გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთი გლობალური ბიომრავალფეროვნების ძლიერი დამცველი ხდება

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021 18:45

2021 წლის 11 სექტემბერს გადაღებულ ფოტოზე ჩანს 30-დღიანი ცერემონიის დაწყებამდე საკონფერენციო დარბაზი, სადაც გაეროს  ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-15 სხდომა უნდა გაიმართოს კუნმინში. ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთი, იუნანის პროვინცია. (ლიან ცჟიქიანის ფოტო/სინჰუა)

 

ჩინეთი მხარს უჭერს და წვლილიც შეაქვს ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში და მისი ფილოსოფია ეკოლოგიურ ცივილიზაციაში „ყველა სახელმწიფოსთვის გარდამტეხია გლობალურ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის გზაზე“ - ვკითხულობთ გაეროს მიერ  გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ეკოლოგიური ცივილიზაცია საინტერესო ცნებაა. და რატომაა საინტერესო? იმიტომ, რომ ის საზოგადოებასა და ბუნებას შორის ურთიერთობას აკვირდება“, - აცხადებს ელიზაბეთ მარუმა მრემა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელი მდივანი.

ეს ცნება წარმოადგენს „ბიომრავალფეროვნების ძირითად მიმართულებას სექტორებსა და განყოფილებებს შორის, რაც ყველა სახელმწიფოსთვის გარდამტეხია გლობალურ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის გზაზე“, - აღნიშნა მან „სინჰუასთან“ ამასწინანდელ ინტერვიუში.

ელიზაბეთ მარუმა მრემა ბიომრავალფეროვნების კონვენციის გაეროს წევრების მეთხუთმეტე კონფერენციაში (COP15) მონაწილეობის მისაღებად, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ კუნმინში ჩავიდა.

მისი თემაა: „ეკოლოგიური ცივილიზაცია - საერთო მომავლის მშენებლობა დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმისთვის“. შეხვედრა პირველი გლობალური კონფერენციაა, რომელიც ეკოლოგიური ცივილიზაციის საკითხზე გაერომ მოაწყო.

შეხვედრის პირველი ნაწილი 11 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მონაწილეებმა განიხილეს „2020-ის შემდგომ გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩო-ხელშეკრულება“, რათა მომავალში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებელი გეგმა დეტალურად შეიმუშაონ. მეორე ნაწილში, რომელიც საკუთრივ 2022 წლის პირველ ნახევარში შედგება, ღრმა და ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები გაიმართება ამბიციური და პრაქტიკული გეგმების გახორციელების თაობაზე.  

 

2021 წლის 26 აგვისტოს გადაღებულ ფოტოსურათზე ჩანს ძედუნის ტბა, გუან ეგოის ეროვნულ ტყე-პარკში. ლუნანის ტანჩანის ოლქი, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, განსუს პროვინცია. (სინჰუა/მა ქსიპინ)

 

„ჩარჩო-ხელშეკრულება „ბიომრავალფეროვნების კონვენციის“ მიზნებს ჩაანაცვლებს, რომლითაც ბოლო 10 წელიწადი ვხელმძღვანელობდით, - აღნიშნა მან.

ელიზაბეთ მარუმა მრემას იმედი აქვს, რომ შეხვედრის პირველსავე ნაწილში კუნმინის დეკლარაციას მიიღებენ, რომელიც, მისივე თქმით, „ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას იმპულსს მისცემს“ და წარმოაჩენს, რომ „ბიომრავალფეროვნების დაკარგვა არ მოგველის“.

გასული ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი ბიომრავალფეროვნების ძლიერი დამცველი იყო და დღის წესრიგში სერიოზული წვლილიც შეჰქონდა, - დასძინა ელიზაბეთ მარუმა მრემამ.

მისივე განცხადებით, ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონვენციის მონაწილე გახდა. მან კონვენციის ორი პროტოკოლის - კარტახენის ბიოუსაფრთხოების პროტოკოლისა და ნაგოიის მოგების ერთობლივი გამოყენების პროტოკოლის - რატიფიცირებაც მოახდინა.

მეტიც, ჩინეთი ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანაა კონვენციის და პროტოკოლების ბიუჯეტებისთვის, განსაკუთრებით, 2019 წლიდან, - ამბობს ელიზაბეთ მარუმა მრემა.

COP15 კონფერენციის მასპინძლობით ჩინეთმა კიდევ ერთხელ მოახდინა დემონსტრირება, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში მას ლიდერის პოზიცია უკავია, - ხაზი გაუსვა მან.

ელიზაბეთ მარუმა მრემა ასევე აღიარებს ჩინეთის მიერ ბოლო ათწლეულებში გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობას, რომელთა მიზანსაც ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენდა, და ამბობს, რომ გაწეული საქმიანობა შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომლის მიბაძვაც ურიგო არ იქნებოდა სხვა ქვეყნების მხრიდან და რომლიდანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

„ჩინეთის მთავრობა არ ცვლის გრძელვადიან მიდგომას ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შეჩერებისა და უკან შემობრუნების საქმეში. ამ მხრივ ის მრავალფეროვან დისციპლინურ მიდგომებს იყენებს, რაც სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებთან გასამკლავებლად ნაცადი ხერხია; იყენებს პოლიტიკურ მიმართულებასაც, მათ შორის, ეკოლოგიურ წითელ ხაზებს და ქმნის მოქნილ გარემოს, რომელსაც მომავალში ზეგავლენებთან და შოკებთან გამკლავების უნარი ექნება“, - ამბობს ელიზაბეთ მარუმა მრემა.

 


ამ ანტილოპების (ტიბეტური) ერთ-ერთი სახეობა ასევე შემჩნეულია კუკუშილის ეროვნულ ნაკრძალში, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, ცინხაის პროვინცია. 2021 წლის 20 აპრილი. (სინჰუა/უ განი)

 

„და ჩინელების წარმოდგენა ბუნებისა და ადამიანის ერთიანობაზე, იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნებისთვის კარგი მაგალითი იქნება მისაბაძად, - დასძენს იგი.

ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას ელიზაბეთ მარუმა მრემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე კოვიდპანდემია უმთავრესია, რომელიც გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზეც ახდენს და ბიომრავალფეროვნებაზეც.

2019 წელს გამოქვეყნებულ გაეროს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბიომრავალფეროვნების დაკარგვას ხუთი პირდაპირი ფაქტორი განაპირობებს: ზღვისა და მიწის შემადგენლობის ცვლილება, ორგანიზმების პირდაპირი გამოყენება, დაბინძურება და უცხო სახეობების ინვაზია.

ბიომრავალფეროვნების დაკარგვის აღსაკვეთად, ელიზაბეთ მარუმა მრემას აზრით, მთელმა მსოფლიომ ქმედითად უნდა დაიცვას ხმელეთი და ოკეანეები, უზრუნველყოს მტკიცე მოხმარება და წარმოება, უზრუნველყოს ყველა სექტორის ჩართულობა გარემოსდაცვით საქმიანობაში და გააძლიეროს თანამშრომლობა ხელისუფლებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის.

„ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა გარდამტეხ ქმედებებზე. ისღა დაგვრჩენია, რომ ბუნებასთან მიდგომა შევცვალოთ, - დასძინა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა ელიზაბეთ მარუმა მრემამ.

სტატია მომზადებულია ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ მასალის მიხედვით.

 

 

წაკითხულია 99 ჯერ

Related items

  • დროა დასრულდეს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა საქართველოში

    ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ხორვატიის საელჩოები საქართველოში.

    ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ქალებსა და გოგოებს, რომლებმაც ძალადობა იწვნიეს. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
    ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
    გასული წლების მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მათ შორისაა, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, გენდერული კვოტირების შემოღება, ამ კანონების აღსრულების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტების გაძლიერება, სხვადასხვა დისკრიმინაციული სოციალური სტერეოტიპის დაძლევა, ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული სერვისების მიწოდება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
    მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ქალთა შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობის, გამყარებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ქართველი ქალები და გოგოები კვლავ განიცდიან ძალადობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
    საქართველოში გრძელდება სექსუალური ძალადობა, რასაც სხვა მიზეზებს შორის, საზოგადოებრივი დამოკიდებულების არასაკმარისი ცვლილებაც განაპირობებს. მოსახლეობის თითქმის მესამედი თვლის, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები თავად ახდენენ თავდასხმის პროვოცირებას. ასეთი დამოკიდებულების გამო, ბევრი ქალი დანაშაულის შეტყობინებას ერიდება და დახმარებას არ ითხოვს. სექსუალური ძალადობის შეტყობინების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.
    ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე დგანან ქალები და გოგოები მოწყვლადი სოციალური ჯგუფებიდან, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ამ მხრივ, მდგომარეობას ამწვავებს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.
    ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი გავლენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე კვლავაც დაბალია. ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა შედარებით გაიზარდა 2020 და 2021 საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგად, თუმცა საქართველოს პოლიტიკაში კვლავ კაცები დომინირებენ.
    ყველა დონის სახელმწიფო უწყებამ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, რაც გენდერული ძალადობის პრევენციის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სტამბოლის კონვენციის შესასრულებლად (გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიციის ჩათვლით). ეს ასევე წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც ქვეყანამ 2021 წელს გლობალური მოძრაობის „თანასწორობის თაობის“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო კოალიციის ფარგლებში აიღო.

    პოლიციისა და სასამართლო ინსტიტუტების მხრიდან მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. აუცილებელია პრევენციული სტრატეგიების გააქტიურება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის ისეთი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს კაცებისა და ბიჭების ჩართულობას მავნე სტერეოტიპებთან ბრძოლაში.

    ყოველმა ჩვენთაგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებაში და ისეთი მომავლის მშენებლობაში, რომელშიც ყველას ექნება წარმატების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეალური შესაძლებლობა.
    მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში.

    წყარო: გაეროს ოფისი საქართველოში

     

  • ეკონომიკის მინისტრმა შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ქალაქ შანხაის რიგით მეოთხე იმპორტის საერთაშორისო ექსპოს ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ცერემონიას უცხოელი მონაწილეების დიდი ნაწილი ონლაინ ფორმატში ჩაერთო.

    შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით 2018 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ექსპოზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს.

    აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში, საქართველოს ბიზნესდელეგაცია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ორჯერ მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია იყო დივერსიფიცირებული და მოიცავდა როგორც სურსათს, ასევე სამრეწველო ნაწარმს. 

    ამასთან, გამოფენაზე 2019 წელს საქართველოს სტენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს ექსპოს მონაწილე 190 ქვეყანას შორის. გამოფენამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

  • პრემიერ-მინისტრმა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

    ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მე-20 საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა, სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული.

    პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების ფონზე სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კონკრეტული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენს საზოგადოებებს მოამზადებს კლიმატის ცვლილების გარდაუვალი გავლენისთვის.

    "მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ჩინეთის ქ. ციანსიში დაიწყო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით

    ქალაქ ციანსიში, /გუიჟჯოუს პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი/, დღეიდან დაიწყო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.

    გუიჟჯოუს პროვინციის მოსახლეობა დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით 38,8 მილიონს აჭარბებს. მთლიანად ჩინეთში დღეის მონაცემებით აცრილია მოსახლეობის 76,48 პროცენტი. 

    სინხუა / ფან უის ფოტო

  • ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების მსოფლიო ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, 120-მდე სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში იმართება.
    მთავრობის მეთაური გაერთიანებულ სამეფოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

    პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით 1-ელ ნოემბერს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
    გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

    გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური