აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო
დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლი დაიბრუნა და „სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ქმნიდა ბოლო მოუღო".
აზერბაიჯანის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს 44-დღიან ომში აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, როგორც განსაკუთრებულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის მომგებიანი პარტნიორობა ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ფორმატს, ჩვენს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ხაზი გაუსვა ფაიგ გულიევმა.
ღონისძიების ოფიციალური განყოფილების დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებაში მოიყვანა.
ავთანდილ ოთინაშვილი