ევროპარლამენტართა ჯგუფი - გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021 09:56

გვსურს, ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, – ამის შესახებ ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროპარლამენტარების შეფასებით, არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა.

„გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნების პირველი რაუნდი ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.

ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.

არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა. ამომრჩეველს რეალური არჩევანი მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია.

კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, პროცესის დროს არსებული გარკვეული პროცედურული პრობლემების მიუხედავად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია გარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც ევროპარლამენტის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში ვერბალური ან ფიზიკური კონფრონტაციით სრულდებოდა.

„ძალიან ხშირად, პოლიტიკურ დებატებში ჭარბობდა პირადი თავდასხმები, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა.

საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ასევე მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული.

საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო მეტად უნდა გაუმჯობესდეს, გათვალისწინებული უნდა იქნას ეუთო\ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტას და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას. ასევე, აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხის გადაჭრა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტი არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი დააყენონ.

„არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც პირველი ტურის დროს დაფიქსირდა. და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს. მათ პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, დაპირისპირების ფურცელი უნდა გადაშალონ ერთხელ და სამუდამოდ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ.

ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორს დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის კუთხით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოთქვამენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: კავკასიის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

წაკითხულია 170 ჯერ

Related items

  • პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მედია გაშუქებაზე აისახება

    ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგებს აქვეყნებენ

    თბილისი. 14 დეკემბერი 2021 – ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 5 ივლისიდან 14 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში შესულია არჩევნების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები და თვისებრივი ანალიზი 54 მედია-საშუალების მიხედვით (27 ეროვნული და 27 რეგიონული). მედიამონიტორინგი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს საქართველომ და CRRC-საქართველომ.
    მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართული მედია საკმაოდ ეფექტიანად აშუქებდა საარჩევნო მოვლენებს. მედია-საშუალებები დროულად აქვეყნებდნენ მიმდინარე ინფორმაციას და მრავალფეროვან კომენტარებსა და მოსაზრებებს სთავაზობდნენ ამომრჩევლებს.
    ცვალებადი წინასაარჩევნო გარემო და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების გაშუქებაზე საგრძნობლად აისახა. მედიის დღის წესრიგს განსაზღვრავდა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენათა მთელი რიგი, მათ შორის ივლისში განვითარებული ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ხოლო შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და ამის გარეშემო განვითარებული მოვლენები.
    სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები ამ ფაქტებს სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და შეფასებას აძლევდნენ.
    მედია-ბანაკებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო სამაუწყებლო მედიის შემთხვევაში (ტელევიზია და რადიო). მედია-საშუალებათა უმრავლესობა მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
    საარჩევნო ტელედებატები ორი ტელევიზიის ეთერში გაიმართა, რაც საქართველოს პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს პირობებში, საკმაოდ დიდი მიღწევაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დებატების მსვლელობისას, ჟურნალისტები კრიტიკული კითხვების დასმას ერიდებოდნენ, ხოლო ზოგიერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.
    წინასაარჩევნო პერიოდში, მედია-საშუალებები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, თუმცა არჩევნების დღისა და მეორე ტურების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა გაიზარდა და ეთიკის სტანდარტების დარღვევაც გახშირდა.
    გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეინიშნებოდა, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.
    სხვა არჩევნებთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა მედიის ყველა სექტორში.
    პოლიტიკური მიკერძოება ნაკლებად შეიმჩნეოდა ონლაინ მედიის სექტორში. როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მედია-საშუალებები ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ და არჩევნები ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით გაეშუქებინათ. ამასთან ერთად, ონლაინ მედიაში გაშუქების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობაც შეიმჩნეოდა.
    „პლურალისტური მედია-გარემოს არსებობის მიუხედავად, საქართველოში არჩევნების გაშუქება მძაფრი პოლარიზებით ხასიათდება. სანდო და დაბალანსებულ ინფორმაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
    „ქართული მედია მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი გარემოა. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას და დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ შეიმჩნევა მედიის რამდენიმე სექტორში“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
    ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგი 2022 წლის მარტამდე, პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც გაგრძელდება.

    ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: mediamonitor.ge

  • საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ

    ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
    საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
    ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
    პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა

    ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

    მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ხალხის და ქვეყნის გამარჯვება. პრემიერმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათი ნდობის გასამართლებლად.
    „რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან, მხოლოდ საქმეზე ვისაუბროთ, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს, კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
    პრემიერ-მინისტრმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცესკოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხდა.

    მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატებები უსურვა წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია.
    „მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა, მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასევე, მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ის არის ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ, მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ამერიკის საელჩოს განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ

    31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა. დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.

    შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. [რეფორმებს] შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს.

    ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნესინვესტიციების მოსაზიდად. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

  • მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკა

    საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1 ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის შედეგების თაობაზე: შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებული 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის მონაცემი. მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. 

    გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.

    დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური