საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

გამოქვეყნებულია სამხედრო
შაბათი, 30 ოქტომბერი 2021 10:54

დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ  და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. 

თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.   

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში.

არჩევნების მეორე ტური  5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის - მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ  საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 1830 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 29 სპეციალური უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.   გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ან  შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე  იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე  იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ  მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

წაკითხულია 95 ჯერ

Related items

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შ. პაპუაშვილი აირჩიეს

    დღეს გამართულ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 1-მა დეპუტატმა მისცა.

    შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. კენჭისყრის პროცედურამდე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის შესაბამისად, კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.

    განცხადებები გააკეთეს ფრაქციების წარმომადგენლებმაც. სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გასული წელიც შეაფასა.

    მისი თქმით, საზოგადოება, ერთდროულად, იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.

    „მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე; გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა; ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით, შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში, ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი იქნება.

    „მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტსა და ეროვნულ ამოცანაზეც ისაუბრა.

    „ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა.

    „30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

    სანამ უშუალოდ მეორე ტურისთვის მზადების შესახებ ვისაუბრებ, მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები.

    არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო  კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-ზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

    ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია, აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

    მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა - პროფესიული ნიშნით არიან არჩეული, თუ პარტიის მიერ დანიშნული - არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური - ჩვენ  ერთად ვატარებთ არჩევნებს.

    კარგად ჩატარებული არჩევნები - სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში - რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია - სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით, ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება - ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

     

  • საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამეს

    საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს.

    თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში  და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

    მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

    „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

    „ლელო“

    „ევროპელი სოციალისტები“

    „გახარია - საქართველოსთვის“

    „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“

    „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“

    „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

    „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“

    საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: სალომე მიქელაშვილი, გიორგი ჩხაიძე, სალომე ბარამიძე, ომარი ჭყონია, სალომე ლომინაძე) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი

     

    ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენშემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

    „გახარია - საქართველოსთვის“

    „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“

    „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

    საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: ამირან ბაქანიძე, ალექსანდრე ბერიძე, ალიკო ტუღუში, დავით ჩანტლაძე, ვალერიან ცანავა) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი

     

    მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.

    მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება.

  • განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

    საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. მაგალითად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ მისცეს შესაძლებლობა, მედიისთვის გაეცნო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.

    მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი: კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას.

    ასევე, უნდა გამოვეხმაუროთ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე საჩივრების განხილვის პროცესს, რომელიც დღეს სრულდება, თუმცა, კომისიის წევრებს საკუთარი მოვალეობების შესრულება კონკრეტული პარტიების მხრიდან ზეწოლის ფონზე უწევთ.

    ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებას შეეხებოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს, ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა. რეალურად პროცესი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, - დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

    აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადათვლის საფუძველზე. ასევე საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ბიულეტენების გადათვლა 360 უბანზე საქართველოს მასშტაბით.

    გადათვლის მექანიზმი და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პროცესის უმოკლეს ვადებში რეალიზება იყო გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონით დადგენილი პროცედურების ხელის შეშლისა და დისკრედიტაციის მცდელობებისგან.

  • სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით სპეციალური საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებზე არასწორია

    სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება სპეციალური უბნების (ე.წ. „კოვიდ“ უბანი და პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნები) შემაჯამებელი ოქმები და პირები, რომლებიც ამ ოქმებს ავრცელებენ აპელირებენ ე.წ. დისბალანსზე. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მედიასთან განცხადება ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ გააკეთა.

    „წარმოგიდგენთ მაგალითებს თუ რატომ არ უნდა დაესვას კითხვის ნიშანი აღნიშნული ოქმების სისწორეს.  მაგალითად N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის N86 საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, შედგა სამი სახეობის ოქმი, რომელშიც თითქოს დისბალანსია. თუმცაღა ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ზემოაღნიშნულ უბანზე, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ პროპორციულ ნაწილში მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. პროპორციულ ოქმში სისწორე დაცულია.

    ცალსახაა, რომ შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც შედგა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ე.წ. კოვიდუბნებზე, დისბალანსი იქნება, ვინაიდან სპეციალურ უბნებზე ამომრჩევლები არ აძლევენ ხმას მაჟორიტარული სისტემით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

    აქედან გამომდინარე გთხოვთ გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში; აქვე აღვნიშნავთ თუ იარსებებს ისეთი ოქმები, რომლებიც შეიცავენ ხარვეზს, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნება სათანადოდ შესწავლილი“,-განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური