საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021 15:58

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის თაობაზე ტელეკომპანია "მთავარი" აქვეყნებს ინფორმაციას.

როგორც მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, ახლა ბათუმში იმყოფება, სულ მალე კი თბილისში იქნება. "აი, ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს... ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ მივცეთ ხმა. შემდეგ სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით ასი ათასი ადამიანი, ვერავინ დაგვამარცხებს, საქართველო დაადგება განვითარების გზას.

აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სოცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

წაკითხულია 104 ჯერ

Related items

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მ. სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

    თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

    „მინდა მოგმართოთ ქართველ ხალხს და დაგისვათ კითხვა, რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ტყვედ აყვანის წინ და ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი და მოღუშული, ფაქტობრივად არ იღიმება, მინდა გკითხოთ ჩემო საყვარელო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, ტემპი რაიონული განვითარების, სიახლე და აღმშენებლობა სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ მოგენატრათ, ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, - ასე დაიწყო ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მიმართვის სიტყვა. 

    საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

    ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ყველა მედიასაშუალებას მიეცეს სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობა. ამასთან, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სასამართლო სხდომის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ტრანსლირებას ახორციელებდა, რის შესახებ მოსამართლისგან გაფრთხილება მიიღო და ტრანსლირება შეწყვიტა.

    სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე – ხატია დეკანოიძე და ეკა ხერხეულიძე.

    სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

    დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

  • გთავაზობთ მ. სააკაშვილი გადაყვანილი იქნას გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, აცხადებს რ. ბრეგაძე

    ვთავაზობთ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს (გორის) სამხედრო ჰოსპიტალში, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში, დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალების წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

    "ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი მ. სააკაშვილი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ. სიძულვილის ენის, აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენებისა და კანონმორჩილ თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლი თავდასხმის შეწყვეტისაკენ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

     
  • პრეზიდენტმა ქართული რაგბის განვითარებისათვის კლოდ სორელი და ძმები იაშვილები დააჯილდოვა (ვიდეო)

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1997-2003 წლებში, კლოდ სორელი ოქროს საწმისის როდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდო კლოდ სორელს საქართველოს პრეზიდენტმა თავად  გადასცა ბორდოში, საქართველოსა  და საფრანგეთს ნაკრებებს შორის გამართული რაგბის მატჩის შემდეგ. 

    ჯილდო კლოდ სორელს გადაეცა მსოფლიოში ქართული რაგბის პოპულარიზაციის, საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუტრებული პირადი წვლილისა და მისი მხარდაჭერის, ასევე წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობისათვის.

    იმავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, წარმატებული სპორტული საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის რაგბისტი ძმები, გრეგუარ და დიმიტრი იაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

    ,,არაფერი ისე არ აერთიანებს საქართველოსა და საფრანგეთს, როგორც რაგბი. რაგბის ისტორიული ფესვები შესაძლოა, საქართველოში იყოს - ,,ლელო“, რომელიც გარკვეულწილად ქართულ იდეტობას ქმნის, ბუნებრიობა, სპონტანურობა და სხვა ყველაფერი, თუმცა ქართული რაგბი ვერ გახდებოდა ის, რაც დღეს არის, რომ არა კლოდ სორელი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სიმბოლური დღე, რათა თქვენთვის მომემართა და გადმომეცა ქართული ჯილდო, რომელიც ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაა გათვალისწინებული. 

    გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, რომელიც ოქროს საწმისის ორდენია, ოქროს საწმისი, რომელსაც ევროპელები კოლხეთში, ძველ საქართველოში ეძებდნენ. გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართველს ვანიჭებ მას, რადგან, სპორტი საზღვრებგარეშეა. თქვენ საქართველოს მოუტანეთ რაგბის ტექნიკა, დისციპლინა და ამ სპორტის ხელოვნების ჭეშმარიტი პრაქტიკა. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ქართულმა რაგბმა გადალახა საზღვრები და დღეს შეუძლია ითამაშოს და დამარცხდეს საფრანგეთთან. ძვირფასო კლოდ სორელ, ეს ჯილდო საქართველოს მიერ თქვენ მიმართ გამოხატული დაფაასებაა, იმისათვის რაც თქვენ და საფრანგეთმა ქართული რაგბისთვის გააკეთეთ.

    დღეს ასევე, ჯილდოს გადმოგცემთ ძმებ იაშვილებს. ეს ჯილდო  თქვენთან ერთად ეკუთვნის მამათქვენსაც, რადგან ის ფრანგულ რაგბში იაშვილების დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო და ასევე ეკუთვნის ბაბუათქვენს, რომელიც საფრანგეთში ფრანგული წინააღმდეგობის ჯგუფის წევრი იყო, რაც საამაყოა როგორც საფრანგეთის, ასევე, საქართველოსთვის. თქვენი ოჯახი და თითოეული თქვენგანი მაგალითია იმისა, თუ რისი მომტანია ინტეგრაცია და უცხოელის წარმატება საფრანგეთში. მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია დავუბრუნოთ საფრანგეთს ყველა ის სიკეთე, რაც ქართველ ემიგრანტებს ამ ქვეყანამ მისცა. ეს ასევე, წარმომავლობის არდავიწყებისა და წინაპრების სამშობლოსადმი ერთულების შენარჩუნების მოდელია. 

    მე მსურს, რომ ჯილდო, რომელსაც გადმოგცემთ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის, ჩვენი წარმატების და ერთმანეთისათვის საუკეთესოს გაზიარების ნიშანი იყოს. ამისათვის, საქართველის სახელით მადლობას გიხდით!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • სახალხო დამცველი მოითხოვს მ. სააკაშვილის ჩართვას მისივე ბრალდების სასამართლო განხილვებში

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო განხილვებში, უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელიც სასამართლომ დამატებითი კრიტიკული მსჯელობის გარეშე გაიზიარა.

    სასამართლოში ბრალდებულის მიყვანაზე უარის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა (1) მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და (2) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

    პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ აბსტრაქტულად იმაზე მითითება, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად. ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. უფრო მეტიც, კანონმდებლობა განიხილავს მსგავს შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლსაც და ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში ბრალდებულის გადაყვანის პროცესში სამედიცინო მუშაკის თანხლებას მოითხოვს.[1]

    რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბადრაგირება ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად საერთო სასამართლოების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას.[2]

    ამასთან, კანონმდებლობა არ იცნობს პენიტენციური სამსახურის მხრიდან რომელიმე საქმის გამოძიების გამო ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა[3] 10 წელს შეადგენს. ამრიგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესზე მითითება პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაძლებელია კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს, რაც ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნებოდა.

    დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხები მკაფიოდ უნდა განიმარტოს და შეესაბამებოდეს აუცილებლობის (necessity) კრიტერიუმებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც არის ნაკლებად მზღუდავი და გამოიყენონ ყველაზე ნაკლებად მკაცრი შესაძლებლობა, რომელიც უსაფრთხოების საფრთხეებს აკმაყოფილებს.[4] სამართლიანი სასამართლოსა და საჯარო მოსმენის გარანტიები დარღვეულად არის მიჩნეული, როდესაც ეროვნული სასამართლო არ განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლებდა სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატი უსაფრთხოების რისკების გამკლავებას.[5]

    ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიცია ვერ გადაწონის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც სხვა გარანტიებს შორის მოიცავს ბრალდებულის უფლებას პირადად და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის ზეპირ, საჯარო განხილვაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის უზრუნველყოფით.

    სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგენა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი გარანტიებით. ასევე, მიმართავს სასამართლოს, სამივე მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში მისცეს ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.


    [1]„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015 წ. N149 ბრძანება, დანართი N1, 37-ე მუხლი.

    [2]„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015 წ. N149 ბრძანება, დანართი N1, მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი,

    [3] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი, 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი.

    [4] რიეპანი ავსტრიის წინააღმდეგ, 35115/97, პარა, 28-29; კრესტოვსკი რუსეთის წინააღმდეგ, 14040/03, პარა. 29;

    [5] კრესტოვსკი, 29-30; ლუჩანინოვა უკრაინის წინააღმდეგ, 16347/02, 56-57.

  • სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა კვიპროსის უმაღლესი თანამდებობის პირებთან

    კვიპროსის პრეზიდენტთან გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, ასევე, საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის კულტურული ღონისძიებებით აღნიშვნის ინიციატივა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნების ერთად დგომის მნიშვნელობა. 

    საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაცია და ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა.

    საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ანიტა დემეტრიოუსს და მას წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ანიტა დემეტრიოუსმა კიდევ ერთხელ  დაუდასტურა პრეზიდენტს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ კვიპროსის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ კვიპროსი მზადაა ამ მიმართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

    საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსში ასევე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია სამშობლოსთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური