ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია რეგიონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ნოემბერი 2021 10:14

არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომლის შედეგად ქვეყანამ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და საიმედო მოკავშირედ. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს, ასევე იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელსაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ახალი სამშვიდობო ფორმატი - სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში გამოვიდა და ამ პროცესში აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების პროცესის დასაწყებად. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

წაკითხულია 137 ჯერ

Related items

  • უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში ნებისმიერ მომენტში შეჭრის საფრთხე გრძელდება, მაგრამ მათ არ აქვთ ვარაუდი, ეს როდის მოხდება.

    „ჩვენ ვერ ვკითხულობთ (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ) პუტინის აზრებს."- თქვა ფსაკიმ.

    მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მზადყოფნაშია ყველა სახის სცენარისთვის და დაამატა: „ჩვენთვის სასურველი გზა დიპლომატიაა, მაგრამ ვხედავთ, რომ სასაზღვრო რეგიონში აქტიურობა გაიზარდა“.

    ფსაკის თქმით, ბაიდენის ამჟამინდელი აქცენტი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზეა გამახვილებული. „დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, ბაიდენს არ აქვს განზრახვა ან სურვილი უკრაინაში ჯარების გაგზავნის“.-აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

    იმავდროულად, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა სანქციები დაუწესოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

    ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვებს დედაქალაქ ვაშინგტონში მცირე საწარმოში ვიზიტისას უპასუხა.

    ჟურნალისტის შეკითხვას „დაუწესებთ თუ არა სანქციებს პუტინს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება?“ ბაიდენმა უპასუხა „დიახ“.

    აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 8500 ამერიკელი ჯარისკაცი მზადყოფნაშია ნატოს აღმოსავლეთ ფრთის ქვეყნების დასაცავად და ამ ჯარისკაცების ნაწილი შესაძლოა ევროპაში გადავიდეს უახლოეს მომავალში. „ნატოს არც ერთ ქვეყანას არ შეეშინდეს, ჩვენ, როგორც ნატო, მათ დასაცავად გამოვალთ.“-თქვა ბაიდენმა.

    მან აღნიშნა, რომ უკრაინაში შესაძლო შეჭრას ეკონომიკური შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის და დაამატა: "ჩვენ არ ვგეგმავთ ამერიკელი ან ნატოს ჯარისკაცების უკრაინაში განთავსებას".

    ჯო ბაიდენის თქმით, მან გააფრთხილა პუტინი, რომ შეჭრის საფასური "ძალიან მძიმე იქნება". "მე ვუთხარი მას, რომ თუ ის შევა უკრაინაში მთელი თავისი საზღვარზე მყოფი ჯარით, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს სიტუაცია მთელ მსოფლიოს შეცვლის.”-თქვა მან.

     

  • სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, არ დაუშვას რუსეთის აგრესია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან

    ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, როგორც სენატორები აცხადებენ, მიმდინარე კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული ვლადიმერ პუტინის მიერ, რომელმაც უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა განალაგა.  სენატორების თქმით, ამით  პუტინი უარს ამბობს პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

    „აშშ და მისი მოკავშირეები არ შეეგუებიან  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას, ისევე როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას  ისე, რომ აღნიშნულს არ  მოჰყვეს მძიმე შედეგები“ - ნათქვამია განცხადებაში. 
    სენატორების მიხედვით, რუსეთის მიერ მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიები" რაც უკრაინისთვის ნატოს წევრობაზე უარის თქმასა და ალიანსის შემდგომი გაფართოების შეწყვეტას გულისხმობს, სინამდვილეში წარმოადგენს რუსეთის მცდელობას კვლავ შექმნას გავლენის სფეროები ევროპაში, და მათი მეშვეობით ზეწოლა მოახდინოს და დაჩაგროს ის ქვეყნები, კერძოდ,  უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან.
    „მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ნატო-ს წევრები იღებენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს საქართველოზეც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ შეასრულონ ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, და რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - წერია განცხადებაში.
    აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელზე შედგენილ ღია წერილს ხელს აწერენ როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.

  • აშშ-ის მერილენდის საავადმყოფოში, ღორის გულის ადამიანში გადანერგვის ოპერაცია განხორციელდა

    პირველად მთელს მსოფლიოში, 57 წლის მომაკვდავ პაციენტს როგორც ბოლო საშუალება, აშშ-ის მერილენდის საავადმყოფოში, ღორის გული ადამიანს გადაუნერგეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, მერილენდის ჰოსპიტალის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციიდან 3 დღის გასვლის შემდეგ, რომელიც „პირველად და უკიდურესად ექსპერიმენტულად“ ჩატარდა, პაციენტი კარგ მდგომარეობაში იმყოფება. მართალია ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, ეფექტური და სარგებლიანი იქნება თუ არა ეს ოპერაცია, მაგრამ სამაგიეროდ, “ეს იქნება დიდი ნაბიჯი ცხოველების ორგანოების ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოყენებაში“, აღნიშნულია ამ განცხადებაში.

    მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აღნიშნეს, რომ ამ ოპერაციამ დაადასტურა, გენმოდიფიცირებული ცხოველისგან აღებულ გულს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ფუნქციონირება. “ვიცი, რომ ეს არის გასროლა სიბნელეში, მაგრამ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო და ამიტომ დავთანმხდი ასეთ ოპერაციას", ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ოპერაციის წინ მომაკვდავმა დევიდ ბენეტმა.

    გულის გადამნერგავი ჯგუფის ექიმმა მუჰამედ მოჰიუდინმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი წინა მცდელობები წარუმატებელი იყო, ამიტომაც ამჯერად, მერილენდის ქირურგებმა გამოიყენეს გენშეცვლილი ღორის გული და თუ რამდენად ეფექტურია ასეთი გადანერგვები, უახლოესი მომავალი აჩვენებს.

  • ​აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. შესაბამისი პრეს-რელიზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან თავისი საჯარისო შენაერთების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას.
    სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება თავად აირჩიონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე. საუბარი ასევე შეეხო ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებს.

     

  • პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა.
    სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; ჯამში, 10,7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
    „მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას.
    როგორც ი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. მან ასევე განაცხადა, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა და ეკონომიკურმა გუნდმა ამ მიმართულებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური