თბილისს UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების წევრის სტატუსი მიენიჭა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021 12:39

თბილისის მერიის ინიციატივით, UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის განხილვის შედეგად, თბილისი იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნული სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ატარებს. ამჯერად კი ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი უდიდესი შემოქმედებითი ქსელის წევრი გავხდით. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის უდიდესი გამოწვევების, ინოვაციური ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის წლები იქნება. ეს ჩვენს თანამედროვე არტისტებს, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებსა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისა და თბილისის, როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბის, პოზიციონირების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.    
თბილისის მერიის მიერ ქსელში გაწევრიანებისთვის წარდგენილი აპლიკაციის თანახმად, ოთხწლიანი პროგრამა გააერთიანებს ციფრული ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მხატვრობის, მულტიმედიური ხელოვნების, ვიდეოთამაშების შექმნის, ინტერაქტიული მედიისა და სხვა ინოვაციურ პროექტებს.
თბილისთან ერთად, ქსელის წევრი მსოფლიოს კიდევ 48 ქალაქი გახდა. მათ შორისაა ბათუმი, რომელიც პროექტს მუსიკის მიმართულებით განახორციელებს.
იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელი 2004 წლიდან არსებობს და ამჟამად, აერთიანებს მსოფლიოს 90 ქვეყნის 295 ქალაქს, რომლებიც მედიახელოვნების, მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასტრონომიის, დიზაინის, ფოლკლორისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით, პროექტებს ახორციელებენ.

წაკითხულია 104 ჯერ

Related items

  • თბილისში გაიმართა უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელების და აქტივისტების შეხვედრა

    გუშინ თბილისში გაიმართა უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელების და აქტივისტების გაფართოებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა რუსეთისგან მომავალი სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან აცილების საკითხების განხილვას. 

    ექსპერტები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება და შედგეს ზეპარტიული კონსენსუსი საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიიღეს საგანგებო, ერთობლივი, განცხადება-მანიფესტი.

    განცხადების თანახმად:

    საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული არჩევანი - იყვნენ დამოუკიდებელი და თვითონ მართონ საკუთარი ბედი - კიდევ ერთხელ დადგა რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. დასავლეთის მიმართ გამოთქმული ულტიმატუმის სახით კრემლი პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთის გავლენის და დიქტატის ქვეშ ხედავს.

    აღნიშნული მუქარა პირდაპირ შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც სამხედრო პროვოკაციების, ასევე ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საშიშროებას, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტის შეზღუდვით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტით ემუქრება.

    აღნიშნული საფრთხის სიმძიმიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ:

    მიუღებელია ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება, ამ დაპირისპირებაში ქვეყნის რესურსის გაფლანგვა და ის დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
    ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული ზეპარტიული კონსენსუსი, საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.
    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაევალოს სასწრაფო ნაბიჯების განხორციელება მოსალოდნელი სამხედრო კრიზისის საპასუხოდ, როგორც სამხედრო/თავდაცვის, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სხვა ძირითად სფეროში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, კავშირგაბმულობა, ფინანსები და აშ.
    დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სრულფასოვანი უსაფრთხოების ზოლისა და სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს მიმდებარე ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სპეციალური ზომების გატარებას და მუდმივი პატრულირების დაწესებას, ასევე მუდმივი თვალთვალისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნას.
    აღნიშნული გეგმებისა და ნაბიჯების სწრაფი განხოციელების მიზნით, აუცილებელია მოქმედებათა მუდმივი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ უწყებებს შორის, მათ შორის ცენტრსა და რეგიონებში საჭირო მარაგების (სამხედრო და არასამხედრო) შექმნის მიზნით.
    მთავრობამ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გადაუდებელი გეგმების განხილვა და დამტკიცება საქართველოსთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად, მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
    საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ უნდა დაევალოთ, სასწრაფო წესით დაიწყონ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინაშე არსებული რუსული სამხედრო საფრთხის განხილვა და დახმარების აღმოჩენის გზების შეთანხმება.
    რუსული აგრესიის შესაკავებლად გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივ რეჟიმში უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია და უნდა მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება.
    დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოპტიმალური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით უსაფრთხოების სფეროს რეფორმაზე ერთობლივი მუშაობა, უსაფრთხოების სფეროში შემავალი დარგების ექსპერტთა აქტიური მონაწილეობით. ამ მხრივ, უზომოდ დიდია პარლამენტის განხილვის, ზედამხედველობის და მონიტორინგის როლი აღნიშნული სისტემის შექმნაში.
    ამ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საზოგადოებას არ აქვს უფლება ინერტულად ადევნოს თვალი ქართული სახელმწიფოებრიობის შეზღუდვის მცდელობას. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ მოვთხოვოთ ხელისუფლებას და სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, რომ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დროულად აარიდებს ამ მორიგ განსაცდელს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოხდეს მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისის როგორც შესაძლებლობის გამოყენება დასავლურ სივრცეში და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ნათქვამია ექსპერტების და აქტივისტების მიერ მიღებულ განცხადებაში.

     

  • ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და ახალგაზრდობისათვის ახალი ვებსაიტი შექმნა

    ახალ ვებსაიტზე, euneighbourseast.eu სრულადაა თავმოყრილი ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობაზე მის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან — აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან.

    აქ თქვენ იპოვით უახლეს ცნობებს, სტატიებსა და პრაქტიკულ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. საიტი რვა ენაზე — აზერბაიჯანულად, ბელარუსულად, ინგლისურად, რუმინულად, რუსულად, სომხურად, უკრაინულად და ქართულადაა ხელმისაწვდომი. EU NEIGHBOURS east-ის სარედაქციო გუნდი ყოველდღიურად ადევნებს თვალს ასზე მეტ საიტსა და ევროკავშირის პროექტს, წერს უახლეს ცნობებს და ოპერატიულად უგზავნის მათ საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერებს.

    ახალი ამბების გარდა, საიტს ყოველდღიურად ემატება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მისი წარმომადგენლობების მიერ დაფინანსებული ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა გრანტები, სტიპენდიები, სემინარები, კონკურსები და სხვა. ამ მასალის გაფილტვრა ქვეყნებისა და თემების მიხედვითაა შესაძლებელი.

    ფაქტების გვერდზე განთავსებული პრაქტიკული სტატიები ხსნიან, როგორ მუშაობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები. მათი დახმარებით თქვენ გაიგებთ, როგორაა შესაძლებელი ამ პროგრამების მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება — მაგალითად, გრანტის ან სტიპენდიის მისაღებად განაცხადის შეტანა. ისტორიების გვერდზე კი კონკრეტული მაგალითებია მოცემული!

    საიტზე განთავსებულ მასალას შორის საჭირო ინფორმაციის გაფილტვრა მარტივადაა შესაძლებელი ქვეყნის, თემის და კონკრეტული პროგრამის მონიშვნის გზით. აქვეა ხელმისაწვდომი მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა ის პროექტია თავმოყრილი, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახორციელებს. იმისთვის, რომ არაფერი გამოგეპაროთ, გამოიწერეთ ყოველდღიური საინფორმაციო ბიულეტენი. ქვეყნის, ენის და კონტენტის ტიპის არჩევის გზით, თქვენ შეგიძლიათ, საინფორმაციო ბიულეტენი საკუთარ საჭიროებებს და ინტერესებს  მოარგოთ.

    ვიდეო:  https://vimeo.com/639490963 

     

     

     

  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა

    ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

    მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ხალხის და ქვეყნის გამარჯვება. პრემიერმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათი ნდობის გასამართლებლად.
    „რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან, მხოლოდ საქმეზე ვისაუბროთ, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს, კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
    პრემიერ-მინისტრმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცესკოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხდა.

    მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატებები უსურვა წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია.
    „მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა, მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასევე, მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ის არის ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ, მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ბაქო და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები არსებობდა-კ. კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თბილისის მერიაში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
    ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
    „მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
    შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.
    „მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

  • თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლებს

    ოლიმპიადამდე მცირე ხნით ადრე, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლებს. ამის შესახებ, სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს.

    პრეს-კონფერენციაში საქართველოს მთავრობის, საწყლოსნო ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ნაკრების და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    მათი ინფორმაციით, მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ (მსოფლიო ასოციაცია) საქართველოს პირველად მიანიჭა. ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირზე მსოფლიო წყალბურთის საუკეთესო გუნდები ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში მონტენეგროსთან, იაპონიასთან და ამერიკასთან ერთად ითამაშებს, ხოლო „ა“ ჯგუფში ერთმანეთს იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან.

    მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური