საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება დაიწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო
ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021 17:19

დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა და დღეს უკვე ოფიციალურად ვიწყებთ GI-4-ების წარმოებას, რომლის ყველა დეტალი საქართველოში დამზადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეიში" ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება დაიწყება, - ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი", რომელიც „დელტას" ბაზაზე გაიხსნა, ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა საწარმოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ავტომატის ყველა ნაწილი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ადგილზე იქნება წარმოებული.
„ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე. ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას" და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი ადგილზე იქნება წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკომპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

წაკითხულია 176 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.

    მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

    მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას.

    მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა.

    აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

    შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ფინეთმა და შვედეთმა იენს სტოლტენბერგს ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს

    ფინეთმა და შვედეთმა, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს.  ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, წერილები ნატოში აკრედიტებული შვედი და ფინელი ელჩებისგან ჩაიბარა.

    სტოლტენბერგმა აქ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა და რომ ის მიესალმება ორივე ქვეყნის მოთხოვნებს.

    იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გაზრდის ნატოს უსაფრთხოებას და დაამატა:

    "დღევანდელი განაცხადის გაკეთება ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ ნატოსკენ მიმავალ გზას. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა მოკავშირის შეშფოთება უსაფრთხოების საკითხზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დეტალურად განვიხილოთ ყველა საკითხი და მივაღწიოთ სწრაფ შედეგს."

    სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველა მოკავშირე თანახმაა ნატოს გაფართოების აუცილებლობაზე.

     

  • საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
    ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
    ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს.
    გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა.
    მან სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გრძელვადიანი განვითარების გეგმაც გააცნო, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.
    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია და ქართული მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობა.
    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური
  • საქართველოს ისტორიული არჩევანია, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს - ი. ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

    ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

    შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.

    ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში.

    შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

    ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური