სახალხო დამცველი მოითხოვს მ. სააკაშვილის ჩართვას მისივე ბრალდების სასამართლო განხილვებში

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021 11:05

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო განხილვებში, უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელიც სასამართლომ დამატებითი კრიტიკული მსჯელობის გარეშე გაიზიარა.

სასამართლოში ბრალდებულის მიყვანაზე უარის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა (1) მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და (2) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ აბსტრაქტულად იმაზე მითითება, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად. ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. უფრო მეტიც, კანონმდებლობა განიხილავს მსგავს შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლსაც და ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში ბრალდებულის გადაყვანის პროცესში სამედიცინო მუშაკის თანხლებას მოითხოვს.[1]

რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბადრაგირება ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად საერთო სასამართლოების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას.[2]

ამასთან, კანონმდებლობა არ იცნობს პენიტენციური სამსახურის მხრიდან რომელიმე საქმის გამოძიების გამო ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა[3] 10 წელს შეადგენს. ამრიგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესზე მითითება პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაძლებელია კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს, რაც ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნებოდა.

დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხები მკაფიოდ უნდა განიმარტოს და შეესაბამებოდეს აუცილებლობის (necessity) კრიტერიუმებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც არის ნაკლებად მზღუდავი და გამოიყენონ ყველაზე ნაკლებად მკაცრი შესაძლებლობა, რომელიც უსაფრთხოების საფრთხეებს აკმაყოფილებს.[4] სამართლიანი სასამართლოსა და საჯარო მოსმენის გარანტიები დარღვეულად არის მიჩნეული, როდესაც ეროვნული სასამართლო არ განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლებდა სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატი უსაფრთხოების რისკების გამკლავებას.[5]

ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიცია ვერ გადაწონის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც სხვა გარანტიებს შორის მოიცავს ბრალდებულის უფლებას პირადად და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის ზეპირ, საჯარო განხილვაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის უზრუნველყოფით.

სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგენა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი გარანტიებით. ასევე, მიმართავს სასამართლოს, სამივე მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში მისცეს ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.


[1]„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015 წ. N149 ბრძანება, დანართი N1, 37-ე მუხლი.

[2]„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015 წ. N149 ბრძანება, დანართი N1, მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი,

[3] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი, 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი.

[4] რიეპანი ავსტრიის წინააღმდეგ, 35115/97, პარა, 28-29; კრესტოვსკი რუსეთის წინააღმდეგ, 14040/03, პარა. 29;

[5] კრესტოვსკი, 29-30; ლუჩანინოვა უკრაინის წინააღმდეგ, 16347/02, 56-57.

წაკითხულია 271 ჯერ

Related items

  • ტრენინგები ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქალთა უფლებებზე

    2022 წლის სექტემბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფიო რუსეცკიმ და ანა ლობჟანიძემ ფემიციდის ეთიკურად გაშუქების და ქალთა საკითხების ადვოკატირების საკითხებზე შეხვედრები გამართეს იმერეთსა და სამეგრელოში. ამის შესახებ სახალხო დამცველის ადმინისტრაცია იტყობინება.

    13 სექტემბერს, ქუთაისში ადგილობრივი ტელე, რადიო და ონლაინ გამოცემის წარმომადგენლებისთვის გამართულ ტრენინგზე ანა ლობჟანიძემ მედიაში გენდერული საკითხების ეთიკურად გაშუქების პრინციპებზე, გენდერულად მგრძნობიარე ენის მნიშვნელობასა და სექსიზმის გავლენაზე ისაუბრა და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენების მაგალითები განიხილა. დიდი ყურადღება დაუთმო ფემიციდის ეთიკურად გაშუქების სტანდარტებსაც, როგორიცაა, მასალის გაშუქების ფოკუსი, სავარაუდო მსხვერპლის/მოძალადის იდენტიფიცირება და ვიზუალური მასალის გამოყენების ეთიკური მხარე. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ.

    14 და 16 სექტემბერს ანა ლობჟანიძემ და სოფიო რუსეცკიმ ქალთა საკითხების ადვოკატირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს ქუთაისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

    საქართველოში ქალთა უფლებების ადვოკატირებისა და უწყვეტი მონიტორინგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არასამთავრობო სექტორის აქტიურობას და მათ ჩართულობას. გარდა ამისა, განუზომელად დიდა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაში. შესაბამისად, სამუშაო შეხვედრის ჩატარება მიზნად ისახავდა რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას ადვოკატირების კამპანიებზე და ანგარიშგების პროცედურებსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე განიხილეს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) მნიშვნელობა, ანგარიშების წარდგენის მექანიზმები და პროცედურები. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან.

    შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით.

  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის განსაზღვრის თაობაზე რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის დროებით წესს ითვალისწინებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის და მიხეილ სარჯველაძის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა და კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილების არსი გააცნო. 

    მისი განმარტებით, დროებითი წესი უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობას.

    პროექტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაც განსაზღვრულია 9 წევრით და რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა.

    „ცვლილება უკავშირდება თორმეტპუნქტიანი გეგმის მეთორმეტე პუნქტს, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენასა და არჩევას სახალხო დამცველის თანამდებობაზე. ამასთან დაკავშირებით, წარიმართა მუშაობა ჩვენი მხრიდან და ევროპული სტრუქტურების, მათ შორის ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის და სხვა სტრუქტურების სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით მომზადდა ისეთი წესი, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სრულფასოვნად აღნიშნული მიზნის მიღწევას, იმავდროულად წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ინიციატივა გულისხმობს ორ ეტაპად პროცედურების დარეგულირებას. ერთი არის რეგლამენტში ცვლილების შეტანა, სადაც გაიწერება კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება სახალხო დამცველი და მეორე - გაჩნდება საფუძველი რომ ერთჯერადად, ამ კონკრეტულ არჩევნებთან დაკავშირებით პროცესი დარეგულირდეს თავმჯდომარის ბრძანების მეშვეობით“, - განაცხადა მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე.

  • სახალხო დამცველმა ბათუმში დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების დროებითი საგამონაკლისო წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

    საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული დროებითი რეგულაცია სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

    პარლამენტმა 2022 წლის 23 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.

    სადავო რეგულირებით, 2027 წლამდე ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა.

    განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

    სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითიც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო.

    გასაჩივრებული წესი დასაშვებად მიიჩნევს ბათუმში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს სწორი ქალაქგეგმარებისთვის, რეკრეაციული და საჯარო სივრცეებისა შენარჩუნებისთვის.

    წლების განმავლობაში აქტიური, ქაოტური და სპონტანური მშენებლობების შედეგად სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის აუცილებლია ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმება, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს.[1] განაშენიანების გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას.

    მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანის თავიან არიდების მიზნით, კონსტიტუციური სარჩელით ასევე ვითხოვთ, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

  • სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგი სხდომა გამართა.

    დღეს ჯგუფის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა.

    „პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა არჩევის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეეხებოდა. ჯგუფის წევრები შევთანხმდით, რომ პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების არჩევისთვის მიზანშეწონილია პარლამენტის რეგლამენტში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას. შევთანხმდით კიდევ ერთ საკითხზე, რომლის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს ისარგებლებს შესაძლებლობით კონკრეტული კანდიდატების მხრიდან მოისმინოს მათი ხედვა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

    მისი თქმით, დღეს განხილული ოთხი საკითხიდან ორ მათგანზე შეთანხმება ამ ეტაპისთვის ვერ შედგა, თუმცა მათზე მსჯელობა სხვა საკითხებთან ერთად შემდეგ შეხვედრებზე გაგრძელდება.

    „შემდეგი საკითხი შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, იქნება ეს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, ზედიზედ ორჯერ არჩევის საკითხს. რეგულაცია, რომელიც საბჭოს წევრს უზღუდავდა შესაძლებლობას ზედიზედ მეორედ მიეღო მონაწილეობა კონკურსში და არჩეული ყოფილიყო მეორე ვადით, ჩვენ შევცვალეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა და კონკრეტული ცოდნის მქონე პირს არ ჰქონოდა არანაირი შეზღუდვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფში ვერ შევჯერდით. ჩვენი პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიას არ უთქვამს და ეს არის ფაქტი, რომ ეს წესი უნდა გადაიხედოს და უნდა დაბრუნდეს ძველი წესი, სადაც ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იყო განსაზღვრული. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კი მიაჩნდათ, რომ მართალია ეს ასეა, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ამ საკითხის გადახედვა. ასევე, ვერ შევაჯერეთ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარალელურად იყვნენ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეები. ამასთან დაკავშირებითაც, ჩვენი პოზიციაა, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებიც სასამართლოს შიგნით ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე იქნებიან არჩეული, არანაირი ვალდებულება არ აქვთ დატოვონ კონკრეტული თანამდებობა. პირიქით, ეს უნდა იყოს მოქნილი მექანიზმი იმისთვის, რომ სასამართლოში მოსამართლეებს ჰქონდეთ ნაკლები შეზღუდვები. ამ შემთხვევაშიც სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაა, რომ მართალია, არსებობს ასეთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც არავის ავალდებულებს, რომ აუცილებლად საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უნდა დატოვოს მაგალითად, სასამართლოს ან პალატის თავმჯდომარის პოზიცია, თუმცა აქაც ისინი საუბრობენ კონტექსტზე, რაც უნდა იყოს მხედველობაშია მიღებული. ჩვენ ვმოქმედებთ და ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ქართული მართლმსაჯულება, ქართული საკანონმდებლო სივრცე ვერ იქნება ისეთი საცდელი ობიექტი, რომელიც არავითარ გამოცდილებას არ ეფუძნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

    სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

  • სახალხო დამცველი იოსებ გოგაშვილის განცხადებებს ეხმიანება

    საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

    იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს (https://bit.ly/3zONri8), რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით (https://bit.ly/3wmVYbd), იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც გასაუბრება მოხდა.

    საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.

    სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად,[1] სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

    დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური