ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021 14:22

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა.

„30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

სანამ უშუალოდ მეორე ტურისთვის მზადების შესახებ ვისაუბრებ, მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები.

არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო  კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-ზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია, აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა - პროფესიული ნიშნით არიან არჩეული, თუ პარტიის მიერ დანიშნული - არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური - ჩვენ  ერთად ვატარებთ არჩევნებს.

კარგად ჩატარებული არჩევნები - სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში - რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია - სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით, ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება - ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

წაკითხულია 466 ჯერ

Related items

  • "ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს"

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს.

    ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით და ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას.

    "უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან.

    პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდმენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს" - აღნიშნულია განცხადებაში.

    ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

    ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

  • ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად

    „2023 წლის 19 მარტს ყაზახეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები საშუალებას მისცემს ხალხს გამოიყენონ ხმის მიცემის უფლება თავისი ქვეყნის ნათელი მომავლის მართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა მუხტარ ერმანმა ასტანაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მ. ერმანმა აღნიშნა, ბოლო ათი თვის განმავლობაში ყაზახეთში დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმების სერია, რომლებზეც დიდი მუშაობა მიმდინარეობდა, რაც ნიშნავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და ქვეყნის ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოდ გადაქცევას.

    მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმების ათ თვეში განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ყაზახეთის განვითარების ისტორიაში.

    ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ, ახალი კანონმდებლობა და საკონსტიტუციო რეფორმები გარდაქმნის არსებულ სისტემას და ქვეყნის საჯარო მმართველობის სისტემას თანასწორობასა და ეფექტურობაზე დააფუძნებს, რაც ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს.

    მუხტარ იერმანმა ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი მიდის ახალი საკონსტიტუციო გარდამავალი პროცესისკენ, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა გაერთიანებული. „ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად“, - აღნიშნა მ. ერმანმა.

    აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პარლამენტის არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია ღებულობს მონაწილეობას. ესენია პარტია-AMANAT, «Ауыл» - სახალხო დემოკრატიული, პატრიოტული პარტია, პარტია „რესპუბლიკელები“, ყაზახეთის სახალხო პარტია, პარტია «Байтақ», ყაზახეთის დემოკრატიული პარტია «Ак жол» და ნაციონალური სოციალ-დემოკრატიული პარტია.

    ამასთან, ყაზახეთის ერთმანდატიან ოლქებში 609 კანდიდატია წარდგენილი, მათგან 525 თვითდასახელებულია. ყაზახეთის ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა 12 მილიონ 32 ათას 550 ადამიანს შეეძლება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

  • ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) კვლავ გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. ის უკვე მეორედ აირჩიეს და გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ცესკოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ დღეს  პლენარულ სხდომაზე 84 ხმით, მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრს ვინც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მზად არის გააგრძელოს უმნიშვნელოვანესი საქმე - რასაც არჩევნების ადმინისტრირება ჰქვია:

    „მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მრავალპარტიული მხარდაჭერის შედეგად გავაგრძელო საქმე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, - ეს არის არჩევნების და საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება.  ჩემს კონკურენტს კი, წარმატებებს ვუსურვებ მის მომავალ საქმიანობაში.

    ჩვენმა გუნდმა უმოკლეს ვადებში დანერგა არაერთი პროექტი და ეფექტურად განახორციელა საარჩევნო რეფორმები. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ყოფილიყო სრულიად საჯარო. ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს გეგმას და არაერთი ინიციატივაც გამოვიჩინეთ; გავიხსენებ იმასაც, რომ სწორედ ჩემი მოთხოვნით განხორციელდა დამატებითი გადათვლის პროცედურები საუბნო საარჩევნო კომისიებში გასულ წელს, რამაც საარჩევნო პროცესების მიმართ სანდოობის ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

    ახლაც სწორედ ამ მიმართულებით ვივლით, - ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ყველა პირობა შექმნილი, რათა ყოველთვის გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საარჩევნო საკითხებზე ამომწურავი ცოდნა და ინფორმაცია. ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას და ყველა ჩვენი აქტივობა მიზანმიმართული არის და იქნება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე ჩვენს ქვეყანაში. ასევე გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან.

    ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას, ვემზადებით 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, რომ მაღალპროფესიულ დონეზე გავუწიოთ არჩევნებს ადმინისტრირება,“ განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.   

    გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის 3 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. თავმჯდომარედ არჩევამდე (2008-2021წ.წ.) ცესკოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი. 

    გიორგი კალანდარიშვილი პროფესიით იურისტია, გარდა ამისა მას არაერთ საერთაშორისო სასწავლო კურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის  და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება.

  • მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკა

    საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1 ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის შედეგების თაობაზე: შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებული 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის მონაცემი. მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. 

    გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.

    დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა.

  • ცესკოს თავმჯდომარის განცხადება ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით

    “საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა  საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით.  ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურთან დაკავშირებით” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

    გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბიულეტენების გადათვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ  კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. „აქვე აღვნიშნავ რომ საერთო ჯამში, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს  საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

    კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.  ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია.

    საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

    მადლობას ვუხდი გადათვლის პროცესში ჩართულ საარჩევნო ადმინისტრატორებს, მედიას, რომელიც ამ ღონისძიებას აქტიურად აშუქებდა, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, რომლებიც ხმის გადათვლის პროცესების გამჭვირვალობას კიდევ უფრო უწყობდნენ ხელს.

    ჩვენ გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში.

    წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით.

    მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

    რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ - 5 ხმა“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე.

    დამატებით ინფორმაციას დღეს გადათვლილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგის შესახებ მოგაწვდით მოგვიანებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური