ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021 16:42

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.  სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.

სიების გადმოცემასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა „განახლებული მონაცემების საფუძველზე საზოგადოების და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომელიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომელიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს.“

პოტენციურ ამომრჩეველთა სიის შედგენის პროცესზე ისაუბრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ სანიკიძემ. როგორც მან აღნიშნა 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი  ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სია იყოს სრულყოფილი. „ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ამომწურავი და ყველაზე გამჭვირვალე სია, რაც განამტკიცებს სრულად იმ მთავარ პრინციპს, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა,“ - განაცხადა ზურაბ სანიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.

წაკითხულია 65 ჯერ

Related items

  • 30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება

    30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.  როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1 830 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი; ასევე შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 2 ოქტომბრის მსგავსად, 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

    თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით,  23-25 ოქტომბერს უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტ - ჰაბს  - 2 51-00-51 (0).

    მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.

    მივმართავთ ჩვენ მოქალაქეებს იაქტიურონ და მიიღონ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.

    არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები:

    5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში) არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები  

     

    მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 15 თვითმმართველ თემში 

     

    მაჟორიტარული სისტემით გასამართ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 24 საარჩევნო ოლქში

     

  • საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამეს

    საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს.

    თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში  და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

    მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

    „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

    „ლელო“

    „ევროპელი სოციალისტები“

    „გახარია - საქართველოსთვის“

    „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“

    „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“

    „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

    „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“

    საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: სალომე მიქელაშვილი, გიორგი ჩხაიძე, სალომე ბარამიძე, ომარი ჭყონია, სალომე ლომინაძე) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი

     

    ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენშემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

    „გახარია - საქართველოსთვის“

    „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“

    „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

    საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: ამირან ბაქანიძე, ალექსანდრე ბერიძე, ალიკო ტუღუში, დავით ჩანტლაძე, ვალერიან ცანავა) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი

     

    მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.

    მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება.

  • ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

    მარკ კლეიტონმა ცესკოს თავმჯდომარეს 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული. ამასთან ელჩი დაინტერესდა თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 30 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურისთვის და როგორ წარიმართა საარჩევნო კომისიებში გადათვლების პროცესი.

    „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. პირველ რიგში მოვისმინე ის შეფასებები, რომელიც მათი მხრიდან გაკეთდა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ისინი იზიარებენ ეუთოს შეფასებებს, რომლის თანახმადაც არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული.ასევე მივაწოდე ინფორმაცია საჩივრების განხილვის და გადათვლის პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ.

    როგორც შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა  ბრიტანეთის საელჩო საქართველოში არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება.

  • ცესკომ სახალხო დამცველს და სამოქალაქო სექტორს ღია წერილით მიმართა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სახალხო დამცველს, ადგილობრივი,  საერთაშორისო სადამკვირვებლო  და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. საკითხი კი საარჩევნო ადმინისტრაციის  წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ეხება. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა, რაც საჯაროდ - აქტიურად ვრცელდებოდა როგორც სხვადასხვა წყაროების მიერ, ისე სოციალურ ქსელებში. ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს ცესკომ ვიზუალური მასალაც მიაწოდა.

    აღნიშნული კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მირანდა მესხს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა. ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე, სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც. ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაცია, მუქარა და სიძულვილის ენა აქტუალური იყო  7, 8 და 9 ოქტომბერსაც, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი განცხადება და მიმართვა გაავრცელა. ამასთან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ამ პერიოდშივე მოახდინეს საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება და დააზიანეს ინვენტარი. გამოიკვეთა მირანდა მესხის მიმართ გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტებიც.

    სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მივმართეთ სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ხელი შეუწყონ საზოგადოებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას.  

  • ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.  ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.

    „ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აღნიშნული 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლის დეტალურ სტატისტიკას საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებას გააცნობს უახლოეს მომავალში, რაც ასევე ცესკოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
    3 საარჩევნო ოლქში: დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში კვორუმი არ შედგა და შესაბამისად აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ განხორციელდა. 

    68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც:

    წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით;

    ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით;

    9 ოქტომბრის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებდა, 5-ით აღემატებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას.

    შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

    ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.

    საერთო ჯამში 9 ოქტომბრამდე გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა. 9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

    ამ დროისთვის ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური