აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021 15:41

საქართველოში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კახეთში, წინანდალში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე.  

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი შედეგიანია და რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება. „აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ. მან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს და ამ კუთხით ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიაზე გააჟღერა.

თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ქართველ კოლეგას ნაყოფიერი შეხვედრებისთვის და მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. „შეხვედრებზე განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სხვა მიმართულებებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პერსპექტივით განვიხილეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

„დღევანდელი შეხვედრები წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ნიმუშს. სამმხრივი შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა მოძმე და მეგობარ ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და სამმხრივ ფორმატში გადასადგმელი ნაბიჯები. განვიხილეთ მომავალი პერსპექტივები და ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.

მინისტერიალის დასასრულს, სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

წაკითხულია 111 ჯერ

Related items

  • თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა

    საქართველო ნატოს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.

  • თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა

    უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალს რიჩარდ კლარკს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

    უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, დ. ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ესაუბრა

    2021 წლის 15 ნოემბერს, ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ესაუბრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

    განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის გაძლიერების და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობა.

    დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.

  • აზერბაიჯანი და სომხეთი დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთთან საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საზღვარზე სიტუაცია ამჟამად სტაბილურია.

    სომხეთის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი, ხოლო 13 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები 16 ნოემბერს დაიწყო. ამ ფონზე აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

    მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა ევროკავშირმა და ეუთომ. მოგვიანებით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijani-da-somkheti-16-noembris-shetakebebis-shedegad-daghupulebisa-da-dachrilebis-shesakheb-informacias-avrceleben/

  • თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს უმასპინძლა

    საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე  და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები.

    დღესვე, გენერალ-მაიორი დევიდ ტაბორი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ  მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური