ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 19:09

ცენტრალურ საარჩევნო  კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.  ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობისა და კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.

„კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით - ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის  -41.35- %-ს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ წელს პირველად, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.

ვიდეოკამერის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.

ხმის დათვლის ვიდეო გადაღებაზე პასუხისმგებელი პირები წილისყრით გამოვლინდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში, წილისყრაში ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში - Google drive-ის პლატფორმაზე.

ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადასაღებადაც, რომელიც, ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად, წელს პირველად განხორციელდება. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი გადაითვლება.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი.   ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს, ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, -

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და მათ ხმა მიაცემინეს. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს და ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის ბიულეტენები. შედგენილია სამართალდარღვევის აქტი, და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“,-განაცხადა იოსელიანმა.

წაკითხულია 223 ჯერ

Related items

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შ. პაპუაშვილი აირჩიეს

    დღეს გამართულ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 1-მა დეპუტატმა მისცა.

    შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. კენჭისყრის პროცედურამდე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის შესაბამისად, კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.

    განცხადებები გააკეთეს ფრაქციების წარმომადგენლებმაც. სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გასული წელიც შეაფასა.

    მისი თქმით, საზოგადოება, ერთდროულად, იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.

    „მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე; გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა; ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით, შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში, ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი იქნება.

    „მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტსა და ეროვნულ ამოცანაზეც ისაუბრა.

    „ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

    დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ  და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

    საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

    შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. 

    თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.   

    საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში.

    არჩევნების მეორე ტური  5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის - მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ  საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.

    არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 1830 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 29 სპეციალური უბანი.

    ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

    ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.   გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

    საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ან  შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

    ასევე, 20:00 საათამდე  იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე  იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

    დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ  მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

  • ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.  ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.

    „ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აღნიშნული 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლის დეტალურ სტატისტიკას საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებას გააცნობს უახლოეს მომავალში, რაც ასევე ცესკოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
    3 საარჩევნო ოლქში: დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში კვორუმი არ შედგა და შესაბამისად აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ განხორციელდა. 

    68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც:

    წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით;

    ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით;

    9 ოქტომბრის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებდა, 5-ით აღემატებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას.

    შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

    ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.

    საერთო ჯამში 9 ოქტომბრამდე გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა. 9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

    ამ დროისთვის ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

     

  • კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი 20:00 სთ-ზე დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას როგორც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია, ისე ამ დროისათვის დაფიქსირებული საჩივრების შესახებ სტატისტიკა გააცნო.

    მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  51.92%-ია.  კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

    „დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. დეტალურ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწვდით.

    საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო  -ხმის დათვლის ეტაპი.

    როგორც იცით, საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურა. შესაბამისი პროცედურები განხორციელდა და ახლა მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.  მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

    შეგახსენებთ, რომ ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

    შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის არჩევნები სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.

    ამასთან, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და ზოგადად, გასული წლების გამოცდილება აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.

    ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“, -განაცხადა იოსელიანმა.

  • საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით, მოცემული დროისთვის წარდგენილი საჩივრები, რეაგირება მიმდინარე საარჩევნო თემებზე

    გაგაცნობთ ინფორმაციას 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ: ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28  საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.  თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. 

    ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საჩივრებთან დაკავშირებით, 15:00 სთ-ის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი, მათი უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

    დღეს ასევე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24,3 % დილის 08:00 სთ-ისთვის არ იყო მზად კენჭისყრის პროცესის დასაწყებად. ჩვენ დილიდან წარმოგიდგენთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და უკვე დილის 08:30 სთ-ზე გაცნობეთ, რომ კენჭისყრისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები 08:00 სთ-ზე გაიხსნა. მხოლოდ 10-15 წთ-ის დაგვიანებით გაიხსნა სულ 9 უბანი საქართველოს მასშტაბით (მთაწმინდა 1 უბანი, კრწანისი 2 უბანი, ვაკე 3 უბანი, დედოფლისწყარო  1 უბანი, ხობი 1 უბანი, მარტვილი 1 უბანი), რაც დამეთანხმებით, ვერანაირად ვერ იქნება 3664 უბნის 24.3% პროცენტი. ამავე ორგანიზაციის განცხადებით ზუგდიდის # 90-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც მათი თქმით -„მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა“. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაციაც და გაცნობებთ, რომ რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს უშლიდა ხელს, ისინი ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უღებდნენ ფოტოს, ზემოაღნიშნულის გამო კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა ისინი, თუმცა მოგვიანებით მოუხდა მათი უბნიდან გაძევება.

    მადლობა ყურადღებისთვის. გაცნობებთ, რომ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება 18:00 სთ-ზე და წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 სთ-ის მდგომარეობით.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური