სტამბულში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021 10:37

თურქეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური სხდომა გაიმართა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციების წევრებს მიმართა და მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის პროცესში სამი ქვეყნის როლი.

ამ კუთხით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთადერთ გზაზე.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურა, თავდაცვა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხალხთაშორისი კავშირები.

ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

ამ კონტექსტში, მხარეებმა ახალი მექანიზმებისა და ფორმატების შექმნის საკითხიც განიხილეს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვეს მზაობა, რომ გადადგან კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

„დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევასა თუ პროცესზე, რაც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო თანამშრომლობას, რადგან ეს მექანიზმი გვაძლევს საშუალებას, რომ საკანონმდებლო დონეზე რეგულარულად გავცვალოთ მოსაზრებები და შევიმუშავოთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნების წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობაში“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 
წაკითხულია 339 ჯერ

Related items

  • გერმანიის პარლამენტის 2023 წლის საერთაშორისო სტიპენდიის კანდიდატთა შესარჩევი დელეგაციის ვიზიტი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გია ვოლსკი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ანრი ოხანაშვილი 2022 წლის 5 დეკემბერს თბილისში გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

    დელეგაცია, რომელსაც ბუნდესთაგის წევრი, ბატონი კრისტიან ჰააზე ხელმძღვანელობს, თბილისს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) კანდიდატების შესარჩევად ეწვევა.

    ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებს.

    საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ასზე მეტ სტიპენდიატს 50 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს, 2023 წლის მარტის დასაწყისიდან იმავე წლის ივლისის ბოლომდე გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო სისტემას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა. სტიპენდიატები მუშაობენ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ესწრებიან ლექცია-სემინარებს ბერლინის უნივერსიტეტებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ქალბატონ ბერბელ ბასის პატრონაჟით და ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამოგზაურო, დაბინავებისა და დაზღვევის ხარჯებს ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად იხდის გერმანიის პარლამენტი.

    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.bundestag.de/ips

  • საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ედუარდ აღაჯანიანს შეხვდა.

    მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

    ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელისმოწერით დაადასტურეს.

    საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

    „საქართველოს პარლამენტში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და მას მისცემს ინსტიტუციონალურ სახეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წელს ვზეიმობთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს თუმცა, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობები არა 30 წელს არამედ, რამდენიმე ათეულ საუკუნეს ითვლის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

    მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები ერთობლივ სხდომებს გამართავენ და ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.

    მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთი შეხვედრები ორივე ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს და როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს გააღრმავებს.

    „საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რაც დაფიქსირებულია სომხეთის მთავრობის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები და გაფორმებული მემორანდუმი ერთგვარი სტიმული იქნება ურთიერთობების გაღრმავებისთვის. შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. სომხეთი დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებით. ამ კონტექსტში საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა სწორედ ამ უსაფრთხოების გარანტია. ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ გამოითქვა მზაობა და გულწრფელი ნება, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში საქართველომ მედიატორის როლი შეასრულოს“, - განაცხადა ედუარდ აღაჯანიანმა.

    დღეს გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, კომიტეტების წევრებიც მონაწილეობდნენ.

  • გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

    2022 წლის 7-11 ნოემბერს პირველად კოვიდ-პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს სტუმრობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, გერმანელი ბიზნესმენები მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბაზრის გამოკვლევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში.

    მრეწველობის ამ დარგებზე მოდის საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი. ამავე დროს ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უჭერს მხარს.

    თბილისსა და კახეთში სტუმრობის დროს დელეგაციას ექნება შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისრეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

    გარდა ამისა ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კავშირების დასამყარებლად ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქართველ ბიზნესმენებთან სტუმრობა და კონკრეტული პროექტების მონახულება.

  • პარლამენტში საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლეს

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლა.

    მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

    „მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით შემიძლია მოგესალმოთ საქართველოს პარლამენტში. მიხარია, რომ თქვენი თვალები ასე ბრწყინავს იმ სიხარულით, რომელიც თქვენს ასაკში უნდა ჰქონდეს ადამიანს. ქართველმა ერმაც არაერთი განსაცდელი გამოიარა ბოლო ათწლეულებში. ჩვენც ბავშვობაში გვქონდა მომენტები, როდესაც არ იყო მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. მაშინ ჩვენი თვალებიც ასე ბრწყინავდა მომავლის იმედით და ეს იმედები ყოველთვის მართლდება, ვინაიდან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და თქვენი გმირი ქალების და კაცების დამსახურებით ეს სიკეთე გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელიც დღეს არის უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აგრესიას და აგრესორს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

    „თქვენ ახლა გაქვთ შესაძლებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცოტა განიტვირთოთ, იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად ლამაზია ეს ცხოვრება და ეს სილამაზე რა მალე აღდგება უკრაინაში სწორედ იმ გმირი ხალხის დამსახურებით, რომელიც დღეს იბრძვის არამარტო საკუთარი, არამედ ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და იმისთვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ აგრესიას და აგრესორს გაეცეს პასუხი. გმირი უკრაინელი ქალები და კაცები, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე არიან იბრძვიან სწორედ ამ იდეისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

    „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ყველაზე ცხელ დღეებში ირპენს, ბუჩას, კიევს და სხვა რეგიონებს ეწვია. მოგესალმებით ამ გმირი ქალაქების წარმომადგენლებს. ეს დიდი განსაცდელი ქართველმა ხალხმა ბევრჯერ იწვნია. ქართველი ხალხის ისტორია არის ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ უკრაინელ ხალხთან. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ გმირებს, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან. მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დღეს აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს თავისუფალი სამყაროსათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

    დეპუტატმა მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

    „ვიდრე იქნება ეს მდგომარეობა, ომი, ყველა ადამიანი ვისაც ექნება საჭიროება, რომ საქართველოში ჰპოვოს საშველი და დახმარება, დიასპორის კომიტეტი და მე, მზად ვართ ყველას დავეხმაროთ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

    მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

    „დღეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, ეს არის დიდი სიყვარული, ცხოვრების და სიცოცხლის სიყვარული. დღევანდელი დღე მინდა, რომ დაგამახსოვრდეთ. გავა დრო და მოიგონებთ, რომ პარლამენტში მოგიწყვეს შეხვედრა. სულ ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ბედნიერები იყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

    დეპუტატებმა უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. ბავშვების ერთი ნაწილი მრავალშვილიან, ხოლო ნაწილი - უკრაინაში ომით დაზარალებულთა და მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ოჯახებს ეკუთვნიან. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.

    10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევიან და ქართულ ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ეწვევიან მთაწმინდის პარკს. ასევე, მოინახულებენ მცხეთას, დაათვალიერებენ თბილისის კულტურისა და ხელოვნების კერებსა და ისტორიულ ძეგლებს.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს

    24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტაინი კოქსს წერილობით მიმართა. აღნიშნულ მიმართვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს,
    ბატონ მარტინუს ტაინი კოქსს

    ბატონო პრეზიდენტო,

    საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა.
    რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი ჩვენი სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცათ რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა: „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“.
    ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.
    ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.
    2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა, თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნული კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალური სამართლიანობის მიმართულებებში.
    საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე - პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელბახიანზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.
    საქართველოს 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშროლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო.
    აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა.
    შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.
    იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.
    მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
    პატივისცემით,
    შალვა პაპუაშვილი
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური