილმა და სებასტიან მოლინეუსმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის საკითხები მიმოიხილეს.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მსოფლიო ბანკის ჩართულობა დასაფასებელია. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის გამოყო ფინანსური სახსრები, რაც ჯამში 2,7 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელი კი 12 აქტიური საინვესტიციო პროექტისა და განვითარების პოლიტიკის ოპერაციებისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 928 მილიონი აშშ დოლარია. საუბრისას აღინიშნა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე ორიენტირებულმა პროექტებმა ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის ეტაპობრივი აღდგენის პროცესს დიდი სტიმული მისცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს, ამიტომ რეგიონული განვითარების პროექტები მთავრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულია, ამ კუთხით კი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. საუბრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. პირველი მათგანია ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ამზადებს მსხვილ და ვიტყოდი - გარდამქმნელ სარეფორმო პროგრამას, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები, რაც ქვეყნის ბევრ მოქალაქეს ძალიან ძვირი უჯდება. იგივე მოლოდინია საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ პიზას (PISA) საერთაშორისო რეიტინგში ქვეყანა დაწინაურდება და ადრეული სასკოლოდან საუნივერსიტეტო დონემდე სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მესამე მიმართულებაა სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რათა დაიხვეწოს მიზნობრიობა და დახმარება ისეთმა ოჯახებმა მიიღონ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მას - თან ბავშვებიანმა ოჯახებმა. ეს არის ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი. ჩვენი საუბრის პირველი მთავარი თემაც ეს გახლდათ. მეორე საკითხი იყო ახალ კორონავირუსზე რეაგირების ზომები, რათა მთავრობის მიერ განხორციელებული დადებითი ინიციატივები - მწვანე პასპორტები, ხანდაზმულებისთვის ფინანსური დანამატები - გაგრძელდეს და გაძლიერდეს მძლავრი საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით. ყოველივე ამის მიზანია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია. მესამე საკითხად განვიხილეთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გასაზრდელად, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი? კიდევ რა რეფორმაა საჭირო მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად? აქ საუბარი მაქვს კონკრეტულად კლიმატის დღის წესრიგზე. და ბოლოს, რა არის საჭირო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ციფრული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საქართველოში?

ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ ეხებოდა ლოგისტიკას. როდესაც საუბარია რეგიონალურ დაკავშირებადობაზე და ინტეგრაციაზე, საქართველო ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ასევე გლობალურად, რადგან ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია აქ, ამ რეგიონში",- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

წაკითხულია 123 ჯერ

Related items

  • საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა მაღალი ტემპით მიმდინარეობს

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება. 

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საკითხს.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება, საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.

    „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დავასრულეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისთვის აუცილებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შემდეგი საპილოტე რეგიონი არის ქობულეთი, სადაც პროცესი მიმდინარეობს, ასევე გამოცხადებულია ტენდერი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის. გეგმის მიხედვით გაგრძელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სხვადასხვა სოფელსა თუ მაღალმთიან დასახლებაში შეძლონ მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ახალგაზრდების მეტი და უკეთესი განათლების შესაძლებლობისთვის და მეტი დამაგრებისთვის სოფლებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

    მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ჩარლზ ჰარპის თქმით, მოხარულები არიან პროექტის მიმდინარეობის პროგრესით.

     

  • პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა.
    სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; ჯამში, 10,7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
    „მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას.
    როგორც ი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. მან ასევე განაცხადა, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა და ეკონომიკურმა გუნდმა ამ მიმართულებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთთან ურთიერთობები შეაფასა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან თურქეთთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობებით და განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ი. ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას,  2021 წელს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მთელი წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და სხვა საკითხები შეაფასა. მან პირდაპირ ეთერში, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთთან ძალიან მჭიდრო, მეგობრული და ძმური ურთიერთობა გვაქვს. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ანკარაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან, განსაკუთრებული და თბილი დახვედრისთვის მადლობელი ვარ. მას შემდეგაც ჩვენ გვქონდა არა ერთი სატელეფონო და სხვა კომუნიკაცია. ჩვენ თურქეთთან გვაქვს, ღია და გულწრფელი ურთიერთობა. თურქეთი რა თქმა უნდა,  ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და ჩვენ გვახარებს მასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებ და მიხარია, რომ იგივე მიდგომა აქვს თურქეთის პრეზიდენტსაც. ვფიქრობ, დღეს არის ძალიან კარგი შანსია ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ი. ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, ზ. აზარაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, და მათ შორის ქართული ავიაციის აღდგენის საქმეში.
    „ზ. აზარაშვილი არის ძალიან წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი გაიზარდა ექიმის ოჯახში, აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, და ფინანსური მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. ასევე კარგად იცის თუ რა პრობლემები აქვს დღეს საქართველოს მოსახლეობას. მინდა ვუსურვო მას წარმატებები ახალ თანამდებობაზე მუშაობისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
    ზურაბ აზარაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე იყო შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
    გარდა ამისა, რამდენიმე წელი მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში.
    შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის თანამდებობა, საკუთარი სურვილით 9 დეკემბერს დატოვა.

  • საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

    საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. 
    კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. 
    საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. 
    „მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დელეგაციის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში. მივესალმები ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თბილისში.  ამ წელს ეს თქვენი რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში. ერევანში ოფიციალური ვიზიტით ორჯერ ვიყავი და სიამოვნებით და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მიუთითებს მჭიდრო ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს და მე მინდა ამ განწყობისა და დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინიციატივით და მოლაპარაკებით დღეს გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დონეზე, პრემიერ-მინისტრების დონეზე იმართება. რა თქმა უნდა, თქვენი პირადი ჩართულობით განახლდა ეს კომისია, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. უნდა განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ამ მიზნით, ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს. ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყით და სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და სწორედ ამ მიზნით გავაჟღერე  „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა".  მინდა, დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
    საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. 
    „ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, სხდომის პატივცემულო მონაწილეებო, ქალბატონებო და ბატონებო, გულითადად მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მონაწილეებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს ტრადიციული, თბილი მიღებისთვის. 

    მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს. 
    კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური