ქართველი სპორტსმენი ნ. ეგაძე ჩელენჯერის სერიის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021 11:37
ავსტრიის ქალაქ გრაცში ,11-14 ნოემბრის ჩათვლით ,მიმდინარეობდა ჩელენჯერის სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სენიორების კატეგორიაში მონაწილე 18 ქვეყნის 27 მოციგურავე მამაკაცს შორის ასპარეზობდა ქართველი სპორტსმენი ნიკა ეგაძე, რომლისთვისაც ავსტრიის თასი, ამ სეზონზე ,ყაზახეთისა და ლატვიის ტურნირების შემდეგ ,მესამე საერთაშორისო სტარტი იყო. ტურნირი წარმომადგენლობითი აღმოჩნდა თავისი შემადგენლობით, ამიტომ ქართველ მოციგურავეს ასპარეზობა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში მოუხდა ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ესტონეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, კანადისა თუ სხვა რეიტინგული ქვეყნების უკვე გამოცდილ სპორტსმენებთან. ნიკამ ღირსეულად გაართვა თავი საკმაოდ რთულ, ტექნიკური ელემენტებითა და ოთხმაგი ნახტომებით დატვირთულ პროგრამას და ორი პროგრამის ჯამში მოპოვებული 227.57 ქულით ჩელენჯერის სერიის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რაც მის სპორტულ კარიერაში, სენიორების კატეგორიაში მიღწეული ყველაზე მაღალი შედეგია. ნიკა ეგაძემ, მიღებული სერიოზული ტრავმის გამო, წინა სეზონზე ვერ მიიღო მონაწილეობა ვერცერთ ტურნირზე, მაგრამ ქართველმა სპორტსმენმა , მწვრთნელ ეთერ თუთბერიძესთან ერთად, დიდი შრომისა და ინტენსიური ფიზიკური მომზადების წყალობით შეინარჩუნა სტანდარტის შესაბამისი სპორტული ფორმა და ახალ სეზონს მომზადებულად შეხვდა, რისი დასტურიც ნიკას ესოდენ დიდი წარმატება და მოპოვებული გამარჯვებაა ავსტრიის თასზე.
ნიკა ეგაძე ბათუმის სპორტული ცენტრის აღზრდილია, მისი პირველი წარმატება სწორედ ამ ცენტრში, მის პირველ მწვრთნელ ლელა ჩოფიკაშვილთან ერთად მიღწეულ შედეგებს უკავშირდება და ალბათ, , სიმბოლურიცაა, რომ ნიკას დღევანდელი წარმატება 2015 წელს , სწორედ 14 ნოემბერს , სლოვენიის ქალაქ ცელიეში მიღწეულ მის პირველ გამარჯვებას დაემთხვა, სადაც იგი ჯერ კიდევ ნოვისებს შორის ასპარეზობდა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ქალბატონი მარიამ გიორგობიანი ულოცავს ქართველ სპორტსმენს ამ დამსახურებულ გამარჯვებას და დარწმუნებულია, რომ ნიკა კიდევ არაერთ გამარჯვებას მიაღწევს ჩვენი ქვეყნის სასახელოდ.
ავთანდილ ოთინაშვილი
წაკითხულია 394 ჯერ

Related items

  • დავით ლომიტაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი მოიპოვა, დავით ქარელმა კი - ბრინჯაოსი

    ბანსკა-ბისტრიცას (სლოვაკეთი) XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველი მედლები მოიპოვეს. წარმატებას მიაღწიეს ძიუდოისტმა -  დავით ლომიტაშვილმა (-55 კგ) და დავით ქარელმა  (-60 კგ). ამის შესახებ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას.

    უმსუბუქეს - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან შეუდგა. წმინდად დაამარცხა  მოლდაველი და ფრანგი მოწინააღმდეგეები, ფინალში კი აზერბაიჯანელ მურად ალიევს შეხვდა, რომელსაც ასევე იპონით მოუგო და ჩემპიონობა იზეიმა. 

    წარმატებას მიაღწია დავით ქარელმაც (-60 კგ). მომავალი მედალოსანი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. წმინდად აჯობა სომეხ და უკრაინელ თანატოლებს, მაგრამ ნახევარფინალში ნიდერლანდელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში  გააგრძელა. ქარელმა მესამე ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენა - ბრინჯაოს ფინალში იპონით დაამარცხა იტალიელი მანუელ პარლატი და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. 

    100 მეტრ გულაღმა ცურვაში მე-4 ადგილი დაიკავა და სამწუხაროდ მედლამდე სულ ცოტა  დააკლდა ნოე ფანცხავას.

    დღესვე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ჯულიეტა როდონაიას (-48 კგ), მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ოქროს ქულით დამარცხდა ბრიტანელ მეტოქესთან.

    ბადმინტონში ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა გიორგი მჟავიამ - ალბანელი მეტოქე 21-10, 21-8 დაამარცხა. სამწუხაროდ, დამარცხდა მისი თანაგუნდელი ელისაბედ ზუმბულიძე.

    ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე მრავალჭიდში 70.850 ქულით 57-ე იყო, გეგა კასრაძემ თავისი დაგეგმილი პროგრამა შეასრულა- სამ იარაღზე იასპარეზა, მაგრამ სამწუხაროდ კვალიფიკაცია ვერ გაიარა.

    იასპარეზეს მძლეოსანებმაც. ლუკა ზანაძემ ბირთვის კვრაში 15,61 მეტრით მეხუთე ადგილი დაიკავა, უროს ტყორცნაში ნოდარ კახელაშვილმა 53,02 მეტრით მე-9 იყო, ხოლო ქეთევან მამალაძემ ბადროს ტყორცნაში 32,35 მეტრით საკუთარი შედეგი კი გააუმჯობესა, მაგრამ მე-13 ადგილით დაასრულა გამოსვლა.

    დღეს იასპარეზეს ჩვენმა ველოსპორტსმენებმა, ნიკოლოზ ცირეკიძემ 51-ე ადგილი დაიკავა, გიორგი მარსაგიშვილმა 69-ე, ნიკა ფირანიშვილმა კი 85-ე.

    ჩოგბურთში პირველ წრეში 3-6, 2-6 დამარცხდა ანასტასია პონომარიოვა/ნიკოლოზ გურგენიძის წყვილი.

  • ქართველებმა პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს(ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლების გუნდი ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში მიმდინარე „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ში მონაწილეობას წარმატებით განაგრძობს. ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვეს.

    პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, კობა კობახიძე ძალისმიერ წოლჭიმში, 120 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. კობა კობახიძეს სხვა არაერთი საერთაშორისო სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული.
    პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიგა ბერიაშვილი. მან ძიუდოში, 66 კგ წონით კატეგორიაში, ყველა მეტოქეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
    ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდს „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ზე 4 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
    შსს-ს პრეს-სამსახური
     

  • 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

    საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებისთვის ლეონის (მექსიკა) მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა (134, 138, 140) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე წარმატებით გაუმკლავდა აკვრაში შეკვეთილ წონებსაც (166, 170, 177) და ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა. თაბაგარმა ჩემპიონობა მოიპოვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 317 კილოგრამით და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

    ერთი დღით ადრე სამი ვერცხლის მედალი ერგო ნიკოლოზ ესართიას (89 კგ).

    შესაბამისად,  საქართველოს ნაკრებმა ლეონის მსოფლიო ჩემპიონატი სამი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედლით დაასრულა.

  • ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონია!

    ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეს ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ხუთ-ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ კონტინენტის საუკეთესო ძალოსანი გახდა.

    ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა - 208, 212 და 217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

    წარმატებით შეუდგა  გამოსვლას აკვრაშიც. პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი დაიმორჩილა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა დაიბევა. მეორე მისვლაზე 253 კილოგრამი შეუკვეთა და... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წონა ვერ დაიმორჩილა, შემდეგ კი უარი თქვა მესამე მისვლაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მოეპოვებინა ოქროს მედალი.

    რა თქმა უნდა, ოქროს მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 462 კილოგრამით.

    გასათვალისწინებელია, რომ მომავალმა ტრიუმფატორმა ოქროს მედლები ტრავმირებულმა მოიპოვა.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2  ბრინჯაოს მედლით დაასრულა, აქედან ერთი ბრინჯაო ქალთა ნაკრებზე მოდის.

  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

    ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც -90კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. აქამდე მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და ორივე -81კგ წონით კატეგორიაში. ახალ წონაში მან კონტინენტის პირველობაზე პირველად იასპარეზა და გამარჯვებულიც გახდა.

    გურამ თუშიშვილს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა +100კგ-ში მესამედ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ნახევარფინალში შეცდომა წაგებად დაუჯდა და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

    ამავე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც -100კგ-ში განთესილთა შორის იყო და პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ რვა საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში და რეპეშაჟში შეხვედრები წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

    ილია სულამანიძემ და სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს და მედლებისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელეს.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მეორე - ნიდერლანდებმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური