საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021 14:01

2021 წლის 4 ნოემბერს თბილისში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების დასრულებისთანავე მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ და გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა სანტიაგო ალონსო-როდრიგესმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც გერმანია იღებს ვალდებულებას, შემდგომი მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, განსაკუთრებით პროფესიული განათლების, კერძო სექტორის ხელშეწყობის, ენერგიისა და ენერგოეფექტურობის, მდგრადი ურბანული განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროებში.

გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციის ცნობით, განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ძალიან კარგი თანამშრომლობა უკვე თითქმის 30 წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში გერმანიამ საქართველოს მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის სფეროში 1,3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია.

სამთავრობო მოლაპარაკებები გერმანიასა და საქართველოს შორის ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2019 წლის ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მთლიანი დაფინანსება დაახლოებით 188 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 53 მილიონი ევრო მხოლოდ გრანტებია. ამას ემატება რეგიონალური თანამშრომლობისათვის გამოყოფილი თითქმის 76 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებიც, რომლებითაც დიდწილად საქართველო სარგებლობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მხარდაჭერა პროფესიული სწავლების მიმართულებით. ამისათვის გერმანია გასცემს საგრანტო სახსრებს 24 მილიონი ევროს ოდენობით KfW-ს მეშვეობით ცენტრების მშენებლობისთვის. გერმანია უკვე აფინანსებს სამშენებლო და ლოგისტიკის სფეროში მოქმედი წამყვანი ცენტრის მშენებლობას თბილისში. კიდევ ორი წამყვანი ცენტრი გაიხსნება ღვინისა და ტურიზმის სექტორებისათვის და ისინი გახდებიან წამყვანი დაწესებულებები დუალური პროფესიული განათლებისათვის. მხარდაჭერა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს მრავალი წლის განმავლობაში ღვინისა და ტურიზმის სფეროში და ასევე სხვა მიმართულებებითაც, ასევე ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული ამ ცენტრების მეშვეობით.

სამთავრობო მოლაპარაკებების დამთავრებისთანავე გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ხელი მოეწერა ფინანსურ თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტებს:

ასე, მაგალითად გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების სფეროში 5,24 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ბიომრავალფეროვნების დაახლოებით 24 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის იმპლემენტაცია.

ამ მწვანე პაკეტის განხორციელებას დაასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის განსაკუთრებული, 40 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც გამოეყო კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) სამხრეთ კავკასიაში ბუნების დაცვისათვის. ამ თანხის მეშვეობით მხოლოდ  საქართველოში ფინანსდება 12 დაცული ტერიტორია და შესაძლებელია, მათ რიცხვს კიდევ სხვა ტერიტორიებიც დაემატოს, რადგან კიდევ იგეგმება ხუთამდე დაცული ტერიტორიის შექმნა. შესაბამის ხელშეკრულებას გასულ კვირას ხელი მოაწერეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა და CNF-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა თობიას მიუნხმაიერმა.

ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ცენტრალურ სფეროშიც, რომელიც ეხება „ენერგიას“, არსებული პაკეტს დაემატა გაღრმავებული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს საპილოტე პროქტის შექმნას ახალ, მწვანე წყალბადის სფეროში. KfW-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დაგეგმარების კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა საპილოტე პროექტისათვის. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის პროგრამის განსახორციელებლად.

წაკითხულია 209 ჯერ

Related items

  • გერმანიის ფედერალური მინისტრის სვენია შულცეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში

    გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, ქალბატონი სვენია შულცე საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს, 2022 წლის 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ბატონ ლაშა ხუციშვილთან და ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ ლევან დავითაშვილთან.

    მინისტრის ვიზიტისას საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერება 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და ასევე 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისათვის. იმავე პროგრამის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 12,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება.

    საგურამოს პროფესიულ კოლეჯსა და შატო მუხრანში ვიზიტის დროს ქალბატონი მინისტრი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში დუალური პროფესიული განათლების შესახებ და გაესაუბრება სტუდენტებს. 

    განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის 30 წლიან თანამშრომლობას 2022 წელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი მიღების დროს ქალბატონ მინისტრს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა.

    განვითარების სფეროში თანამშრომლობა თავიდანვე გერმანულ-ქართული ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო. 1990-იანი წლებიდან საქართველო გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გერმანიამ 1992 წლიდან საქართველოს 1,2 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაუწია. გერმანია მხარში უდგას საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში და მისი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მაგალითად გერმანია საქართველოს დაეხმარა ელექტროენერგიის სისტემის აღდგენაში, მართლმსაჯულების, ენერგეტიკის, ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში რეფორმების განხორციელებაში, ასევე თანამედროვე მდგრადი ტყის კოდექსის შემუშავებაში.

    გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს დუალური პროფესიული განათლება. 2016 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ჩართულია პრაქტიკაზე ორიენტიერებული განათლების განვითარებაში მეღვინეობის, მშენებლობის, ტურიზმის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში. ამ პროგრამაში უკვე 13 პროფესიული კოლეჯი და 80-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს. გარდა ამისა, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (DVV International) ახორციელებს ზრდასრულთა განათლების პროგრამას და მას ამჟამად ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრი აქვს საქართველოში.

    KfW საქართველოს ქალაქების ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მრავალ პროექტს ახორციელებს, მაგალითად ბათუმში, სადაც გერმანიამ დააფინანსა სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სრული რეაბილიტაცია და გაფართოება 200.000 მაცხოვრებლისთვის.

  • თავდაცვის უწყებაში გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის წარმომადგენლები სტუმრობენ. ვიზიტის მიზანს გერმანია-საქართველოს შორის სამხედრო - პოლიტიკური დიალოგის წარმართვა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს. გერმანიის დელეგაციის წევრებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გენერალურ შტაბში უმასპინძლა, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები თავდაცვის სამინისტროში განიხილეს. 

    შეხვედრებზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარ მოქმედებებზე იმსჯელეს. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ასპექტებზეც. ქართულმა მხარემ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესებსა და თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზე. 

    აღინიშნა, რომ გერმანიის პრაქტიკული დახმარება თავდაცვის სფეროში ორ ათწლეულზე მეტია წარმატებით ხორციელდება, მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა გერმანული მხარის მნიშვნელოვან წვლილზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების საქმეში. 

    გერმანია ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი ქვეყანაა და არსებითი პაკეტის ფარგლებში სამ ინიციატივას ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია გერმანიის ფინანსურ კონტრიბუცია ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდში. 

  • საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ მხოლოდ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი

    საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    მათივე ცნობით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ.

    „გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ: https://tiflis.diplo.de/ge-ka/service/05-VisaEinreise/quarantaene-einreise/2416886?fbclid=IwAR0IWiT24mjyIBJDMmy1Ok4R3YT9PX1a7LbyLgx2625TNB6XWXIPCkvUCk0

  • პრეზიდენტმა ერდოღანმა მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს სიტყვით მიმართა

    რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ მხარეები დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის ხვდებიან. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციების შეხვედრის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: "ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიან მშვიდობაში დამარცხებული არ იქნება. კონფლიქტის გახანგრძლივება არავის ინტერესებში არ შედის".

    პრეზიდენტი ერდოღანი დოლმაბაჰჩეს ოფისში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა და თქვა: „როგორც ქვეყანა, რომელიც მრავალი ტკივილის მომსწრე გახდა თავის რეგიონში, ჩვენ ვიმუშავეთ და ვცდილობდით, მსგავსი სურათი არ განმეორებულიყო შავი ზღვის ჩრდილოეთით“.

    „ჩვენ გამოვავლინეთ სამართლიანი მიდგომა, რომელიც იცავს ორივე მხარის (რუსეთი-უკრაინის) უფლებებს, კანონებსა და სენსიტიურობას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე...  ყველასთვის სასარგებლო იქნება ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს... ვფიქრობთ, რომ შევედით იმ პერიოდში, როდესაც მოლაპარაკებებიდან კონკრეტული შედეგები უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე თქვენ აიღეთ ისტორიული პასუხისმგებლობა, როგორც დელეგაციის წევრებმა. მთელი მსოფლიო თქვენგან კარგ და სასიხარულო ამბებს ელის... პროგრესი, რომელსაც თქვენ მიაღწევთ მოლაპარაკებებზე, შესაძლებელს გახდის შემდეგ ეტაპს, კონტაქტს ლიდერების დონეზე. ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ ასეთ შეხვედრასაც“.- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

    პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კვირას სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფების შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართებოდა.

    იმავდროულად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავის ქვეყანაში პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთში გასამართ მოლაპარაკებებზე ჩვენი მინიმალური მოთხოვნა იქნება ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა და ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნა კი იქნება ცეცხლის შეწყვეტა და ამისთვის მდგრადი შეთანხმების უზრუნველყოფა.“

  • რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი შეხვედრა სტამბულში გაიმართება

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის ბოლო მოვლენები იქნა განხილული. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა როგორც რეგიონისთვის ასევე მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება დროზე უნდა მოხდეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ისინი სიტუაციის დასარეგულირებლად ყველა ზომებს მიმართავენ.

    სატელეფონო საუბრის დროს, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი შეხვედრა სტამბულში გაიმართება.

    მეორეს მხრივ, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრის სტამბოლში გამართვის საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუც.

    ჩავუშოღლუ თავის გზავნილში აღნიშნავს: „ჩვენ, როგორც თურქეთი, ვაცნობიერებთ მხარეთა ნდობის პასუხისმგებლობას.“

    ჩავუშოღლუმ ამ გზავნილის შემდეგ თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა რა, ორი ქვეყნის დიპლომატმა, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული კრიზისის ბოლო მოვლენები განიხილეს.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური