ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 სექტემბერი 2021 17:16

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის - ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ

ნავთობკომპანია „სოკარს" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს; განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტი ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა „სოკარის" ინვესტიციების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ კომპანიას ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ქვეყანაში მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მე მინდა, ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს მადლობა გადავუხადო ჩამობრძანებისთვის. ბატონი როვნაგ აბდულაევი არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. იგი წარმოადგენს კომპანია „სოკარს", რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში. „სოკარს" ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ეწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ „სოკარს" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტი ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება. ჩვენ ვიმყოფებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში და ჩვენ ამ მნიშვნელოვან, ლამაზ საჩუქარს გავხსნით დღეს ოფიციალურად. ეს არის საჩუქარი ადგილობრივი  მოსახლეობისთვის - თანამედროვე ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი იქნება, ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ როვნაგს და კომპანია „სოკარს". რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი წავახალისოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. ამას გარდა, მინდა ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ვუთხრა, რომ დღეს ბატონი როვნაგი გახსნის მათი დაფინანსებით სოფელ კაბალში აშენებულ საბავშვო ბაღს. სულ რაღაც ერთი წელია, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო და დღეს უკვე ვხედავთ, რომ მზად არის. პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა. ასე, რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი ძმობის, მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები არიან ჩვენი ძმები და ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. „სოკართან" ერთად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის გაზიფიცირების სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა კომპანია „სოკარის" პრეზიდენტმა. როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ყიზილაჯლოს მოსახლეობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანისთვის შექმნილი პირობების შედეგია ის, რომ აზერბაიჯანმა საქართველოში მილიარდ 200 მილიონის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. მისი შეფასებით, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი და სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ორ ქვეყანას მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. როგორც „სოკარის" პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ია და აღნიშნული შედეგის მიღწევა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება, საქართველოს მთავრობის აქტიური ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. 

კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა" სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.

ღონისძიებას სოფელ ყიზილაჯლოში „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

 

წაკითხულია 233 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა.

    გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად “ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა.

    ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.
    გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო – ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის” ტიტულის მფლობელი.
    მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა.

    მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობას.
    ითქვა, რომ პანდემიამ ოპერატორი კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მთავრობის მეთაური მიესალმა TAV-ის ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნება შეთავაზებული.
    შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირება. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა TAV-თან ერთად აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით.
    შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ხოლო TAV Airports-ის მხრიდან – TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (ვიცე-პრეზიდენტი) ფრენკ მერეიდი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ.
    “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიის მხრიდან საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულად რეაბილიტირდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, თავიანთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ით გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვეიცარიაში  ქალაქ ჟენევაში გაიმართა.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 სექტემბერს სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოლაპარაკებები 2 ოქტომბერს გაიმართება.

    ფაშინიანმა თქვა, რომ შეხვედრის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი მომზადდება.

    აზერბაიჯანის მთავრობას კი შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

  • ი. ღარიბაშვილმა და ხ. კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს

    ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად.ყურადღება გამახვილდა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს.
    პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე. "ჩემთვის დიდი პატივია, ქართველი ხალხის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას კიდევ ერთხელ მოგმართოთ.

    დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.

    მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა.

    2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.

    დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.

    ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ.

    ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური