საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 ნოემბერი 2021 14:25

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც 2 წელი გაგრძელდება და ევროპის 32 ქვეყნის ნაკრებიდან 12 საუკეთესოს შეარჩევს, რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი თქმით, პირველი ფანჯრის მატჩები 25, 26, 28 და 29 ნოემბერს ჩატარდება და მათი რაოდენობა ჯამში 32 იქნება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს, თბილისში, უკრაინასთან გამართავს, ხოლო 29-ში ქალაქ ხაენში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტურნირის ორგანიზატორმა ფიბა-მ პირველი ფანჯრის 32 შეხვედრიდან განსაკუთრებით საინტერესოები გამოარჩია. ათეულში შეყვანილია ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება, რომელიც 29 ნოემბერს, ანდალუსიის დიდი ისტორიის მქონე პატარა ქალაქ ხაენში გაიმართება.

აი, რას წერს ამ მატჩის შესახებ ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი: “ეს პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი მატჩია. ესპანეთი აშკარად გადახალისების რეჟიმშია, რამდენიმე გამოცდილმა კალათბურთელმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და მათ შორის ძმები გასოლებიც არიან. ამდენად, აუცილებელია საერთაშორისო მატჩების გამოცდილება ახალგაზრდა კალათბურთელებმაც მიიღონ. უდავოა, რომ მათთვის საქართველო სერიოზული ტესტი იქნება, მითუმეტეს, რომ ამ ნაკრებს ფავორიტებთან მოგების გამოცდილება აქვს. ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მათ სტუმრად სერბეთსაც კი მოუგეს. საინტერესოა, რომ ესპანეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც შეხვდებიან, A ჯგუფის მასპინძელი კი სწორედ თბილისია”.

ისტორიულად, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს სლოვენიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ. ის მატჩი ესპანელებმა დამაჯერებლად – 83:59 მოიგეს. 

ფიბა-ს აზრით, ნოემბრის ფანჯრის დროს, საქართველო-ესპანეთის მატჩის გარდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეს მატჩები: სერბეთი-ლატვია, ხორვატია-სლოვენია, დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი, შვედეთი-ფინეთი, საფრანგეთი-მონტენეგრო, რუსეთი-იტალია, ბელარუსი-თურქეთი, პოლონეთი-გერმანია, ჩეხეთი-ლიეტუვა. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში 26 ნოემბერს ჩაერთვება, როდესაც თბილისში უკრაინას მიიღებს. ამავე დღეს ესპანელები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან. 29-ში, ესპანეთი-საქართველოს გარდა, G ჯგუფში კიდევ ერთი თამაშია: უკრაინა-ჩრდილოეთ მაკედონია. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის.

გიორგი ოთინაშვილი

წაკითხულია 180 ჯერ

Related items

  • თბილისში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია იმყოფება
    FIBA ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 
    მათი თქმით, თბილისს სტუმრობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია, რომელსაც FIBA ევროპის აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს.
    FIBA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესა და იოსებ ბაღათურიასთან, ასევე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვიქტორ სანიკიძესა და ფედერაციის გენერალურ მდივანთან, გიორგი ქართველიშვილთან ერთად დაათვალიერეს ევრობასკეტისათვის აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
    კამილ ნოვაკმა დადებითი შეფასება მისცა მიმდინარე სამუშაოებს და აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ დიდი პროგრესი სახეზეა.
    „დავიწყებ იმით, რომ ბოლოს აქ ვიყავი 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ნანახი პროგრესით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არენის ნებისმიერი კონსტრუქცია არის დიდი საქმე, ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ გავდივართ პოსტ-პანდემიურ პერიოდს, რომელიც ნამდვილად უნიკალურია ისტორიაში. დიდია მისი როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადი გავლენები და როდესაც ვხედავ, რომ ასეთ გარემოებებშიც კი, ასეთ პროგრესი მიიღწევა, ნამდვილად მოხარული ვარ. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე კალათბურთის ფედერაციას და ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს, რომ უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული და აშენებული არენა არის დიდი საქმე. თუ გადავხედავთ ბოლო ორ წელიწადს, მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ვიმედოვნებ, რომ უკვე ძალიან მალე იქნება ბოლო ფაზა და ივლისის დასაწყისში დაგეგმილი ესპანეთთან კალათბურთის საკვალიფიკაციო თამაში იქნება ამ შესაძლებლობის დიდი ზეიმი, რადგან, როგორც ვიცი, ეს სასახლე იქნება სხვა ღონისძიებებისთვისაც გამოყენებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“, - აღნიშნა კამილ ნოვაკმა.
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ ახალშექმნილმა სამინისტრომ ერთი წლის წინ მოცემული სპორტული სასახლის სახით საკმაოდ მძიმე ვალდებულება გადმოიბარა, მაგრამ დღეს, პროგრესი სახეზეა და ამას მოწმობს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული დადებითი შეფასებები.
    საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება.
    აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში. მიმდინარე წლის 26 იანვარს მინისტრმა თეა წულუკიანმა მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც მინისტრის დავალებით, მშენებლობის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კვირაში ერთხელ იმართებოდა შემაჯამებელი შეხვედრები მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიას ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა ყოველკვირეული მონიტორინგი, რომლის შედეგად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშები კვირაში ერთხელ იგზავნებოდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში
  • საქართველოს 15-წლამდელთა გუნდი ევროპის სუპერფინალის სათამაშოდ ფინეთში გაემგზავრა

    2007 წელს დაბადებული რჩეული მოთამაშეების კალათბურთის 15-წლამდელთა გუნდი ფინეთში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა. ტურნირს, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს, ფინეთის ქალაქი კაარინა უმასპინძლებს. თამაშები 6 მაისს დაიწყება და ჩემპიონი 2 დღეში, 8 მაისს გამოვლინდება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციაში განუცხადეს.

    ტურნირის მონაწილენი სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვიური DSN და ფინური ესტონური “კეილა”. ორივე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში გავა, თუ არადა 7 და 8 მაისს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს ტურნირზე 5-11 ადგილების გადასანაწილებლად.

    საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ირაკლი ტომარაძე, ასისტენტი გიორგი ცინცაძე. მიმდინარე სეზონში ამ ასაკში ევროპის ლიგა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ვერ ჩატარდა. საქართველო 2007-ს თამაშები არ ჩაუტარებია და სეზონის დასკვნით ტურნირზე სხვა გამორჩეულ გუნდებთან ერთად ქართველი 15-წლამდელებიც მიიწვიეს. 

  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

    ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც -90კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. აქამდე მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და ორივე -81კგ წონით კატეგორიაში. ახალ წონაში მან კონტინენტის პირველობაზე პირველად იასპარეზა და გამარჯვებულიც გახდა.

    გურამ თუშიშვილს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა +100კგ-ში მესამედ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ნახევარფინალში შეცდომა წაგებად დაუჯდა და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

    ამავე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც -100კგ-ში განთესილთა შორის იყო და პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ რვა საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში და რეპეშაჟში შეხვედრები წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

    ილია სულამანიძემ და სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს და მედლებისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელეს.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მეორე - ნიდერლანდებმა.

  • ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

    საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოფიის ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ექვსი მედალი მოიპოვა, მათ შორის, ორი მედალი გოგონათა ნაკრებზე მოდის. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, გარდა ამისა, ასევე ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა - გორ აივაზიანმა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეძლო საქართველოს ჰიმნის აჟღერება, დემურ ქაჯაიამ კი - 63,5 კგ წონაში.

    თათია ბუკიამ (75 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, თამარ სამელიამ (48 კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი. ასევე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს გოჩა გორდულავამ ( 60 კგ) და საბა კვინიკაძემ (75 კგ).

  • შერმადინის კარგი თამაში თოფაშთან და ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია

    ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, გ. შერმადინის გუნდმა, „ლენოვო ტენერიფემ“ მეოთხედფინალური სერია თურქულ „თოფაშს“ 2:0 მოუგო. მართალია, კუნძულელებმა ორივე შეხვედრაში გაიმარჯვეს, მაგრამ წარმატება იოლად არ მოსულა – ესპანელებმა პირველი მატჩი 78:77 მოიგეს, მეორე – 74:73. ორივე შემთხვევაში სხვაობა მინიმალური იყო.

    ისევე როგორც სხვა დანარჩენ მატჩებში, თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. მან 26 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. მეორე დაფარება მას მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე ჰქონდა, მაშინ, როცა „ტენერიფე“ 72:70-ს იგებდა. მატჩი ლოგიკურად რომ დასრულებულიყო, თუნდაც დაფარების გამო გიორგი შეხვედრის გმირი გახდებოდა. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბურთი მოედნის კიდიდან „ტენერიფეს“ კალათბურთელებმა გამოიტანეს, მას თოფაშელები დაეუფლნენ და სამქულიანით 73:72 დაწინაურდნენ. შერმადინის თანაგუნდელებს რჩებოდათ ერთი შეტევა და 11 წამი. ბურთი 38 წლის ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა მიიღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი – „ტენერიფეს“ შორეული ორქულიანით 74:73 მოაგებინა. მატჩის ბომბარდირი სწორედ მარსელინიო გახდა. მან 15 ქულას 7 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

    ჩემპიონთა ლიგას არ ეხება, მაგრამ შერმადინი დღეს ესპანეთის 28-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუმცა კიდევ 2 მოთამაშესთან ერთად. დიახ, ტურის MVP-ის ტიტული სამმა კალათბურთელმა გაიყო – ბარსელონელმა დანტე ეგზუმმა, ხუვენტუდელმა ანტე ტომიჩმა და გიორგი შერმადინმა. ამ ტიტულითა და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის საგზურის მოპოვებით, შერმადინმა ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა თავის გამზრდელ მწვრთნელს, ცნობილ ტელეჟურნალისტსა და წამყვანს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს, რომელიც 13 აპრილს 78 წლის შესრულდა. 

    ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი, რომლის 4 მონაწილე ცნობილია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიმართება. ესპანურმა გუნდებმა – ტენერიფემ და მანრესამ, ასევე ებრაულმა ჰოლონმა მეოთხედფინალური სერიები 2:0 მოიგეს, გერმანული ლუდვიგსბურგისა და რუმინული კლუჟ-ნაპოკას წყვილში კი 13 აპრილს სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური