ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ერთი სადარბაზო ჩამოინგრა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021 12:55

დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოულოდნელად ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წაკითხულია 161 ჯერ

Related items

  • „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მადლობის გზავნილი აჭარის მთავრობას

    13 მაისს, 19:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ (მის: ე.ნინოშვილისა და ს. ჟღენტის ქუჩების კვეთა) რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება რევმატოიდული ართრიტის საინფორმაციო კამპანიის “ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ეწყობა და მიზნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მადლიერების გამოხატვას ისახავს.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან აჭარის რეგიონში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. 

    ღონისძიებას დაესწრებიან გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენლები, ექიმი-რევმატოლოგები, პაციენტები, მხარდამჭერები, სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლები.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.

    ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. გლობალური სტატისტიკის მიხედვით რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს - მძიმე ქმედუუნარობა.

    რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების  პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, შესაბამისად საარსებო წყაროს და სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემიდან დამატებით რესურსებს მოითხოვს.

  • ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

    ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში

    ლიბერთი განაგრძობს ინფრასტუქტურის განახლებას და ახალი ფილიალების გახსნას. ამჯერად ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში, ( ჭავჭავაძის 103 ნომერში) გაიხსნა, სადაც მომხმარებელი სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებს.

    ,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ და ვაგრძელებთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი ფილიალების გახსნის პროცესს. ლიბერთი, მესამე სისტემური ბანკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გვაქვს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი. სერვის ცენტრების გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეწარმეებთან და ფერმერებთან. დღეისათვის 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას ვემსახურებით. მომავალშიც გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თანამედროვე საბანკო პროდუქტების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას“, - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა  მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. 
    საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს  და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა. 
    2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება. 
    პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის  მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და  მძიმე შედეგი გამოიწვია.).
    პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების  მოთხოვნით,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
    ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება.
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • შინაგან საქმეთა მინისტრი: საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოყვანილი (ვიდეო)

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოყვანილი და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

    შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 10 მოქალაქე. ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
    "გიდასტურებთ, ორი ადამიანია, ორივე ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, თუმცა კონტაქტურები, ორივე გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, დამიზუსტებენ ახლა. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 7-8 კაცი, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. ვმუშაობთ მთელი ღამე და გაგრძელდება მუშაობა თუნდაც ხვალამდე, სანამ არ დასრულდება და ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს.
    ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, იქიდან გამომდინარე, რომ გადარჩენილი ადამიანი ჩვენ არ დავაზიანოთ. მძიმე სამუშაოა, კიდევ ხაზს ვუსვამ, იქედან გამომდინარე, რომ ორ კორპუსს შუა დგას ეს ჩამონგრეული კორპუსი. ორივე მხრიდან მუშაობენ, ხედავთ, რომ აქტიურად მუშაობენ, როგორც ტექნიკა, ასევე, ტრაქტორები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის - ამ ბეტონების და ე.წ. სინკარების გადმოლაგება, რომ ადამიანი, თუ ცოცხალი გადარჩა, სწრაფად ვუშველოთ, გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
    რაც შეეხება ბავშვებს, ინფორმაციით, უნდა იყოს 2 ან 3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ჯერ ვერაფერს ვერ გიდასტურებთ.
    ორი ადამიანი იქნა ამოყვანილი, მძიმედ არიან, მაგრამ ცოცხლები, კონტაქტური და გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. როგორც მომახსენეს ახლა მაშველებმა, ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, ვერ გიდასტურებთ 100 პროცენტით. რასაც ახლა ვაზუსტებ, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს მოყოლილი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
    ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
     

  • შსს-ს განცხადება - ბათუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

    რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

    ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ სამაშველო ოპერაციას.

    შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური