ევროკავშირის ცისფერი ბარათის ახალი წესები მაღალკვალიფიციური მიგრანტების ევროპაში დასაქმებას გაამარტივებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 17 სექტემბერი 2021 13:26

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის ცისფერი ბარათის რეფორმა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს დასაქმებას გაუმარტივებს. რეფორმა, ამასთან, ძირითად სექტორებში სამუშაო ძალის დეფიციტის შევსებასაც შეუწყობს ხელს.
2009 წლის ბოლოს ამოქმედებული ცისფერი ბარათის დირექტივა განსაზღვრავს ევროკავშირში შესვლის და ცხოვრების პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები (და მათი ოჯახის წევრები), თუ მათ ევროკავშირის შიგნით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე სურთ დასაქმება. 
განახლებული წესების მიხედვით, დასაქმების მსურველებმა საკუთარი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების გარდა უნდა წარადგინონ შრომითი ხელშეკრულება ან იურიდიულად სავალდებულო სამუშაოს შეთავაზება მინიმუმ ექვსი თვის ვადით. აქამდე მოთხოვნილი სამუშაო კონტრაქტის ვადა 12 თვე იყო. 
სამუშაოს მაძიებელთა სახელფასო ქვედა ზღვარი შემცირდა და ევროკავშირის წევრ დამსაქმებელ სახელმწიფოში არსებული საშუალო წლიური ხელფასის მინიმუმ 100%-ს და არაუმეტეს 160%-ს შეადგენს. აქამდე ეს მაჩვენებელი მინიმუმ 150% იყო და ზედა ზღვარი არ გააჩნდა.
ევროკავშირის ცისფერი ბარათის მიღება ასევე შეუძლიათ საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარებს — მაგალითად, იძულებით ადგილნაცვალ პირებს — რომლებსაც განაცხადის შეტანა ევროკავშირის იმ ქვეყანაში სურთ, სადაც თავშესაფარი ან დაცვის სხვა სტატუსი არ მიუღიათ.
ევროკავშირის ცისფერი ბარათის მფლობელებს სხვა წევრ სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლის უფლება მას მერე ექნებათ, რაც 12 თვეს დაყოფენ ქვეყანაში, რომელმაც მათ ცისფერი ბარათი მიანიჭა. ისინი ასევე შეძლებენ, უფრო სწრაფად წაიყვანონ ოჯახის წევრები, რადგან შესაბამისი პროცედურები დაჩქარებულია და მათი დასაქმების პროცესიც გამარტივებულია.
ევროსტატის მიხედვით, წინა წლებში სქემა საკმარისი რაოდენობის სპეციალისტებს  ვერ იზიდავდა. შედეგად, 2019 წელს ევროკავშირში მხოლოდ 36,806 ცისფერი ბარათი გაიცა. ამასთან, მათი უდიდესი ნაწილი გერმანიის მიერ იყო გაცემული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ევროპის პარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებიდან  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ევროკავშირში შესვლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ახალი წესები შეათანხმეს. განახლებული წესები ევროკავშირის ცისფერი ბარათის შესახებ დირექტივის გადახედილი ვერსიის ნაწილია

ახალი წესები ევროკავშირს მაღალკვალიფიციური მუშახელის მიზიდვაში დაეხმარება. კერძოდ, მიგრანტთა მიღების პირობები უფრო მოქნილი გახდება. სპეციალისტებს კი  მიეცემათ მეტი უფლებები, რაც მუშაობისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში  გადაადგილების გაუმჯობესებული შესაძლებლობებით გამოიხატება. 

მასალა მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

წაკითხულია 310 ჯერ

Related items

  • EU4Culture საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

    1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ.თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრეს-კონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

    კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან შერჩეულ იქნა შემდეგი 3 ქალაქი: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.

    შერჩეული ქალაქები  მიიღებენ მაქსიმუმ 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

    ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - ბ-ნი კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.

    EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

  • სებასტიან მოლინეუსი - ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ

    ირაკლი ღარიბაშვილმა და სებასტიან მოლინეუსმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის საკითხები მიმოიხილეს.

    განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მსოფლიო ბანკის ჩართულობა დასაფასებელია. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის გამოყო ფინანსური სახსრები, რაც ჯამში 2,7 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელი კი 12 აქტიური საინვესტიციო პროექტისა და განვითარების პოლიტიკის ოპერაციებისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 928 მილიონი აშშ დოლარია. საუბრისას აღინიშნა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე ორიენტირებულმა პროექტებმა ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის ეტაპობრივი აღდგენის პროცესს დიდი სტიმული მისცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს, ამიტომ რეგიონული განვითარების პროექტები მთავრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულია, ამ კუთხით კი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

    „ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. საუბრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. პირველი მათგანია ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ამზადებს მსხვილ და ვიტყოდი - გარდამქმნელ სარეფორმო პროგრამას, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები, რაც ქვეყნის ბევრ მოქალაქეს ძალიან ძვირი უჯდება. იგივე მოლოდინია საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ პიზას (PISA) საერთაშორისო რეიტინგში ქვეყანა დაწინაურდება და ადრეული სასკოლოდან საუნივერსიტეტო დონემდე სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მესამე მიმართულებაა სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რათა დაიხვეწოს მიზნობრიობა და დახმარება ისეთმა ოჯახებმა მიიღონ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მას - თან ბავშვებიანმა ოჯახებმა. ეს არის ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი. ჩვენი საუბრის პირველი მთავარი თემაც ეს გახლდათ. მეორე საკითხი იყო ახალ კორონავირუსზე რეაგირების ზომები, რათა მთავრობის მიერ განხორციელებული დადებითი ინიციატივები - მწვანე პასპორტები, ხანდაზმულებისთვის ფინანსური დანამატები - გაგრძელდეს და გაძლიერდეს მძლავრი საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით. ყოველივე ამის მიზანია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია. მესამე საკითხად განვიხილეთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გასაზრდელად, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი? კიდევ რა რეფორმაა საჭირო მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად? აქ საუბარი მაქვს კონკრეტულად კლიმატის დღის წესრიგზე. და ბოლოს, რა არის საჭირო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ციფრული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საქართველოში?

    ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ ეხებოდა ლოგისტიკას. როდესაც საუბარია რეგიონალურ დაკავშირებადობაზე და ინტეგრაციაზე, საქართველო ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ასევე გლობალურად, რადგან ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია აქ, ამ რეგიონში",- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ევროკავშირი საქართველოს და მოლდოვის COVID-სერტიფიკატებს აღიარებს

    16 ნოემბრიდან ევროკავშირი აღიარებს COVID-სერტიფიკატებს, რომლებიც საქართველოს და მოლდოვის მიერ ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების ანალოგიური პირობებით გაიცემა. ევროკომისიის მიერ 15 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სერტიფიკატების ორმხრივი აღიარება ასევე ახალ ზელანდიას და სერბეთს ეხება.

    ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოთხი ქვეყანა ევროკავშირის სისტემას დაუკავშირდება. ამავე დროს, ოთხივე სახელმწიფო ევროკავშირიდან მათ ქვეყნებში შესულ პირებზე გაცემულ ევროკავშირის ციფრულ COVID-სერტიფიკატებს აღიარებს. 

    „დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთი კონტინენტის ახლა უკვე 49 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული არის ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატის სისტემასთან დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის დროს ადამიანებმა თავი კვლავ უსაფრთხოდ იგრძნონ“, —  აღნიშნა ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში, დიდიე რეინდერსმა.

    უკრაინა და სომხეთი ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების სისტემასთან უკვე დაკავშირებულები არიან.

    „ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მხარს ვუჭერდით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას პანდემიური შეზღუდვების უსაფრთხოდ მოსახსნელადაც“, — განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ. 

    ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ვებსაიტზე და კითხვა-პასუხის ფორმატში.

  • „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საქართველოსა და ევროპის სამსახურში

    „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას დიდი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ გვინდა ეს მხარდაჭერა გამოვიყენოთ აქტიურად, რათა საქართველოს და ევროკავშირის ღირებულებები დავაახლოვოთ ერთმანეთს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“, მენტორმა ქეთევან მურღულიამ განუცხადა.

    ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით დაარსდა. მისი დამფუძნებელია ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინი, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით - ილიას გზით ევროპისკენ. დღეს ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკულ წიგნების თაროს, რომელიც ამერიკული კუთხეების ქსელის ნაწილია.

    ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც თელავში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა, მისი უშუალო მხარდამჭერი, კორპორაცია "ქინძმარაულის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

    „ჩვენი ძირითადი მიზანი, რის გამოც გადავწყვიტეთ, საქართველოს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივასთან მიერთება, არის ის, რომ აქტიურად მოვახდინოთ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, გავაცნოთ ადგილობრივ მოსახლეობას ევროკავშირის პროექტები, და დავაახლოვოთ ევროკავშირს ქართული საზოგადოება. რაღა თქმა უნდა ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს ნათელი მომავალი და ჩემს 90 კოლეგასთან ერთად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მყარი გავხადოთ ჩვენი ევროპული მომავალი“, - ამბობს ქეთევან მურღულია. 

    მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და უკვე ხუთი წლის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია, სწორედ აი ამ ახალგაზრდების გამორჩეული მონდომებით და შრომით. ისინი მომზადებას გადიან, როგორც ტრენერები, თავად იღებენ ყველა ინფორმაციას რაც მათ აინტერესებთ ევროინტეგრაციის შესახებ და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციას რაიონებში ავრცელებენ. „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით  რუსული პროპაგანდის ფონზე, როდესაც ათასი მითი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რაიმე საფრთხეს უქმნის ან ჩვენს იდენტობას ან კულტურას და ასე შემდეგ, რაც არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად მცდარი და ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ არაკეთილგანწყობა გამოიწვიოს მოსახლეობაში და შეამციროს ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ამ კურსს საბედნიეროდ აქვს წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა და უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი“ - ქეთევან მურღულიამ.

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიება, ყვარელში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა. ღონისძიება საიბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელსაც თან ახლდა კორპორაცია "ქინძმარაულის" საუკეთესო ღვინის ჯიშებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი არომატის მქონე სასმელები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    ფოტოების ავტორი: თორნიკე ზიზიაშვილი / ევროკავშირი

  • Team Europe: ევროკავშირი და საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ

    ევროკავშირი და საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები ერთობლივი ძალებით შეიტანენ წვლილს საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებაში. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საფრანგეთის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, მონაწილე მხარეებმა ხელმოწერის ღონისძიებით აღნიშნეს პროექტის დაწყება და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საერთო ძალისხმევა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და სოციალური უფლებების გაფართოებისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის.
    2021 წლის 10 ნოემბერს, დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ხელმოწერის ცერემონიალით აღინიშნა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ პროექტის დაწყება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ექსპერტიზ ფრანსის(Expertise France HYPERLINK "https://afd.fr/"- HYPERLINK "https://afd.fr/"Agence Française de Développement HYPERLINK "https://afd.fr/"Group − AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ (CzDA), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბატონმა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და ბატონმა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ. სამინისტროს პოზიციის შესახებ ისაუბრა ქალბატონმა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ხოლო პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ წარუდგინა პროექტი.
    „სოციალური დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების ნაწილია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვიზრუნოთ საზოგადოების მოწყვლად წევრებზე და უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს სოციალურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ19-ის რეალობის გათვალისწინებით, რადგან უამრავი ადამიანი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას. ამის გათვალისწინებით, მოხარულნი ვართ, დავიწყოთ ახალი პროექტი Team Europe პარტნიორებთან ერთად, რომელიც იმედი გვაქვს, უახლოეს წლებში პოზიტიურ ცვლილებებში აისახება“, განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ.
    საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა განაცხადა: “საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებს შორის უკვე არსებობს გლობალური ალიანსი და მოხარული ვარ, რომ ამ თანამშრომლობამ განვითარება ჰპოვა საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხისა და შესაბამისი მთავრობების არჩევანს, განავითარონ ძლიერი, დინამიური ევროპული მოდელის დემოკრატიული სისტემა საქართველოში, რაც ლოგიკურია, განხორციელდეს ისეთ წარმატებულ და დინამიურ აღმოსავლეთ ევროპულ დემოკრატიულ სისტემასთან თანამშრომლობით, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა. ამ ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სერვისების გაუმჯობესებასა და სოციალური კოდექსის შემუშავებას, წარმოადგენს უფრო ფართო ინსტიტიტუციური და დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს“.
    „სოციალური კოდექსის შემუშავება ის საკვანძო რეფორმაა, რომელიც მიმართულია საქართველოში ეფექტიანი სოციალური კეთილდღეობის სისტემის დასაფუძნებლად, რაც ასევე ითვალისწინებს სოციალური დაცვის სერვისების დეცენტრალიზაციას. ჩეხეთის განვითარების სააგენტო მოხარულია ექსპერტიზ ფრანსთან გაერთიანებული ძალებით გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა“, განაცხადა ბატონმა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში.
    „სოციალური კოდექსის შემუშავებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ სოციალური კეთილდღეობის უფრო ფართო პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სოციალური რისკებისგან დაცული იყოს ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. ამ მიზნის მისაღწევად კი, უნდა ჩამოყალიბდეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის შესაბამისი სისტემები და მექანიზმები. ეს იქნება საქართველოს მიერ გადადგმული დიდი ნაბიჯი წინ, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისკენ“, განაცხადა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

    პროექტის შესახებ
    პროექტი „სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს
    საქარტველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუბის მხარდაჭერას სოციალური სერვისების განვითარების, მტიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სოციალური უფლებების გაძლიერების კუთხით. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე, ხოლო ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორები Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
    პროექტი განხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი დონეზე ხელმისაწვდომი სოციალური სერვისებისა და სოციალური დახმარების (შემწეობის) remittances გაუმჯობესებას. მეორე კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებულ ანალიზსა და ფართომასშტაბიან კომუნიკაციას. მესამე კომპონენტის ფარლებში კი დაგეგმილია სამინისტროსთვის მხარდაჭერის გაწევა სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური უფლებების განვრცობას. კოდექსის შემუშავების პროცესი იქნება ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, რასაც შედეგად მოჰყვება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკს შემუშავება და საკანონმდებლო პროცესი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური