ეროვნულ გვარდიაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021 13:13

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. კალე ლაანეტსა და დელეგაციის წევრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გვარდიის მეთაურმა ესტონელ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანები, ფუნქციები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინსტრუქტორთა მომზადებისა და ლიდერობის კურსებს, რომლებსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს ესტონელი ინსტრუქტორები უტარებენ. 
ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, კალე ლაანეტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ჯუანშერ ბურჭულაძე მასპინძლობს. ვიზიტის განმავლობაში ესტონეთის დელეგაციის წევრები ეროვნული გვარდიის გარდა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) კიბერუსაფრთხოების ბიუროსაც მოინახულებენ. 

წაკითხულია 213 ჯერ

Related items

  • თავდაცვის სამინისტროში საუკთესო სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მან თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. 

    წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ. 
    თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების, შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.

  • აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

    14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მათ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

    გმირთა მემორიალთან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

    საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

  • 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა
    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    საველე კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.
    მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ქვედანაყოფს მხარს უჭერდნენ ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზირებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები. სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები მი-24 და იროკეზის (UH1) ტიპის ვერტმფრენები. სწავლების მიზანი ბრიგადის შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებაა.
    სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ საველე კომპონენტის გამოყენებით (CPX/CAX/LIVEX) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დაკვეთით და გენერალური შტაბის, დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ტარდება. წვრთნებში მონაწილეობენ დასავლეთის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები.
    სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება.
    ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.
  • ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას და ჰუმანიტარული სიტუაციის აღდგენას

    თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქარ-შოიგუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულო დაძაბულობა იქნა განხილული.

    ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მნიშვნელობას ჰუმანიტარული სიტუაციის აღდგენისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის აუცილებლობაზე, პირველ რიგში, მარიუპოლიდან, ხმელეთით ან ზღვით.

    მინისტრმა აქარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისთვის ყველა გზას იყენებს, გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას აკეთებდა ადრე.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, უკრაინაზე სამხედრო ინტერვენცია მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო.

  • 2022 წ. საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტს შეხვდა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას.

    ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს შვედეთის სამეფოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისა და ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას.

    პეტერ ჰულთქვისტმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა შვედეთის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

    შეხვედრას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი იოჰან ლაგერლოფი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური