საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 ნოემბერი 2021 14:25

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც 2 წელი გაგრძელდება და ევროპის 32 ქვეყნის ნაკრებიდან 12 საუკეთესოს შეარჩევს, რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი თქმით, პირველი ფანჯრის მატჩები 25, 26, 28 და 29 ნოემბერს ჩატარდება და მათი რაოდენობა ჯამში 32 იქნება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს, თბილისში, უკრაინასთან გამართავს, ხოლო 29-ში ქალაქ ხაენში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტურნირის ორგანიზატორმა ფიბა-მ პირველი ფანჯრის 32 შეხვედრიდან განსაკუთრებით საინტერესოები გამოარჩია. ათეულში შეყვანილია ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება, რომელიც 29 ნოემბერს, ანდალუსიის დიდი ისტორიის მქონე პატარა ქალაქ ხაენში გაიმართება.

აი, რას წერს ამ მატჩის შესახებ ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი: “ეს პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი მატჩია. ესპანეთი აშკარად გადახალისების რეჟიმშია, რამდენიმე გამოცდილმა კალათბურთელმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და მათ შორის ძმები გასოლებიც არიან. ამდენად, აუცილებელია საერთაშორისო მატჩების გამოცდილება ახალგაზრდა კალათბურთელებმაც მიიღონ. უდავოა, რომ მათთვის საქართველო სერიოზული ტესტი იქნება, მითუმეტეს, რომ ამ ნაკრებს ფავორიტებთან მოგების გამოცდილება აქვს. ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მათ სტუმრად სერბეთსაც კი მოუგეს. საინტერესოა, რომ ესპანეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც შეხვდებიან, A ჯგუფის მასპინძელი კი სწორედ თბილისია”.

ისტორიულად, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს სლოვენიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ. ის მატჩი ესპანელებმა დამაჯერებლად – 83:59 მოიგეს. 

ფიბა-ს აზრით, ნოემბრის ფანჯრის დროს, საქართველო-ესპანეთის მატჩის გარდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეს მატჩები: სერბეთი-ლატვია, ხორვატია-სლოვენია, დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი, შვედეთი-ფინეთი, საფრანგეთი-მონტენეგრო, რუსეთი-იტალია, ბელარუსი-თურქეთი, პოლონეთი-გერმანია, ჩეხეთი-ლიეტუვა. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში 26 ნოემბერს ჩაერთვება, როდესაც თბილისში უკრაინას მიიღებს. ამავე დღეს ესპანელები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან. 29-ში, ესპანეთი-საქართველოს გარდა, G ჯგუფში კიდევ ერთი თამაშია: უკრაინა-ჩრდილოეთ მაკედონია. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის.

გიორგი ოთინაშვილი

წაკითხულია 210 ჯერ

Related items

  • კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

    გუშინ, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 66:79 დამარცხდა.

    თამაში ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინა საშინაო თამაშებს საკუთარ ქვეყანაში ვერ ატარებს და ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციამ საქართველოს სამასპინძლოდ რიგა შეარჩია.

    საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ილიას ზუროსის თქმით, გუნდმა უკრაინელებთან თანაბრად მხოლოდ პირველი პერიოდი ითამაშა. ამის შემდეგ კი დაიწყო შეცდომები როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

    „თამაში წავაგეთ, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, ვინაიდან წინ ესპანეთთან მატჩი გველის. აქედან გამომდინარე,  სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და ესპანეთთან მატჩამდე რეაბილიტაცია მოვახდინოთ”, - აღნიშნა ი. ზუროსმა.

    თამაშის დასრულებამდე რამოდენიმე წამით ადრე, მოედანზე პატარა ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მატჩის დასრულების შემდეგ კი უკრაინის ნაკრების ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა ილიას ზუროსს რატომღაც ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელების მისამართით უხამსი და სამარცხვინო ჟესტი გამოიყენა, რაც მისი მხრიდან ყოვლად გაუმართლებელი საქციელია.

    მომდევნო მატჩს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 4 ივლისს თბილისში ჩაატარებს და მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები: ესპანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინის ნაკრებია.

    წილისყრამ 32 ნაკრები 8 ჯგუფში გადაანაწილა. 32 ნაკრებიდან 24 მომავალი ევრობასკეტის მონაწილეა, ხოლო დანარჩენი 8 მიმდინარე თვეში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა.

    ჩატარებული 2 წრის (6 მატჩი) ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ტურნირი 24 გუნდისთვის გაგრძელდება, ხოლო მეოთხეადგილოსანი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

    კალათბურთის მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. 

    გიორგი ოთინაშვილი

  • საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე!

    წელს, პირველად, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზა!
    სულ ევროპის მინიფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებულია 42 ქვეყნის ნაკრები. რეიტინგით 23 საუკეთესო გუნდი ჩაერთო ევრო 2022-ის გათამაშებაში. საქართველოს ნაკრები, როგორც ამ ფედერაციის European Minifootball Federation ახალი წევრი, შერჩევითი ეტაპის გარეშე ჩაერთო ასპარეზობაში და დაამტკიცა ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობა!
    წელს, ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ტარდება. ქართველი ფეხბურთელების დებიუტი კი მერვედფინალში გასვლით დაგვირგვინდა.
    პირველივე თამაშის შემდეგ, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიღო ყველა ქვეყნის ნაკრებმა.
    შერკინება მერვედ ფინალში, საქართველოს ნაკრებს მასპინძლებთან, სლოვაკეთის ნაკრებთან მოუხდათ და მიუხედვად დამარცხებისა, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.
    საქართველოს ნაკრების ბირთვი FC PSP-ს ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელი და FC PSP-ს მთავარი მწვრთნელი - ბესარიონ არველაძეა.
    მადლობას ვუხდით საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს: გიორგი აფციაურს, ნიკოლოზ კოპლატაძეს, ლევან სარდანაშვილს, ლევან სვანიძეს, მიხეილ თევზაძეს, ნიკოლოზ ფხაკაძეს, ლევან კობაიძეს, გიორგი ზუნტუროვს, თეიმურაზ ექიზაშვილს, მალხაზ შამილაძეს, ოთარ ბერეჩიკიძეს, მირიან მირგატიას; გუნდის ექიმს - მამუკა კვანტალიანს; საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციასა ადა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შესაძლებლობისა და ორგანიზებისთვის.
    საქართველოს ნაკრები, ევროპის მინი ფეხბურთის სამყარომ, გაიცნო როგორც საუკეთესო და წარმატებული დებიუტანტი! მომდევნო წლებში მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

  • საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო

    24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია იუწყება.

    საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს.

    საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები კი, საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, ნაკრების საწვრთნელ პროცესში 26 მაისს ჩაერთვებიან.

    დღეს, საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

    მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი)
    დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
    ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია)

    საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა. 

    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

    მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
    დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
    ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

    საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

    2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00 

    5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45 

    9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45 

    12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00 

    23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00 

    26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

    გახდი ქართული საფეხბურთო ისტორიის თანამონაწილე - გამოიწერე საქართველოს ეროვნული ნაკრების არხები და გაიგე ყველა სიახლე პირველმა!

  • თბილისში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია იმყოფება
    FIBA ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 
    მათი თქმით, თბილისს სტუმრობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია, რომელსაც FIBA ევროპის აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს.
    FIBA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესა და იოსებ ბაღათურიასთან, ასევე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვიქტორ სანიკიძესა და ფედერაციის გენერალურ მდივანთან, გიორგი ქართველიშვილთან ერთად დაათვალიერეს ევრობასკეტისათვის აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
    კამილ ნოვაკმა დადებითი შეფასება მისცა მიმდინარე სამუშაოებს და აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ დიდი პროგრესი სახეზეა.
    „დავიწყებ იმით, რომ ბოლოს აქ ვიყავი 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ნანახი პროგრესით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არენის ნებისმიერი კონსტრუქცია არის დიდი საქმე, ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ გავდივართ პოსტ-პანდემიურ პერიოდს, რომელიც ნამდვილად უნიკალურია ისტორიაში. დიდია მისი როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადი გავლენები და როდესაც ვხედავ, რომ ასეთ გარემოებებშიც კი, ასეთ პროგრესი მიიღწევა, ნამდვილად მოხარული ვარ. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე კალათბურთის ფედერაციას და ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს, რომ უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული და აშენებული არენა არის დიდი საქმე. თუ გადავხედავთ ბოლო ორ წელიწადს, მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ვიმედოვნებ, რომ უკვე ძალიან მალე იქნება ბოლო ფაზა და ივლისის დასაწყისში დაგეგმილი ესპანეთთან კალათბურთის საკვალიფიკაციო თამაში იქნება ამ შესაძლებლობის დიდი ზეიმი, რადგან, როგორც ვიცი, ეს სასახლე იქნება სხვა ღონისძიებებისთვისაც გამოყენებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“, - აღნიშნა კამილ ნოვაკმა.
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ ახალშექმნილმა სამინისტრომ ერთი წლის წინ მოცემული სპორტული სასახლის სახით საკმაოდ მძიმე ვალდებულება გადმოიბარა, მაგრამ დღეს, პროგრესი სახეზეა და ამას მოწმობს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული დადებითი შეფასებები.
    საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება.
    აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში. მიმდინარე წლის 26 იანვარს მინისტრმა თეა წულუკიანმა მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც მინისტრის დავალებით, მშენებლობის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კვირაში ერთხელ იმართებოდა შემაჯამებელი შეხვედრები მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიას ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა ყოველკვირეული მონიტორინგი, რომლის შედეგად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშები კვირაში ერთხელ იგზავნებოდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში
  • საქართველოს 15-წლამდელთა გუნდი ევროპის სუპერფინალის სათამაშოდ ფინეთში გაემგზავრა

    2007 წელს დაბადებული რჩეული მოთამაშეების კალათბურთის 15-წლამდელთა გუნდი ფინეთში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა. ტურნირს, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს, ფინეთის ქალაქი კაარინა უმასპინძლებს. თამაშები 6 მაისს დაიწყება და ჩემპიონი 2 დღეში, 8 მაისს გამოვლინდება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციაში განუცხადეს.

    ტურნირის მონაწილენი სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვიური DSN და ფინური ესტონური “კეილა”. ორივე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში გავა, თუ არადა 7 და 8 მაისს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს ტურნირზე 5-11 ადგილების გადასანაწილებლად.

    საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ირაკლი ტომარაძე, ასისტენტი გიორგი ცინცაძე. მიმდინარე სეზონში ამ ასაკში ევროპის ლიგა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ვერ ჩატარდა. საქართველო 2007-ს თამაშები არ ჩაუტარებია და სეზონის დასკვნით ტურნირზე სხვა გამორჩეულ გუნდებთან ერთად ქართველი 15-წლამდელებიც მიიწვიეს. 

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური