ორმხრივი კონსულტაციები საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის
15 სექტემბერს, თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ჩეხეთის დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეშ ხმელარჟი (Aleš Chmelař).
საგარეო საქმეთა ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მინისტრის მოადგილეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს, ხაზი გაუსვეს ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას და ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები.
მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში დაგეგმილ მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს და დააფიქსირეს მზაობა განაგრძონ მუშაობა ორმხრივი ვიზიტების განხორციელებისათვის, ასევე ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩეხეთის დარგობრივ უწყებებს შორის კონტაქტების შემდგომ გაღრმავებას.
სექტორული თანამშრომლობის კონტექსტში, მინისტრის მოადგილეებმა მიმოიხილეს არსებული დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, თავდაცვის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლების სფეროებში და იმსჯელეს ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ მიმართებით, კმაყოფილებით აღინიშნა უკვე არსებული მიღწევები და პოზიტიური ტენდენციები, ასევე ხაზი გაესვა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა პოტენციალის სრულად ასათვისებლად.
კონსულტაციებისას ყურადღება გამახვილდა ჩეხეთის მიერ საქართველოში წარმოებული განვითარების თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებიც Czech Aid-ის ხაზით ხორციელდება და რომელთა მიზანია საქართველოს სხვადასხვა სექტორისა და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა. ჩეხეთის მხარემ გამოხატა მზაობა კვლავაც აქტიურად განაგრძოს საქართველოს მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.
საგანგებოდ აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში და ჩეხეთის ხელშეწყობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პანდემიასთან ბრძოლისა და მისი შედეგების აღმოფხვრის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა, რომ ძალზე ფასეულია ჩეხეთის მიერ სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებისათვის.
კონსულტაციების ფარგლებში, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხ კოლეგას დეტალურად გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული სამუშაო, ინიციატივები და გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატზე, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტსა და ქართული მხარის მოლოდინებზე. აღინიშნა, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში ჩეხეთის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ქართული მხარე მზადაა მჭიდრო თანამშრომლობისათვის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩეხური მხარის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციაში. თავის მხრივ, ჩეხურმა მხარემ მიმოიხილა ის მიმართულებები, რომლებზეც მოხდება ფოკუსირება ევროკავშირში ჩეხეთში თავმჯდომარეობის ფარგლებში.
ასევე ხაზგასმული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და დაფიქსირდა ამ მიმართებით პარტნიორთა მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ჩეხეთის მხარემ საგანგებოდ აღნიშნა ქართული მხარის წვლილი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ პარტნიორთა მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
საუბრისას თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხ კოლეგას გაუზიარა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ პარტნიორთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაქსიმალურად წარმოჩენისათვის.
ორმხრივი კონსულტაციებისას ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
შეხვედრისას ასევე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში თანამშრომლობისა და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ამ მიმართებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება.
მინისტრის მოადგილეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
კონსულტაციებისას მხარეებმა ასევე განიხილეს აქტუალური საერთაშორისო საკითხები, ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორთა აქტიური ძალისხმევა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად წარმოების პრაქტიკა.