საქართველოს პრეზიდენტის განცხადება!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021 10:11

არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა.

მინდა მოვულოცო გამარჯვება ახლადარჩეული ადგილობრივი საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში.

არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამეთუ უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისათვის.

ნიშანდობლივია, რომ  ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა, და არც საზოგადოება.

ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას. საზოგადოებას კი მშვიდობა,  პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ  მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს.

დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა: რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია? რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით...

რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან?

რეალურად, ჩატარებული არჩევნები გვაძლევს ამის შესაძლებლობას დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომელებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ეს არის და უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი.

მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში. თქვენი იმედი მაქვს!

მაგრამ მთავარი, გაერთიანების თუ არა, დაწყნარების მაინც ფაქტორი, შეიძლება იყოს გარკვეული მიზნების განხორციელებაზე მუშაობა, რომლების მიმართაც ვართ საქმით, თუ სიტყვით გაერთიანებულნი.

ასეთი ერთი და პირველი საკითხია პანდემია: ჩვენ მომსწრენი ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი: სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად.

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ  იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. დაბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირად შიშებს და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას  დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს! პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არა ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და დავძლიოთ პანდემია.

მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული: სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე,  რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი!

სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები, და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე. მართალია, საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ, ბევრად გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას, პრაქტიკულად იგნორირებული იქნა ქვეყნის რეალური საჭიროებები და მოქალაქეების  უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ერთი მხრივ, ხელისუფლება  კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლებით, როცა პარალელურად, მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ  გაუარესებას. ოპოზიცია კი, სულ სხვა,  ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა.  ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახდა  პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი.

პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თუ ქვეყანა, პარტიები, ოპოზიცია, თუ უმრავლესობა დაუბრუნდება რეალურ პრობლემების და რეალურ გამოწვევების გადაწყვეტას.

პრეზიდენტის პრეს-სამსახური

წაკითხულია 240 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთიდან დევნილი, მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

    საქართველოს პრეზიდენტმა, აფხაზეთიდან დევნილი, მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    დაჯილდოების ცერემონია გუშინ, ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა.

    ,,არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა. 

    ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს. 

    ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად.

    დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ისეთი რაღაცეები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება.

    ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ. 

    მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელია.

    და კიდევ ერთი, ძალიან ბევრი რამ ისმის ამ რაღაც მეორე ფრონტის თემაზე, რომელიც რუსული თემაა. რუსეთს სურს ამით რაღაცნაირად შეაშინოს აფხაზები, ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას. 

    დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა - ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ. 

    ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი. ეს არის ის, რაც უნდა გადავცეთ მათ, რასაც უნდა ვაშენებდეთ და რითიც ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორი, მკვლევარები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

  • პრეზიდენტი - ეს ისტორიის ის გვერდია, რომელიც იხურება, ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც დედოფალმა ელისაბედ II-მ ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.

    ,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატო სამძიმარი მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. 

    ეს ისტორიის ის გვერდია, რომელიც იხურება, ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება.

    ვფიქრობ, რომ ბრიტანელი და თანამეგობრობის სამეფოების ხალხს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავდათ მისი უდიდებულესობის მსგავსი დედოფალი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • ჩინეთის პრეზიდენტი - „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებში თავიდან უნდა იქნას აცილებული გარე ძალების მიერ წაქეზებული ფერადი რევოლუციები

    „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებში თავიდან უნდა იქნას აცილებული გარე ძალების მიერ წაქეზებული ფერადი რევოლუციები. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, სამარყანდში მიმდინარე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

    ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციის წევრებმა უნდა დაიცვან მულტილატერალიზმი და უარი თქვან ნულოვანი ჯამის თამაშებზე და ჯგუფურ დაპირისპირებაზე.

    სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკას აქვს ძლიერი გამძლეობა, დიდი პოტენციალი და გრძელვადიანი გაუმჯობესების საფუძვლები არ შეიცვლება. ჩინეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, გადაამზადოს 2 000 სამართალდამცავი ოფიცერი წევრი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ქვეყნებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

    წყარო: https://1tv.ge/news/chinetis-prezidenti-shankhais-tanamshromlobis-organizaciis-wevr-qveynebshi-tavidan-unda-iqnas-acilebuli-gare-dzalebis-mier-waqezebuli-feradi-revoluciebi/

  • პრეზიდენტი - ამ ცვალებად დროში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა და მათ მიმართ სოლიდარობა, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს

    საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციის ,"დიდება უკრაინას" მონაწილეებს უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მიმართვის ტექსტს "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ, პირადად გიმასპინძლოთ და თქვენს მნიშვნელოვან კონფერენციაში ამ ფორმით მივიღო მონაწილეობა. მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ორგანიზატორებს: მაკკეინის ინსტიტუტს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტს და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს.

    ქალბატონო და ბატონო ელჩებო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თქვენ და კონფერენციის ევროპელ და ამერიკელ მონაწილეებს.

    ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი მიძღვნილი ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი თავიანთი ისტორიით მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიით, რომელიც, შესაძლოა, არ აგვირჩევია, მაგრამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, იგივე ეპიზოდები განვლეთ.

    ჩვენ გავიარეთ გზა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნიდან [რაც ჩვენი ერების არჩევანი არ ყოფილა] პირველ დამოუკიდებლობამდე, რაც ჩვენი ქვეყნებისათვის მცირეხნიანი აღმოჩნდა, შემდეგ ისევ ძალისმიერი მეთოდებით საბჭოთა კავშირთან შეერთება, და ამ ძალიან რთული რეპრესიების პერიოდმა უკრაინასა და საქართველოში სხვადასხვა ფორმა მიიღო: (თუმცა ძირითადად ერთი და იგივე იყო) ადამიანის უფლებების ჩახშობა, ეროვნული იდენტობის ჩახშობა, ჩვენი ენების ჩახშობის მცდელობა (და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამან საბოლოოდ არ იმუშავა).

    ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ახლო კავშირები ჩამოაყალიბა და რა თქმა უნდა, 1991 წელს მეორე დამოუკიდებლობის მოპოვებისას, ჩვენი ქვეყნები ერთსა და იმავე გზას დაადგნენ - ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის, ინსტიტუტების კონსოლიდაციის გზას. ეს ძალიან რთული გზაა, რადგანაც საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ - ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს. ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის რაღაც გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში, ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ.

    ამ გამოცდილებებმა ჩვენს ხალხს შორის არსებულ კავშირები უფრო გააძლიერა. ეს კავშირები ძალიან ძლიერია და მათზეა დაფუძნებული ეს ძლიერი სოლიდარობა, რომელსაც დღეს ვხედავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში და რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა და კვლავ გამოხატავს.

    ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნების ისტორიის ამ ეტაპზე ცხადია, რომ უკრაინამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ წარმოებული ამ ძალზე მამაცი და მტკიცე ბრძოლით, ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. შესაძლოა, ჯერ ყველას არ შეუძლია ამის დანახვა, მაგრამ ეს რეალობა სულ სხვაა.

    პარადოქსია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა რუსეთის შემოჭრა თბილისში (აქ არ ვთვლი ძველ დროებს) და 2022 წლის 24 თებერვალს დასრულდა საუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაცია, დასრულდა ის საბჭოთა კავშირი, თუნდაც დღევანდელი რუსეთი და მსოფლიოს ზოგიერთი კუთხე ამას ჯერ ვერ იაზრებდეს. სინამდვილეში, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ უკვე სრულებით შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

    რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას და ამ წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ მას შეუძლია უფრო ძლიერის, უფრო დიდის, უკეთ აღჭურვილს (როგორც ეს გვეგონა და შეიძლება არც ეს იყო სიმართლე) დაძლევა.

    რუსეთს მოუწია აღმოეჩინა, რომ მას არამხოლოდ არ შეუძლია რომ ნატოს გაფართოებას შეეწინააღმდეგოს, არამედ ის ამ პროცესს (ნატოს გაფართოვებას) ასაზრდოებს. ეს ისაა, რასაც შვედეთისა და ფინეთის შემთხვევებში ვხედავთ, რასაც ბევრი ჩვენგანი (თუნდაც ჩვენ სპეციალისტები და სტრატეგები ვიყოთ) არ ელოდა.

    ის [რუსეთი] ვერ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. ამან გააჩინა და დააჩქარა ევროკავშირის გაფართოების ის პერსპექტივები, რაც მანამდე მოსალოდნელი არ იყო და რამაც შეუძლებელი გახადა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობა. ეს ის პროცესია, რომელიც კიდევ გაგრძელდება.

    რუსეთმა ისიც მოახერხა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები გამხდარიყვნენ უფრო თავდაჯერებულები და ნაკლებად მზად რუსეთისგან ყველაფრის მისაღებად. ამან, რა თქმა უნდა, გააძლიერა ის, რაც აქამდე არსებობდა, თუმცა უფრო ნათელი გახადა რუსეთის დღევანდელი იზოლაციის გამო, ამ რეგიონის ცენტრალური, გადამწყვეტი როლი. ეს ეკონომიკური იზოლაცია ერთ, ან ორ დღეს არ გაგრძელდება, თუნდაც რუსეთი, საქართველოს, ან ყირიმის წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქრობდეს, რომ ეს ყველაფერი მალე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, ეს სიმართლეს აღარ შეესაბამება და ძალიან ნათელია, როცა ევროპული ინსტიტუტების ლიდერები და წევრი ქვეყნებიც მტკიცედ საუბრობენ.

    ასე რომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შევაფასოთ ეს ცვლილებები (ჩვენთვის, საქართველოსთვის) გავიაზროთ და ვნახოთ, რომ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ცვალებად დროში - ერთობა და მათ მიმართ სოლიდარობაა, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს. ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რასაც ახლა ვხედავთ: უფრო მჭიდრო კავშირები თვითონ ევროპელებს შორის, ევროპელებსა და აშშ-ს შორის.

    რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მეგობრებს: ისინი, ვინც დასაწყისიდანვე მხარს უჭერდნენ ჩვენს გზას; ისინი, ვინც იმ რეფორმების გატარებაში დაგვეხმარნენ, რომლებსაც ახლაც ვაგრძელებთ; ისინი, ვინც იმ ინსტიტუტების განვითარებაში დაგვეხმარნენ, რომლებზეც ჩვენს თავს ახლა ვაფუძნებთ.

    რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება ამ რეალობას დაუპირისპირდეს. ეს ძალიან ძველი, საბჭოთა ფენომენია, რომელიც შავს თეთრად წარმოაჩენს და თეთრს შავად, ყალბი რეალობა და დეზინფორმაცია. ვხედავთ ჩვენი დარწმუნების მცდელობებს და სხვადასხვა ახალი ამბების, ჭორების ან თუნდაც განცხადებების გავრცელების მცდელობებს, რომ საქართველო და უკრაინა შეიძლება არც თუ ისე მეგობრულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. უნდობლობის დათესვა რუსეთის მოქმედების ერთ-ერთი საყვარელი გზაა.

    კიდევ ერთი [დეზინფორმაციაა] ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს - არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დესტრუქციულია და მე ვამბობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მკაფიო უნდა ვიყოთ.

    თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი.

    ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს [დეზინფორმაცია] ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დეფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო, მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკა ამ ტერიტორიების მიმართ ძალიან მკაფიოა – ისინი ჩვენია, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და რაც ჩვენ გვსურს, ამ მოქალაქეების კვლავ გაერთიანებაა, ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება, ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, და ეს ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა.

    იგივეა ევროკავშირთან მიმართებაშიც. დაყოფის ეს მცდელობები ასევე ფოკუსირებულია ევროკავშირზე და ქვეტონია, რომ ევროკავშირის რეფორმები გამიზნულია არა ძლიერი და უფრო დემოკრატიული საქართველოს შექმნის, განვითარებისა და დახმარებისათვის, არამედ, მათი გამოყენება შესაძლებელია საქართველოსა და მისი მთავრობის დესტაბილიზაციისთვის.

    ძალიან ნათელია საიდან იღებს ეს სათავეს. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ როცა რუსეთი სამხედრო აგრესიით პირდაპირ არ ოპერირებს, მაშინ ის დეზინფორმაციის მეშვეობით მოქმედებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან, სხვადასხვა სახით რუსული დეზინფორმაცია ასევე, თავს იჩენს ევროკავშირის სხვადასხვა ნაწილში, ჩვენ ვნახეთ გარკვეული გამოვლინებები თუ, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ დეზინფორმაციამ სხვადასხვა ქვეყნის შიდა სტაბილურობასა და შიდა პოლიტიკაზე.

    დიდი განსხვავება ევროკავშირის ზოგ ქვეყანასა და ჩვენს შორის ისაა, რომ ჩვენ [ევროკავშირის] გარეთ ვართ, ისინი კი შიგნით, შიგნით დაცულ ხარ, ჩვენ არ ვართ დაცულნი და ჩვენ ჩვენი თავი უნდა დავიცვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალური პრიორიტეტია.

    ასე რომ, ამ ყველაფრის ძალიან მკაფიო გაკვეთილი არის მხოლოდ ამის მუდმივად გამეორება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი დეზინფორმაციის იმ ძალიან დესტრუქციული ასპექტის წინააღმდეგ, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში პერსპექტივა არ არსებობს. ამას ჩვენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ვხედავთ, რომლებსაც ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა სურთ.

    ძალიან შავ-თეთრი იქნებოდა იმის თქმა, რომ პერსპექტივის ნაკლებობა მხოლოდ რუსული დეზინფორმაციაა. რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და ის, რომ ქვეყანაში საკმარის დინამიკას ვერ ხედავენ. ამიტომ უნდა დავაჩქაროთ რეფორმები, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა, ამიტომ მეტი უნდა გავაკეთოთ დეპოლარიზაციის კუთხით, რადგან თუ არის რაიმე, რაც ახალგაზრდებს ქვეყნის გარეთ გასვლისაკენ უბიძგებს, ეს ქვეყნის შიგნით არსებული ამ გაუთავებელი პოლარიზაციის ხილვაა, რომელიც არ აჩვენებს რაიმე რეალურ არსს - საით მივდივართ და არ მოაქვს ის ოპტიმიზმი, რომელიც კეთების, შენებისა და ამ გზის გაგრძელებისთვის ახალი ენთუზიაზმის შესაქმნელადაა საჭირო.

    ასე რომ, ვიტყოდი, ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებში ეს ევროპული პერსპექტივა უნდა გავაღვივოთ. ეს ძალიან ნათლადაა წარმოდგენილი. არავინ უნდა იყოს პესიმისტურად განწყობილი, თუმცა ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა თუ სად დგას, სად დგას უკრაინასთან მიმართებით, ევროპასთან მიმართებით და ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, თუ ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა, შემოგვთავაზა ახალი მომავალი ისე, რომ იმ დროს ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება მოგვიწია ამისთვის და ვიქნებით კი ამისთვის მზად. ჩემი ვარაუდით, ჩვენ მზად ვიქნებით და ხვალ ერთად ვიქნებით ევროკავშირში".

  • საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლენიანმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს ...

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფ...

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური