თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021 11:25

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე  და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები.

დღესვე, გენერალ-მაიორი დევიდ ტაბორი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ  მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა.

წაკითხულია 187 ჯერ

Related items

  • აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

    14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მათ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

    გმირთა მემორიალთან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

    საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

  • თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილეს უმასპინძლა
    საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდდანიშნული მოადგილე იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანსა და დელეგაციის წევრებს წლების განმავლობაში ქართული მხარისთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებების ჩატარების მიმართულებით აშშ-ის არმიის დახმარება და ჩართულობა, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის განსაკუთრებული პარტნიორობა.
    შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა.
  • თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოჯისტიკური ტექნიკა გადასცა (ვიდეო)

    ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა.

    ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოჯისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.

    ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.

    ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

  • 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა
    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    საველე კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.
    მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ქვედანაყოფს მხარს უჭერდნენ ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზირებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები. სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები მი-24 და იროკეზის (UH1) ტიპის ვერტმფრენები. სწავლების მიზანი ბრიგადის შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებაა.
    სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ საველე კომპონენტის გამოყენებით (CPX/CAX/LIVEX) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დაკვეთით და გენერალური შტაბის, დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ტარდება. წვრთნებში მონაწილეობენ დასავლეთის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები.
    სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება.
    ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.
  • ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას და ჰუმანიტარული სიტუაციის აღდგენას

    თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქარ-შოიგუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულო დაძაბულობა იქნა განხილული.

    ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მნიშვნელობას ჰუმანიტარული სიტუაციის აღდგენისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის აუცილებლობაზე, პირველ რიგში, მარიუპოლიდან, ხმელეთით ან ზღვით.

    მინისტრმა აქარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისთვის ყველა გზას იყენებს, გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას აკეთებდა ადრე.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, უკრაინაზე სამხედრო ინტერვენცია მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური