ქართველი ოფიცრები უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო სწავლებაში Rapid Trident 2021 მონაწილეობენ

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021 11:33

უკრაინაში, ლვოვის ოლქში, იავორივის სამხედრო პოლიგონზე მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021 მიმდინარეობს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალები 6 ოფიცრითაა ჩართული, რომლებიც სწავლების საშტაბო კომპონენტში მონაწილეობენ. ქართველი სამხედროები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ოფიცრებით არიან წარმოდგენილი.   

საერთაშორისო სწავლების მიზანი ნატოს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის გაზრდა და სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებების დახვეწაა.  

მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021-ში 15 პარტნიორი ქვეყნის 6000 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სწავლებაში მონაწილეობენ: უკრაინა, აშშ, ბულგარეთი, კანადა, საქართველო, გერმანია, იტალია, იორდანია, ლიეტუვა, მოლდოვა, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. 

Rapid Trident 2021 ყოველწლიური აშშ-უკრაინული სწავლებაა, რომელიც ოფიციალურად 1 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის ძალები Rapid Trident-ში 2013 წლიდან სხვადასხვა კომპონენტში მონაწილეობს.

წაკითხულია 80 ჯერ

Related items

  • თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა

    საქართველო ნატოს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.

  • უკრაინამ პირველად გამოიყენა თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქული წარმოების “Bayraktar TB2“ უპილოტო საფრენი აპარატით დონბასში, პრორუსი სეპარატისტების მიერ გამოყენებული ჰაუბიცა გაანადგურა და ამის ამსახველი კადრები გაავრცელეს ინტერნეტში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტა ჰაუბიცების გამოყენებით დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამავე განცხადებით,  ფაქტთან დაკავშირებით სეპარატისტებს ნოტა გაუგზავნეს ეუთოს სპეციალური მისიის მეშვეობით, მაგრამ შედეგი ვერ იქნა მიღებული და ამიტომ უკრაინის არმიამ პირველად გამოიყენა ჰაუბიცის წინააღმდეგ “Bayraktar TB2“ ტიპის უპილოტო და აიძულა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა.“უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტომ არ გადაკვეთა საკონტაქტო ხაზი და მართვადი რაკეტის გამოყენებით გაანადგურა სეპარატისტების კუთვნილი ჰაუბიცა“ - აღნიშნულია ამ განცხადებაში.

    როგორც ცნობილია 2014 წელს პრორუსმა სეპარატისტებმა, ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და მას შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

  • საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება დაიწყება

    დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა და დღეს უკვე ოფიციალურად ვიწყებთ GI-4-ების წარმოებას, რომლის ყველა დეტალი საქართველოში დამზადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეიში" ვიზიტის დროს განაცხადა.

    მისივე თქმით, საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება დაიწყება, - ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი", რომელიც „დელტას" ბაზაზე გაიხსნა, ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.
    მთავრობის მეთაურმა საწარმოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ავტომატის ყველა ნაწილი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ადგილზე იქნება წარმოებული.
    „ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე. ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას" და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი ადგილზე იქნება წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
    საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
    ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკომპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • ქვეითი ასეულის სამხედროებმა ნატოს შეფასების მე-2 დონის პროგრამა წარმატებით დაასრულეს (ვიდეო)

    „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) საველე სწავლება ჩაატარა და პროგრამა წარმატებით დაასრულა.

    თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე გამართულ სამხედრო წვრთნებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, მავთულხლართიანი დაბრკოლების გადალახვის, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს.

    სწავლებაში მონაწილეობას ჯავშამანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სიტყვით მიმართა და მათ პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა.

    პროგრამის ბოლოს მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სრულად არის მზად მიიღოს მონაწილეობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

     

  • შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა (ვიდეო)

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

    სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
     
    ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "სოხუმი" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK (თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია).
    სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას.
    ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური