აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021 13:43

ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.  ამერიკელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გააცილა, ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მას მასპინძლობა საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გაუწია. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი შეხვედრების გარდა, ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზასაც ეწვია. 

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას, იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.

წაკითხულია 80 ჯერ

Related items

  • თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა

    საქართველო ნატოს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.

  • თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა

    უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალს რიჩარდ კლარკს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

    უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.

  • თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს უმასპინძლა

    საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე  და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები.

    დღესვე, გენერალ-მაიორი დევიდ ტაბორი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ  მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა.

  • ეროვნულ გვარდიაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. კალე ლაანეტსა და დელეგაციის წევრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გვარდიის მეთაურმა ესტონელ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანები, ფუნქციები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინსტრუქტორთა მომზადებისა და ლიდერობის კურსებს, რომლებსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს ესტონელი ინსტრუქტორები უტარებენ. 
    ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, კალე ლაანეტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ჯუანშერ ბურჭულაძე მასპინძლობს. ვიზიტის განმავლობაში ესტონეთის დელეგაციის წევრები ეროვნული გვარდიის გარდა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) კიბერუსაფრთხოების ბიუროსაც მოინახულებენ. 

  • თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია-ირაკლი ღარიბაშვილი

    თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
    მთავრობის მეთაურმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

    აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის დადასტურებაა.

    "დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. პირველად ვიმყოფები საქართველოში და ძალიან მადლობელი ვარ ასეთი თბილი მიღებისთვის. აქამდე რაც ვნახე, ნამდვილად შესანიშნავია და ჩემი აქ ყოფნით ვადასტურებ აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. ეს ურთიერთობა ჩვენს საერთო ფასეულობებს ეფუძნება. წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით, მათ შორის ავღანეთში დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად.
    ძალიან მადლობელი ვარ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

    ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთი საკითხი მინდა ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვის პრაქტიკული განხორციელებისთვის- ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის.
    ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

    ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი აშშ-ის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება.

    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მთავრობის მეთაური აშშ-ის თავდაცვის მდივანს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

    პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს წინსვლის აღიარებისთვის კარგი შესაძლებლობაა და აღინიშნა მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით აშშ-ის ჩართულობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში, რაც, აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური  

     

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური