„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021 16:42

30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას.

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს.

ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, გმირ პოლიციელებს გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტურისტებისგან - მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან - შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს.

მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის.

რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო - სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე. საუბარი არის ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, „ქართულ ოცნებას“ კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა. დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე - ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რაც რადიკალების უსუსურ მცდელობას, არიონ ქვეყანა, კიდევ უფრო სწრაფად დაუსვამს საბოლოო წერტილს.

დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდა და 2024 წლამდე არავითარი არჩევნები აღარ იქნება, ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ახალი დღის წესრიგი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების, ადამიანების დასაქმების, უკეთესი სოციალური დაცვის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ქვეყნის გაძლიერებული საგარეო პოზიციების დღის წესრიგი.

ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რადიკალების კუთვნილი მედიასაშუალებების სტრატეგია - ისინი პერიოდულად ხელოვნურად ქმნიან გარკვეულ თემებსა და კლიშეებს და ცდილობენ, საზოგადოება ამ თემებისა და კლიშეების გავლენის ქვეშ აცხოვრონ.

ამგვარი თემა და კლიშე თავის დროზე იყო „უნიათო ხელისუფლება“, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოხსნეს დღის წესრიგიდან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებაზე სამჯერ მეტი გზა დააგო, სამჯერ მეტი გაზი გაიყვანა, სამჯერ მეტი ბაღი და სკოლა ააშენა, სამჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება და ა.შ. ასეთივე თემა იყო ქვეყანაში „კრიმინალის თარეში“, ვიდრე არ გაირკვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითად, მკვლელობის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა.

დღეს რადიკალების კუთვნილი პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოებას ამგვარ თემად სააკაშვილი და მისი პატიმრობა მოახვიონ თავს. ჩვენ რადიკალების ამ დღის წესრიგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავყვებით.

მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი. მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე - ეს არის შეგახსენებთ, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა. შესაბამისად, სახელმწიფო მას მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი და ჩვენ ამ დღის წესრიგს აუცილებლად შევქმნით.

წაკითხულია 365 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: „ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნები დასრულდა. ნებისმიერი პარტიის განვითარებისთვის პერიოდული შიდა დემოკრატიული არჩევნები არის განვითარების მთავარი პირობა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ეს პრაქტიკა არავის დაუმკვიდრებია და არსებობენ პარტიები, რომლებსაც ბოლო 30 წელია, უცვლელი თავმჯდომარე ჰყავთ. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩატარდეს არჩევნები?! ამიტომაც არის „ოცნება“ ერთი ადამიანის პარტია!

    კანდიდატების მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ამომრჩეველს არაერთგვაროვანი განწყობა და დამოკიდებულება ჰქონდათ. ასევე, სასიამოვნო არ იყო საჯაროდ გამოტანილი პოლიტიკური კინკლაობა. თუმცა, აქ პროცესია უმთავრესი და მომავალში, დარწმუნებული ვარ, ყოველ 2-4 წელიწადში, ამ პარტიაში არჩევნები ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  კარი ღიაა და პოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს საკუთარი პოლიტიკური გზა ამ პარტიაში. 

    ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით  შეივსება!", - ნათქვამია განცხადებაში.

  • ევროპის საბჭო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში-მარია ბურიჩი

    პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

    შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.

    შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

    მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.

  • პრეზიდენტი - იმ ადამიანებმა, რომლებსაც საერთო წარსულის გამო, ძალიან დიდ პატივს ვცემ იციან, რომ ჩემი კარი ღიაა და ყველასთვის

    ეს ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი. დღეს, ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს ვაპირებდი და როცა გავიგე, რომ აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი სურვილი იყო, ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც არაერთი ბრძოლა (აქ არ ვსაუბრობ საარჩევნო ბრძოლებზე), გამივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ერთად ვებრძოდით დანაშაულებრივ და უსამართლო მიშა სააკაშვილის რეჟიმს. მე იქ ჩავედი ამ ადამიანებისთვის და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე, არ ვიცი, ვისგან მართულნი შემოვარდნილიყვნენ სასახლეში, ეს არ არის ფორმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამას სათავეში ედგნენ. 

    ის ადამიანები, რომლებსაც მე ამ ყველაფრისა და საერთო წარსულის გამო, ძალიან დიდ პატივს ვცემ, არაერთხელ მოსულან სასახლეში და იციან, რომ ჩემი კარი ღიაა, ყველას აქვს საშუალება მოითხოვოს შეხვერა და ეს ბოლო პერიოდშიც ამას მოწმობს, რომ ვხვდები ყველას და არამხოლოდ მათ, ვისთანაც ეს ბრძოლები მაქვს გავლილი და ასეც გავაგრძლებ. 

    ახლა მინდა დავუბრუნდე იმას, რისი თქმაც მინდოდა, თქვენი მეშვეობით გავაგრძელო ეს სათქმელი და ამისთვის, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

    პირველ რიგში, ვიტყვი: ვიცი, რომ ეს აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანების მიერ ორგანიზებული, მაგრამ ამას თან ახლდა სხვადახვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში. ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო პრეზიდენტზე ზეწოლა იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად იყვნენ 2007 წელს, (2007 წელს ვამბობ), რადგან ეს არის ის პერიოდი, როცა უკვე ყველაფერი მომხდარი და ყველაფერი ნათელი იყო. 

    ეს ადამიანები, რომლებიც დღეს კარიერით, თუ სხვადასხვა ფორმით მემუქრებიან და თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ მაშინ არსად არ იყვნენ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია.

    მე მაინტერესებს ეს ადამიანები სად იყვნენ 2007 წლის შემდეგ. მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს; მეორე იყო ,,ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და აღარ მინდა ახლა პერსონალური გავხადო, მაგრამ არსად არ იყვნენ და ახლა რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დადიან იქით-აქეთ. 

    ძალიან ნათელია, რომ აქ, რაღაც ერთობლივი თამაშია სხვადსხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე, მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ! მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალა, არამედ განაწესა ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. 

    ვის აწყობს ეს? რატომ არ ვკითხულობთ ამას?! სანამ ჩემთან მოვარდება აქცია, (როცა ვამბობ მოვარდნას - აქციაზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც მოდიან, მოდიოდნენ და იმედი მაქვს აქ კიდევ მოვლენ.

    რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ - ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ.

    ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით: აბა, თუ ვაჟკაცი ხარ - ჩამოდი; ხო არ ხარ ლაჩარი - ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ. იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია და მანამდეც, ამაში ვცხოვრობდით; ერთი წლის მერე, ჩვენ სრულიად გაჩერებული ვართ მიშას ირგვლივ, კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავს თავის სხვა გეგმებს, რადგან ამით პასუხი აღარ აქვს გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას და არ ვიცი, ამაში მე რა შუაში ვარ, მაგრამ  მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, არ მიცნობენ, არ ვიცი, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე (და აღარ ვამბობ, ქალზე და პრეზიდენტზე) ის ზეწოლა, რაც ხდება დღეს. ეს ბულინგი, (სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ), პირდაპირი შანტაჟი, მუქარა, დამცირება; აგერ, ჩემს კართან ,,რუსული სოფელია“ და რას ნიშნავს ეს? არცერთ ქვეყანაში, სხვაგან, პრეზიდენტის სასახლის წინ, ასეთი სოფელი, მით უფრო, ამ დაძაბულ პერიოდში არ იქნებოდა გამართული, მაგრამ ამის შესახებ სხვასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა. 

    მერე მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს, ამ ქვეყანაში ისიც ეცოდინება, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის, ვერავინ ხედავს რომ ეს ჩვენს საზოგადოებას უნდა და ჩვენი საზოგადოება, ყველაფრის მიუხედავად ამას მიიღებს - აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, ყველას ზეწოლისა და სხვასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობების მიუხედავად.

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს!

    პარლამენტში ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შესახებ დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი განმარტებით, „შიმშილობას აცხადებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“. მისივე თქმით, აღნიშნულ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით ფრაქციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო.

    „საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ყველამ ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, ბუნებრივია, გულგრილი არ დარჩენილა არც ერთი მოქალაქე და ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის მეგობრები და თანამებრძოლები, ამ ყველაფერს ვერ შევხვდით და არ შევხვდებით გულგრილად. დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და პარლამენტის კედლებს გარეთაც. გვჯერავს, რომ ჩვენს საზოგადოებას საკმარისზე მეტად აქვს შერჩენილი ადამიანობა, ჰუმანიზმი და ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილი“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

  • კახა ოქრიაშვილი: „ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება! ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, არ გვინდა ევროპა, ევროპელებმა ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონო. რა თქმა უნდა, კალაძეს არ უნდა ევროპა, რადგან როდესაც ევროპაში ვიქნებით, ხალხი კარგად იცხოვრებს და „დიდებული“ მენეჯერი კალაძე  250 000 დოლარად ვეღარ იყიდის თითო ავტობუსს, ნაცვლად 150 000 დოლარისა. მას ჯერ არ გაუცია პასუხი, როგორ მოახერხა თბილისის მერიამ, დანარჩენ ქალაქებთან შედარებით 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად ეყიდა ავტობუსები.  როგორც კი ევროპაში მოვხვდებით, კალაძე მაშინვე იძულებული იქნება, უპასუხოს მისთვის უხერხულ კითხვებს, მათ შორის,  ავტობუსებზე, შადრევანში კორუფციის შედეგად დაღუპულ ბავშვზე და სხვა უამრავ შეკითხვაზე, რომელიც „ოცნების“ მიმართ არსებობს.

    ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება. ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს", - აცხადებს კ. ოქრიაშვილი.  

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური