აშშ-ის საელჩოს განცხადება საქართველოს მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021 11:26

ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.

როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს. 

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია. 

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში. 

აშშ-ის საელჩო საქართველოში

წაკითხულია 466 ჯერ

Related items

  • შალვა პაპუაშვილი: კავკასიის უსაფრთხოების მთავარი ღერძი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე გადის

    „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. კავკასიის უსაფრთხოების მთავარი ღერძი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე გადის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე.

    მისი თქმით, შეირაღებული ძალები ქვეყნის სიამაყე და სიძლიერეა.

    „ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხელი შევუწყოთ უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას ჩვენს რეგიონში. ამ ისტორიულ დღეს, მსურს, ხაზი გავუსვა შეიარაღებული ძალების მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების დაცვაში, არამედ ჩვენი ხალხების მშვიდობიანი ყოფის უზრუნველყოფაში. შეირაღებული ძალები ქვეყნის სიამაყე და სიძლიერეა. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ვუსურვებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს ღირსეულად მსახურებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და შეიარაღებული ძალების დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანის ისტორიულ თარიღს - დამოუკიდებლობის დღესა და შეიარაღებული ძალების დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ - შ. პაპუაშვილი

    „მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან თარიღს - დამოუკიდებლობის დღესა და შეიარაღებული ძალების დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

    როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს მტკიცე მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.

    მისი თქმით, ქვეყნებს შორის მეგობრობას საფუძველი ჩაუყარა ხანგრძლივმა ისტორიულმა კავშირებმა და იმ რთულმა გზამ, რომელიც საქართველომ და აზერბაიჯანმა გაიარეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

    „ისტორიულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა ერთდროულად გამოცხადდა და 105 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა ერთდროულად იზეიმეს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. საქართველოსა და აზერბაიჯანს მტკიცე მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. ამ მეგობრობას საფუძველი ჩაუყარა ხანგრძლივმა ისტორიულმა კავშირებმა და იმ რთულმა გზამ, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა გაიარეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რათა ჩამოგვეყალიბებინა ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ქართველი ხალხისათვის აზერბაიჯანელი ერი უახლოესი მეზობელი და მეგობარია, რომელთანაც გვაკავშირებს არა მარტო სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ ღრმა და პატივისცემით აღსავსე ადამიანური და კულტურული კავშირებიც. ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში განვითარებული ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა და ბევრი დადებითი შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს. დინამიურად მიმდინარეობს ვაჭრობისა და ეკონომიკის, კულტურის, თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ დაწყებულმა საერთაშორისო მნიშვნელობის რეგიონულმა ენერგეტიკულმა და სატრანსპორტო პროექტებმა ორი სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო დაახლოვა.

    „პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა, თურქ ლიდერებთან ერთად, შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი შორსმჭვრეტელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებმაც ძველი სავაჭრო მარშრუტები თანდათან აღადგინეს და რომლებიც დღესდღეობით ევროპასა და აზიას შორის საკვანძო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. თუმცა, იმდროინდელ დასავლეთში ბევრი ვერ აღიქვამდა ე. წ. შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, აგრეთვე, ბევრი სათანადოდ ვერ აფასებდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და მასთან დათბობის, გადატვირთვის და ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების პოლიტიკით ხელმძღვანელობდა. დრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი რეგიონის ხალხების სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა. დღესდღეობით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლობა უფრო და უფრო მეტადაა რელევანტური. მზად ვართ, განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები ენერგორესურსების ტრანსპორტირების მარშრუტების განვითარების ხელშესაწყობად. მოხარული ვარ, რომ ბოლო წლებში წარმატებით ვითარდება საპარლამენტო ურთიერთობებიც. საქართველოში ვუმასპინძლეთ ჩემს კოლეგას, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას. წინა კვირას კი მე გახლდით ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, მონაწილეობა მივიღე პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დაბადების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე, რომლებმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აზერბაიჯანის მიერ მიღწეული პროგრესი, რომელიც კიდევ უფრო გამყარდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობის წლებში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • ტანკები „აბრამსი“, რომლებსაც აშშ გადასცემს უკრაინას, გერმანიაშია

    ტანკები „აბრამსი“, რომლებსაც აშშ გადასცემს უკრაინას, უკვე გერმანიაშია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონმა) განაცხადა, რომ 31 ერთეული ტანკი M1 Abrams-ი, რომელიც უკრაინას გადაეცემა, ფრონტის ხაზზე გაგზავნამდე უკრაინული ჯარებისთვის წვრთნებში გამოსაყენებლად გერმანიაში, ქალაქ გრაფენვოერში გაიგზავნა.

    პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ დაპირებული ტანკები ქალაქ გრაფენვოერში ჩავიდა.

    ამერიკელმა გენერალმა თქვა, რომ უკრაინელი ტექნიკური და სატანკო პერსონალი ასევე ჩამოვა გერმანიაში, რათა გაიაროს სატანკო მომზადება უახლოეს კვირებში.

    ”ეს ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა უკრაინული ეკიპაჟისა და ტექნიკური პერსონალისთვის მიზნად ისახავს მოამზადოს ისინი კრიტიკული როლისთვის M1 ტანკის ეფექტურად გამოყენებისა და უკრაინელი ხალხის დასაცავად”. - თქვა რაიდერმა.

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ იანვარში მიაწვდის ტანკებს, რომლებიც აღჭურვილია მოწინავე ჯავშნითა და იარაღით.

    თავდაპირველად, აშშ გეგმავდა ახალი M1A2 Abrams-ების შესყიდვას უკრაინაში გასაგზავნად უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის სახსრებით.

    თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ მიწოდების პროცესის დასაჩქარებლად მარტში აშშ-ს ინვენტარში არსებული ტანკების M1A1 Abrams-ის განახლება და უკრაინისთვის გადაცემა გადაწყვიტა.

    აშშ-ის ხელისუფლების შეფასებით, ეს ტანკები შესაძლოა უკრაინის ფრონტზე იყოს ყველაზე გვიან, შემოდგომაზე.

  • აშშ-ი უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ე. ბლინკენმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ გვერდში დგომას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, როდესაც ისინი იცავენ თავს რუსეთის აგრესიული ომისგან. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მიღებული მანდატის თანახმად, მე ვამტკიცებ ტრანზაქციას უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, აშშ-ს ინვენტარიდან.“

    ბლინკენი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომო რომ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ იგი ამას ისურვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს.

    თავის მხრივ, პენტაგონის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში 300 მილიონი დოლარის პაკეტის მოცულობა იქნა გაზიარებულია.

    შესაბამისად, პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ (HIMARS), TOW და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Hydra-70 საჰაერო რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები.

    ასევე აღინიშნა, რომ პაკეტში შედის მცირე იარაღის საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, მძიმე ტექნიკა, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა სათადარიგო ნაწილები.

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ!

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

    როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ გარკვეული რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული. 

    "შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური