მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021 11:16

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას და საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები წარუდგინა. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მათი აქტიურობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის არჩევნების მეორე ტურზე. „პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.  მადლობას ვუხდი თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესები წარიმართოს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. 

საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდ უსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მცირედი ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს: სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ არჩევნებს“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.   

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნების ნაწილში.  

როგორც ბრიფინგის ბოლოს კალანდარიშვილმა განაცხადა, მეორე ტურის წინასწარი შედეგები მაჟორიტარულ ნაწილში 261-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების მიხედვით დათვლილია და სრულად ინფორმაცია ხელმისაწვდომია results.cec.gov.ge-ზე.   

საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად აჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა, კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის შესრულებისთანავე.  

რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა, აქედან 121 იყო დამკვირვებლების მიერ წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ. მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად საჩივარს 4 დღის ვადაში განიხილავს და შემდგომ ღებულობს გადაწყვეტილებას. ხოლო ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში არის ორი კალენდარული დღე. თავის მხრივ სასამართლოები ასევე 2 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავენ სარჩელს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს გადათვლის პროცედურებს; თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება. რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია.

წაკითხულია 127 ჯერ

Related items

  • მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკა

    საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1 ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის შედეგების თაობაზე: შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებული 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის მონაცემი. მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. 

    გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.

    დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა.

  • ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა.

    „30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

    სანამ უშუალოდ მეორე ტურისთვის მზადების შესახებ ვისაუბრებ, მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები.

    არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო  კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-ზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

    ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია, აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

    მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა - პროფესიული ნიშნით არიან არჩეული, თუ პარტიის მიერ დანიშნული - არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური - ჩვენ  ერთად ვატარებთ არჩევნებს.

    კარგად ჩატარებული არჩევნები - სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში - რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია - სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით, ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება - ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

     

  • 30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება

    30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.  როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1 830 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი; ასევე შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 2 ოქტომბრის მსგავსად, 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

    თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით,  23-25 ოქტომბერს უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტ - ჰაბს  - 2 51-00-51 (0).

    მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.

    მივმართავთ ჩვენ მოქალაქეებს იაქტიურონ და მიიღონ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.

    არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები:

    5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში) არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები  

     

    მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 15 თვითმმართველ თემში 

     

    მაჟორიტარული სისტემით გასამართ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 24 საარჩევნო ოლქში

     

  • ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

    მარკ კლეიტონმა ცესკოს თავმჯდომარეს 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული. ამასთან ელჩი დაინტერესდა თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 30 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურისთვის და როგორ წარიმართა საარჩევნო კომისიებში გადათვლების პროცესი.

    „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. პირველ რიგში მოვისმინე ის შეფასებები, რომელიც მათი მხრიდან გაკეთდა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ისინი იზიარებენ ეუთოს შეფასებებს, რომლის თანახმადაც არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული.ასევე მივაწოდე ინფორმაცია საჩივრების განხილვის და გადათვლის პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ.

    როგორც შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა  ბრიტანეთის საელჩო საქართველოში არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება.

  • პარტიულ სიებს, რომლებშიც კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში რეგისტრაცია არ გაუუქმდეთ

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიზნით დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს. კერძოდ განიხილება საკითხი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებს, რომლებშიც კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, რეგისტრაცია შესაძლოა არ  გაუუქმდეთ, გარდა იმ შემთხვევებისა თუ:

    • რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;
    • რეგისტრირებულ კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;
    • რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-12 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა პარტიამ.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური