ცესკომ და სწავლების ცენტრმა საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021 15:27

16 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია) ხელმძღვანელ პირებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კენჭისყრის პროცესის უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა  არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე პოლიციელებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ინფორმირების უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შსს აკადემიასთან პარტნიორობით განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და უსაფრთხოება“ წარადგინა, რომელიც კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების იდენტიფიცირების,  პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების განხილვას მოიცავს.

პროგრამაში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები მიიღებენ. საინფორმაციო შეხვედრები 17-18 სექტემბრის პერიოდში, ონლაინ ფორმატში, წარიმართება.

ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და შსს აკადემიის პრორექტორი თეიმურაზ მაღრაძე.

სამართალდამცავ ორგანოებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად,  მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ცენტრი, ცესკოსთან თანამშრომლობით, არჩევნების უსაფრთხოების მოდულზე ტრენინგებს საარჩევნო კომისიების წევრებისთვისაც ახორციელებს.

წაკითხულია 129 ჯერ

Related items

  • შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა
    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა
    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "HONG FA SHANG HAI" დააკავეს.
    გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "თ" ქვეპუნქტით.
    გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
     
  • ცესკოს თავმჯდომარის განცხადება ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით

    “საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა  საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით.  ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურთან დაკავშირებით” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

    გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბიულეტენების გადათვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ  კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. „აქვე აღვნიშნავ რომ საერთო ჯამში, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს  საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

    კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.  ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია.

    საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

    მადლობას ვუხდი გადათვლის პროცესში ჩართულ საარჩევნო ადმინისტრატორებს, მედიას, რომელიც ამ ღონისძიებას აქტიურად აშუქებდა, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, რომლებიც ხმის გადათვლის პროცესების გამჭვირვალობას კიდევ უფრო უწყობდნენ ხელს.

    ჩვენ გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში.

    წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით.

    მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

    რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ - 5 ხმა“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე.

    დამატებით ინფორმაციას დღეს გადათვლილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგის შესახებ მოგაწვდით მოგვიანებით.

  • კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%). 
    სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.
    საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო  - ხმის დათვლის ეტაპი. მინდა მოვუწოდო ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები.
    საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.  იმ  საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს,  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
    აქვე მოგაწვდით რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს - ცესკოს კონტაქტ-ჰაბში 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შემოვიდა 1318 სატელეფონო ზარი და 262 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
    საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

  • საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

    დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ  და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

    საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

    შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. 

    თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.   

    საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში.

    არჩევნების მეორე ტური  5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის - მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ  საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.

    არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 1830 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 29 სპეციალური უბანი.

    ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

    ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.   გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

    საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ან  შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

    ასევე, 20:00 საათამდე  იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე  იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

    დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ  მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

  • ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა.

    „30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

    სანამ უშუალოდ მეორე ტურისთვის მზადების შესახებ ვისაუბრებ, მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები.

    არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო  კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-ზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

    ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია, აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

    მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა - პროფესიული ნიშნით არიან არჩეული, თუ პარტიის მიერ დანიშნული - არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური - ჩვენ  ერთად ვატარებთ არჩევნებს.

    კარგად ჩატარებული არჩევნები - სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში - რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია - სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით, ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება - ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური