ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2021 წლის 5-6 ივლისის საპროტესტო აქციების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 17 სექტემბერი 2021 12:18

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში -  2021 წლის 5-6 ივლისის საპროტესტო აქციების მონიტორინგის ანგარიში (პირველადი შეფასება). დოკუმენტის მიზანია, შეაფასოს 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენები და სახელისუფლებო ორგანოების ქმედებები, რითაც დაცული უნდა იყოს LGBTQ+ ადამიანების, სამოქალაქო აქტივისტების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, ასევე - მედიასაშუალებების წარმომადგენლების ჟურნალისტური საქმიანობა ხელშეშლის გარეშე, უსაფრთხო გარემოში.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის მიერ შემუშავებული სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო. ცხადია, რომ რადიკალურად განწყობილი ჯგუფების ქმედებები გასცდა მშვიდობიანი აქციის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე კონკრეტულ პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. სახელმწიფო უწყებებს თავიდანვე არ ჰქონდათ სათანადოდ შეფასებული რეალური რისკები და შესაბამისად ვერ უზრუნველყეს აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვა.

როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებებისა და მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება, გასული წლების მსგავსად, თავს იკავებს  რადიკალური ჯგუფების ორგანიზატორთა მიერ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მისცენ სათანადო კვალიფიკაცია სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს და ისინი ეფექტურად უნდა გამოიძიონ. დისკრიმინაციული მოტივი უნდა იქნეს გათვალისწინებული როგორც დამამძიმებული გარემოება, როგორც ამას ეროვნული კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს, და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს 5-6 ივლისს განხორციელებული, წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების და მედიის წარმომადგენლებზე  შტურმის ორგანიზატორთა ვინაობის დადგენას, ასევე - ამ ძალების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების გამოაშკარავებას; ასევე - ხელი შეუწყოს ძალადობრივ მოვლენებში უცხო მტრული ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოების და სპეციალური სამსახურების შესაძლო მონაწილეობის დადგენას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ საგამოძიებო პროცესის სრულყოფილი და ობიექტური წარმართვა, 5-6 ივლისს განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებისა და ამ ქმედებების ორგანიზატორთა დადგენისა და მათდამი სისხლისსამართლებრივი დევნის ჯეროვნად განხორცილების მიზნით; ასევე, უზრუნველყონ სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა და რიგითი პოლიციელების ქმედებების შესაფასებლად, 5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებებისას, საპოლიციო ძალთა მობილიზების, აქციების მართვის და ძალადობის აღსაკვეთად საჭირო ზომების მიღების კონტექსტში.

 ადამიანის უფლებათა ცენტრი

წაკითხულია 163 ჯერ

Related items

  • ლიბერთი მომხმარებელს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

    ქვეყანაში COVID 19 პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, უფროსი თაობის მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ლიბერთი დამატებითი რესურსის მობილიზებას იწყებს.
    შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკის ფილიალებში მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა რიგები, შეცვლილია თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები და აქტიურად მიმდინარეობს პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი.
    უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მომსახურების მისაღებად, ლიბერთის ყველა ფილიალში დაცულია კოვიდრეგულაციები. ყველაზე დატვირთული სერვის-ცენტრების გარე სივრცეში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ასევე სასმელი წყალი, ქოლგები და სადეზინფექციო საშუალებები.
    16 აგვისტოდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს- მათი სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან მთელი საქართველოს მასშტაბით.
    ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • საქართველოში ვიზიტად მყოფი PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ
  • საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა 2020 წ. საქმიანობის ანგარიში წარადგინა

    საქართველოში  გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფმა მთავრობასთან შეთანხმებული 2016-2020 წლების ერთობლივი სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის” განხორციელების მიმართულებით   2020 წელს  მიღწეული შედეგები  შეაჯამა. ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას,  ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ გაეროს უწყვეტ მხარდაჭერას.

    „მომავალ წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 30-ე წლისთავი.  ამ ათწლეულების განმავლობაში გაეროს მხარდაჭერა და მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაეროს ჩვენი მთავრობის სახელით.   ეს იყო გრძელი გზა, მზარდი თანამშრომლობით, რომლის მიზანი ისეთი სამყაროს შექმნაა, სადაც უკლებლივ ყველა ჩართულია განვითარების პროცესებში. ამ დროის განმავლობაში საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთო გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, ხშირად ასრულებდა წამყვან როლს სხვადასხვა მთავრობათაშორის მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებში, გაეროს სამივე ძირითადი მიმართულებით,” - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. - „ჩვენ მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაგრძელებას და კვლავაც მზად ვართ გაეროს სააგენტოთა ჯგუფთან თანამშრომლობისათვის. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებით ვაქციოთ სამყარო  ყველასთვის უკეთეს ადგილად “.

    ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა გაერო-საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის ზოგიერთ მიმართულებას - მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების განმტკიცება და საქართველოში ადამიანების ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, კონფლიქტით დაზარალებული თემების მდგრადობის გაუმჯობესება. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს  გაწეული ძალისხმევისა და COVID-19-ის პანდემიაზე ეფექტურად რეაგირების მიზნით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის.

    გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში საბინე მახლმა ხაზგასმით აღნიშნა ერთობლივი პასუხისმგებლობა - არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი დევიზია.  მან აღნიშნა, რომ გაეროს 17 სააგენტომ სტრატეგიული დოკუმენტის განსახორციელებლად 2020 წელს   57.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური მობილიზაციაა.

    „2020 წელს გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა გააგრძელა მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბევრ სხვა პარტნიორთან სოციალურ- ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და დემოკრატიული ღირებულებების, სოციალური სამართლიანობის გაძლიერების, ხარისხიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლების და ჯანდაცვის მიმართულებებით“, - აღნიშნა საბინე მახლიმ.

    მან აღნიშნა, რომ  COVID-19 -ის პანდემიის გამო გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა მიმართა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისა და ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე პანდემიის შედეგების შერბილების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დახმარებას.

    ბატონმა ილია დარჩიაშვილმა და ქალბატონმა საბინე მახლიმ ხაზი გაუსვეს მათ მოლოდინს, რომ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა გასულ წელს ინტენსიური კონსულტაციების შედეგად,  ახალ სტიმულს მისცემს საქართველო-გაეროს თანამშრომლობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. 

    შეხვედრაზე მარინე ჩიტაშვილმა, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელმა, განიხილა გასულ წელს მიღწეული  შედეგები ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაში:  დემოკრატიული მმართველობა; დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა; განათლება; ჯანდაცვა;  საზოგადოების უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება. 2020 წლის მთავარ მიღწევებს შორის მან აღნიშნა: ბავშვის უფლებათა კოდექსის, 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიისა და ახალგაზრდობის ეროვნული პოლიტიკა შემუშავება და მიღება; სკოლამდელი და დაწყებითი სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა; მთავრობის მიერ 2020-2025 წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა; პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის შემუშავება სოფლის მეურნეობის  დივერსიფიკაციისა და ფერმერული საქმიანობის პროფესიონალიზაციის გაუმჯობესების მიზნით; კონფლიქტით დაზარალებულ თემებში მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავება და წყალდიდობების და სხვა კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირების ხელშეწყობა 1.7 მილიონამდე ადამიანისთვის (მოსახლეობის 40%).

    შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფის მიერ,  საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    გაეროს სააგენტოთა ჯგუფის პრეს-რელიზი

  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს
    IRI-ს საარჩევნო ანგარიში ასახავს გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.
    თბილისი, საქართველო - საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისია განახორციელა. IRI-ს წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტებერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში.
    "გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა." - აცხადებს IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი. "მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა."
    მისიის განმავლობაში, გრძელვადიანი ანალიტიკოსები ატარებდნენ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის, საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკური ინკლუზიისა და მედია გარემოს დემოკრატიულობის შეფასების მიზნით. საბოლოო ჯამში, მისიის შეფასებით, არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე ვიდრე წინა წლებში.
    მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ამომრჩევლის განათლება და მობილიზაცია წარმატებით მოახერხა, გამოვლინდა ადმინისტრაციული ხარვეზები, რომლებიც დამაზიანებელი აღმოჩნდა საარჩევნო პროცესებისთვის.
    მისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისკენ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ.
     
    დაწვრილებითი ინფორმაციო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/30AfnVv
  • ვისაუბრეთ აქციის ფორმის შეცვლაზე - ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

    "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე მათ აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელეს. 

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მარტში დაანონსებული აქციები გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით სალაპარაკო არ ჰქონდეს, ისინი აქციების ფორმას შეცვლიან.

    "ჩვენ მოვისმინეთ, მთავრობის მეთაურისგან ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ასე, რომ კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ, რომ რაღაც მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყოს ლაპარაკი ჩვენი მხრიდან.

    ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ სალაპარაკო საბაბს არ მისცემს",-აღნიშნა ზ. უდუმაშვილმა.

    შეგახსენებთ, დღეს, 2 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი აქციით და პიკეტირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა "დესტრუქციული ქმედება" გააგრძელეს.

    წყარო: https://mtavari.tv/news/34393-visaubret-aktsiis-pormis-shetsvlaze-opozitsiuri

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური