ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ერთი სადარბაზო ჩამოინგრა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021 12:55

დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოულოდნელად ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წაკითხულია 92 ჯერ

Related items

  • პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა  მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. 
    საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს  და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა. 
    2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება. 
    პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის  მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და  მძიმე შედეგი გამოიწვია.).
    პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების  მოთხოვნით,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
    ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება.
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • შინაგან საქმეთა მინისტრი: საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოყვანილი (ვიდეო)

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოყვანილი და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

    შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 10 მოქალაქე. ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
    "გიდასტურებთ, ორი ადამიანია, ორივე ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, თუმცა კონტაქტურები, ორივე გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, დამიზუსტებენ ახლა. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 7-8 კაცი, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. ვმუშაობთ მთელი ღამე და გაგრძელდება მუშაობა თუნდაც ხვალამდე, სანამ არ დასრულდება და ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს.
    ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, იქიდან გამომდინარე, რომ გადარჩენილი ადამიანი ჩვენ არ დავაზიანოთ. მძიმე სამუშაოა, კიდევ ხაზს ვუსვამ, იქედან გამომდინარე, რომ ორ კორპუსს შუა დგას ეს ჩამონგრეული კორპუსი. ორივე მხრიდან მუშაობენ, ხედავთ, რომ აქტიურად მუშაობენ, როგორც ტექნიკა, ასევე, ტრაქტორები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის - ამ ბეტონების და ე.წ. სინკარების გადმოლაგება, რომ ადამიანი, თუ ცოცხალი გადარჩა, სწრაფად ვუშველოთ, გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
    რაც შეეხება ბავშვებს, ინფორმაციით, უნდა იყოს 2 ან 3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ჯერ ვერაფერს ვერ გიდასტურებთ.
    ორი ადამიანი იქნა ამოყვანილი, მძიმედ არიან, მაგრამ ცოცხლები, კონტაქტური და გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. როგორც მომახსენეს ახლა მაშველებმა, ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, ვერ გიდასტურებთ 100 პროცენტით. რასაც ახლა ვაზუსტებ, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს მოყოლილი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
    ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
     

  • შსს-ს განცხადება - ბათუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

    რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

    ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ სამაშველო ოპერაციას.

    შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

  • ევროკავშირი თქვენთანაა და იგი ძლიერ, სანდო პარტნიორად რჩება - შარლ მიშელი

    „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებლები არიან. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მისივე თქმით, ერთი თაობა, რომელმაც მიაღწია პროგრესს, ამ გზაზე ასევე იყო მტკივნეული დაბრკოლებებიც. "ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და ეს არ ყოფილა იოლი გზა. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. „ევროკავშირი თქვენთანაა და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო მისწრაფებები და საჭიროებები. თქვენ ყველას ერთად გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად", - აღნიშნა მან.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე არის ყველაზე ამბიციური ფორმა თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირს სხვა ქვეყანებთან აქვს.

    „2019 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 45 პროცენტითაც კი იმატა ჩვენმა ვაჭრობამ და ევროკავშირი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ზოგიერთი ქვეყნისთვის. ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა თქვენი საკანონმდებლო სივრცე და ჩარჩო სისტემა განვითარდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს თქვენი ქვეყნის მეწარმეობა ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი სარგებელი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ნახევარ მილიონზე მეტი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობას. სულ 80 ათასი გაცვლითი პროგრამა არსებობს ერასმუსის პროგრამის ფარგლებში““ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პრესის დაცულობა – ეს ის ფასეულობებია, რომელიც კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა.

    შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პანდემია მხოლოდ გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევით დაიძლევა.

    „დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ კოვიდ 19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობით თუ დაიძლევა. 2,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოვახდინეთ ამ კრიზისის დასაძლევად. ეს ძლიერი მხარდაჭერა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორი და დონორია ვაქცინაციის პროცესში. “, - განაცხადა შარლ მიშელმა.

    ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

    კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

  • ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ უმასპინძლებს, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

    აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

    სესიის მსვლელობისას განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვა.

    შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიიდან გამომდინარე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს არ გაიმართა, მიმდინარე წელს იგი ჰიბრიდული ფორმატში ტარდება, 2019 წელს კი ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსების ათი წლისთავს მიეძღვნა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური