პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021 10:08

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა  მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. 
საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს  და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა. 
2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება. 
პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის  მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და  მძიმე შედეგი გამოიწვია.).
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების  მოთხოვნით,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წაკითხულია 154 ჯერ

Related items

  • „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მადლობის გზავნილი აჭარის მთავრობას

    13 მაისს, 19:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ (მის: ე.ნინოშვილისა და ს. ჟღენტის ქუჩების კვეთა) რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება რევმატოიდული ართრიტის საინფორმაციო კამპანიის “ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ეწყობა და მიზნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მადლიერების გამოხატვას ისახავს.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან აჭარის რეგიონში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. 

    ღონისძიებას დაესწრებიან გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენლები, ექიმი-რევმატოლოგები, პაციენტები, მხარდამჭერები, სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლები.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.

    ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. გლობალური სტატისტიკის მიხედვით რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს - მძიმე ქმედუუნარობა.

    რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების  პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, შესაბამისად საარსებო წყაროს და სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემიდან დამატებით რესურსებს მოითხოვს.

  • სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

    ჩენგდუ, 10 მაისი (სინჰუა) - ხუთი ადამიანი დაიღუპა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად რონგსიან ოლქში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, განაცხადეს სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

    მათი ინფორმაციით, ტრაგედია ორშაბათს, დაახლოებით 14:30 საათზე, რონგსიანის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე მაშველები გაგზავნა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სამშაბათს, 0:14 საათზე, ბოლო მსხვერპლის ცხედრის აღმოჩენიდან მალევე დასრულდა.

    ამ დროისთვის სტიქიის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილებზე არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

  • ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

    ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში

    ლიბერთი განაგრძობს ინფრასტუქტურის განახლებას და ახალი ფილიალების გახსნას. ამჯერად ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში, ( ჭავჭავაძის 103 ნომერში) გაიხსნა, სადაც მომხმარებელი სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებს.

    ,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ და ვაგრძელებთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი ფილიალების გახსნის პროცესს. ლიბერთი, მესამე სისტემური ბანკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გვაქვს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი. სერვის ცენტრების გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეწარმეებთან და ფერმერებთან. დღეისათვის 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას ვემსახურებით. მომავალშიც გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თანამედროვე საბანკო პროდუქტების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას“, - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • საქართველოს პროკურატურის განცხადება!

    საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.
    აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.
    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.
    ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

  • საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

    საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ამის შესახებ დრეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.

    გერმანული მხარის ჩართულობით და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

    საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 110 თანამშრომელი მონაწილეობდა.

    ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა; ამოღებულ იქნა 100-ზე მეტი ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა. გამოთხოვილ იქნა ელექტრონული ინფორმაცია ათეულობით ობიექტიდან; განხორციელდა არაერთი საპროცესო მოქმედება - ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ ქონებებს, ავტომანქანებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად თანხებს, სხვადასხვა კომპანიების წილებს.

    საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ:

    2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

    დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

    დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

    ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.

    ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

    ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე.

    დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხები, საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.

    აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

    საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ჯგუფის 7 წევრი. ექვს მათგანს წარედგინათ ბრალდება თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქართველოს პროკურატურამ ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულ იქნა მის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობის გამოყენების მიზნით.

    გამოძიება, გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით.

    საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს რა საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლების, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგის პროკურატურის და ბავარიის სახელმწიფო პოლიციის მიმართ, გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში სამომავლო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური