ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების მსოფლიო ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021 16:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, 120-მდე სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში იმართება.
მთავრობის მეთაური გაერთიანებულ სამეფოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით 1-ელ ნოემბერს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

წაკითხულია 98 ჯერ

Related items

  • საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას. დ. ზალკალიანმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნა მიუღებელია და დასძინა:  „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს ზალკალიანი "ტვიტერზე", რითაც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას #standwithukraine უერთდება.

    შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

    21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში, ან თებერვალში. სააგენტო „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ანექსირებული ყირიმიდან, რასაც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ.

     

  • ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე: ევროკავშირმა და FAO-მ ქართველი მეღვინეებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

    ოცდაოთხმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კახეთის რეგიონში პროგრამის, EU4Business ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტმა ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩაატარა.

    ტრენინგის სერია ეხებოდა ვენახის მოვლის სრულ პროცესსა და ვაზის წარმოების სრულ ციკლს — ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე. სასწავლო სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის ვენახების ზოგადი მართვა, გასხვლა, ნიადაგის განოყიერება, სარწყავი სისტემების დაგეგმვა, ვაზის ორგანული წარმოება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

    ევროკავშირის ინოვაციური პროექტი, „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. ინიციატივის მიზანია მეწარმეობის და ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

    წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/nergebis-gashenebidan-qhurdznis-krephamde-evrokavshirma-da-fao-m-kharthveli-meghvineebisthvis-treningi-chaatares/

  • ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთან მჭიდრო კოორდინაციას რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში

    2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

    საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

    მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

  • პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა.
    სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; ჯამში, 10,7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
    „მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას.
    როგორც ი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. მან ასევე განაცხადა, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა და ეკონომიკურმა გუნდმა ამ მიმართულებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავა.

  • დ. ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კ. დეგნანს შეხვდა

    29 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორცილებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა. ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მესამე მხარის მიერ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების რევიზიასთან დაკავშირებული განცხადებები და ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე აღინიშნა, რომ დღეისთვის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას და ქართული მხარე გააგრძელებს ყველა არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენებას ამ პროცესის დაჩქარების მიზნით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის და ამ პროცესში გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური დახმარებისთვის.

    შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული აგრესიული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციების მუდმივი კოორდინაცია და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური