პრემიერ-მინისტრმა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021 14:17

ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მე-20 საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა, სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული.

პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების ფონზე სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კონკრეტული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენს საზოგადოებებს მოამზადებს კლიმატის ცვლილების გარდაუვალი გავლენისთვის.

"მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

წაკითხულია 383 ჯერ

Related items

  • ი. ღარიბაშვილმა და ხ. კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს

    ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად.ყურადღება გამახვილდა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს.
    პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროპის საბჭოსთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს  შეხვდა.

    ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

    ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას,  რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს.   
    გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის.

    შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას.

  • პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე. "ჩემთვის დიდი პატივია, ქართველი ხალხის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას კიდევ ერთხელ მოგმართოთ.

    დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.

    მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა.

    2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.

    დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.

    ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ.

    ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის  შეხვდა.
    ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო.

    აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.

    აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
    მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

    ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა.

    მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

    საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

    გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.

    საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

    საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს ...

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფ...

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური