ცესკო გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 17 სექტემბერი 2021 12:26

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა, რომელიც ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხებოდა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო გარემოს უსაფუძვლო, მცდარი შეფასებების მიზეზი გახდა.

ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა განაცხადა: „ამომრჩეველთა ერთიანი სიის თაობაზე გაკეთებული განცხადებებით ზოგიერთმა მხარემ არაერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მიუხედავად ცესკოს მიერ გაკეთებული შესაბამისი განმარტებებისა:

კერძოდ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წარმომადგენელმა 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება დარღვევებს გამორიცხავს, თუმცა ერთიან სიაში ამომრჩევლის გაზრდილი რაოდენობაა შეყვანილი. აპელირება იყო იმაზე, რომ 2018 წელს რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები, კვლავ ფიქსირდებიან კონკრეტულ მისამართებზე.

გვინდა განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ მოქალაქე, რომელსაც აქვს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს პასპორტი და მოხსნილია რეგისტრაციიდან ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედის ბოლო საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზეზით სიების „გაბერილად“ გამოცხადება ცალსახად უნდა ჩაითვალოს სამართლებრივი ნორმების არცოდნად ან  ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მცდელობად.

15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადმოცემული სიის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც საბოლოო სიის ფორმირება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, დგინდება, რომ „ლელოს“ წარმომადგენლის მიერ დასახელებული სამი პირიდან, ერთის ბოლო რეგისტრაციის მისამართი იგივეა, ორი კი უკვე ახალ მისამართზეა რეგისტრირებული.

მანიპულაციების კიდევ ერთი საგანი გახდა რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ინფორმაცია, ამომრჩეველთა ერთიან სიაში გარდაცვლილი პირების თაობაზე. სიუჟეტში საუბარი იყო 14 გარდაცვლილ ადამიანზე. აქედან 4 მოქალაქე ცოცხალია, 3 მოქალაქე წლების წინ საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, 2 მოქალაქის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არც უფლებამოსილი უწყებიდან და არც ოჯახის წევრებისგან არ იყო დაფიქსირებული შეტყობინება გარდაცვალების თაობაზე. რაც შეეხება 5 მოქალაქეს ისინი არ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უცნობია, რომელი სიით ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი სიუჟეტის მომზადებისას.

რაც შეეხება ე.წ. „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებულ მონაცემებს:

მათი მტკიცებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფი 37 მოქალაქე გარდაცვლილია. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მათგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ მათ მიერ დასახელებული პირებიდან 8 მოქალაქე ცოცხალია, 16 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დასტურდება, ვინაიდან ნაწილი წლების წინ საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილი კი ფიქსირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 12 მოქალაქეზე ასევე არ არსებობდა ოფიციალური შეტყობინება გარდაცვალების თაობაზე (ამჟამად გარდაცვალების ოქმები უკვე შედგენილია), ხოლო 1 მოქალაქე 31 აგვისტოს გარდაიცვალა, შესაბამისად 10 აგვისტოს მდგომარეობით განახლებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ის, რა თქმა უნდა, იქნებოდა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის, ისეთ არაეთიკურს, როგორიცაა ცოცხალი ადამიანების გარდაცვლილებად გამოცხადება, ნუ გახდებიან საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ინიციატორები.“

ცესკო ეხმიანება საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას 

გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობაზეც. ჯგუფი საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტდა არასამთავრობო სექტორის მიერ, ხოლო ცესკომ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში მას აღმოუჩინა ყოველგვარი მხარდაჭერა. საარჩევნო პროცესების დაზიანების მიზნით შექმნის დღიდან, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები დაკავებული არიან ხსენებული ჯგუფის წევრების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, რაც სავარაუდოდ გახდა რამდენიმე წევრის მიერ ჯგუფის დატოვების მიზეზი.

ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაცია დამკვირვებლად, საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით დარეგისტრირდა

მანიპულაციის საგანი გახდა აგრეთვე, დამკვირვებელ ორგანიზაციად ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის რეგისტრაციის საკითხიც, იმაზე აპელირებით, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული რეგისტრაცია. ცესკო მოქმედებს კანონმდებლობის დაცვით - ბელორუსის ცესკო ერთ-ერთ სხდომაზე დარეგისტრირდა კომისიის ჩვიდმეტივე წევრის მხარდაჭერით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მსჯელობა ცესკოს პრეროგატივას არ წარმოადგენს.

ბელორუსის საარჩევნო ადმინისტრაცია არის არაერთი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. საქართველოში არჩევნებს სადამკვირვებლო მისიის სტატუსით აკვირდება 2010 წლიდან.

ამ დროისთვის ცესკოში 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დარეგისტრირებული და ყველა მათგანის რეგისტრაციას ცესკომ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი.

ცესკოს კვლავაც, ყველა საჯარო განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა იყოს უზუსტო ან მიზანმიმართული სიცრუე, ექნება სათანადო რეაგირება და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

წაკითხულია 160 ჯერ

Related items

  • ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) კვლავ გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. ის უკვე მეორედ აირჩიეს და გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ცესკოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ დღეს  პლენარულ სხდომაზე 84 ხმით, მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრს ვინც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მზად არის გააგრძელოს უმნიშვნელოვანესი საქმე - რასაც არჩევნების ადმინისტრირება ჰქვია:

    „მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მრავალპარტიული მხარდაჭერის შედეგად გავაგრძელო საქმე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, - ეს არის არჩევნების და საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება.  ჩემს კონკურენტს კი, წარმატებებს ვუსურვებ მის მომავალ საქმიანობაში.

    ჩვენმა გუნდმა უმოკლეს ვადებში დანერგა არაერთი პროექტი და ეფექტურად განახორციელა საარჩევნო რეფორმები. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ყოფილიყო სრულიად საჯარო. ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს გეგმას და არაერთი ინიციატივაც გამოვიჩინეთ; გავიხსენებ იმასაც, რომ სწორედ ჩემი მოთხოვნით განხორციელდა დამატებითი გადათვლის პროცედურები საუბნო საარჩევნო კომისიებში გასულ წელს, რამაც საარჩევნო პროცესების მიმართ სანდოობის ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

    ახლაც სწორედ ამ მიმართულებით ვივლით, - ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ყველა პირობა შექმნილი, რათა ყოველთვის გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საარჩევნო საკითხებზე ამომწურავი ცოდნა და ინფორმაცია. ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას და ყველა ჩვენი აქტივობა მიზანმიმართული არის და იქნება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე ჩვენს ქვეყანაში. ასევე გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან.

    ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას, ვემზადებით 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, რომ მაღალპროფესიულ დონეზე გავუწიოთ არჩევნებს ადმინისტრირება,“ განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.   

    გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის 3 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. თავმჯდომარედ არჩევამდე (2008-2021წ.წ.) ცესკოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი. 

    გიორგი კალანდარიშვილი პროფესიით იურისტია, გარდა ამისა მას არაერთ საერთაშორისო სასწავლო კურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის  და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება.

  • საკოორდინაციო საბჭომ ''მწვანე პასპორტის'' მუშაობის პროცესი და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა

    "მწვანე პასპორტის" მუშაობა და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
    როგორც ცნობილია, ე.წ „მწვანე პასპორტის" კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
    აღსანიშნავია, რომ პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
    მწვანე სტატუსის დასადასტურებლად გამოიყენება ორი აპლიკაცია - აპლიკაცია Georgia e-Health-ზე რეგისტრაციის შედეგად მიღებული QR კოდით, საქართველოში აცრილი პირები (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები) ადასტურებენ თავიანთ მწვანე სტატუსს და მოგზაურობენ EU Gateway-ზე მიერთებულ ქვეყნებში (ევროკავშირი +25 ქვეყანა). Georgia e-Health საქართველოს ტერიტორიაზეც მუშაობს, როგორც მწვანე ბარათი/პასპორტი. გარდა ამისა, აპლიკაცია Covidpass Georgia მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება და ფარავს ყველა ქართულ რეგულაციას, რომელთა სრულად მოცვაც შეუძლებელია აპლიკაციით Georgia e-Health.
    აპლიკაცია გამოიყენება, როგორც საკუთარი სტატუსის დასადასტურებლად, ასევე სხვისი სტატუსის გადასამოწმებლად და მისი გამოყენება შეუძლია, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
    ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სივრცეში შესასვლელად ასევე, შესაძლებელია ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის (კოვიდ ბარათი) გამოყენება, რომელთაც თან ერთვის QR კოდი ან ბარკოდი.
    უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 871 580 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 813 872 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 12 466 ადამიანი.
    ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 32 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 135 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 545 პირი.
    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ცესკოს თავმჯდომარის განცხადება ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით

    “საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა  საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით.  ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურთან დაკავშირებით” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

    გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბიულეტენების გადათვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ  კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. „აქვე აღვნიშნავ რომ საერთო ჯამში, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს  საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

    კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.  ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია.

    საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

    მადლობას ვუხდი გადათვლის პროცესში ჩართულ საარჩევნო ადმინისტრატორებს, მედიას, რომელიც ამ ღონისძიებას აქტიურად აშუქებდა, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, რომლებიც ხმის გადათვლის პროცესების გამჭვირვალობას კიდევ უფრო უწყობდნენ ხელს.

    ჩვენ გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში.

    წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით.

    მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

    რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ - 5 ხმა“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე.

    დამატებით ინფორმაციას დღეს გადათვლილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგის შესახებ მოგაწვდით მოგვიანებით.

  • კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%). 
    სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.
    საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო  - ხმის დათვლის ეტაპი. მინდა მოვუწოდო ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები.
    საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.  იმ  საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს,  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
    აქვე მოგაწვდით რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს - ცესკოს კონტაქტ-ჰაბში 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შემოვიდა 1318 სატელეფონო ზარი და 262 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
    საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

  • ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა.

    „30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

    სანამ უშუალოდ მეორე ტურისთვის მზადების შესახებ ვისაუბრებ, მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები.

    არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო  კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-ზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

    ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია, აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

    მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა - პროფესიული ნიშნით არიან არჩეული, თუ პარტიის მიერ დანიშნული - არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური - ჩვენ  ერთად ვატარებთ არჩევნებს.

    კარგად ჩატარებული არჩევნები - სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში - რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია - სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით, ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება - ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური