პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021/22 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტით ისარგებლებენ

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 14 სექტემბერი 2021 10:28

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს  – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ერთობლივი პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის.

სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მოაწერა, ხოლო მობილური ოპერატორებიდან: შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ზარიძემ, შპს „ვიონ საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი ესართიამ და სს „სილქნეტის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

ეკატერინე დგებუაძემ გლობალური პანდემიის პირობებში საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

წაკითხულია 205 ჯერ

Related items

  • ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

    ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).

    აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მერსი ქორფსის პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სს ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ზაქარიაძე, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები.

    ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება სს ‘ლიბერთი ბანკთან, რომელიც პროექტის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.

    ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით,  მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ახორციელებს.

    პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განვითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

    ,,ლიბერთი  „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, იწყებს მჭიდრო პარტნიორობას მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობასთან. ლიბერთის მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები  მეწარმეები, შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.  პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის  მეწარმეობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას  შეუწყობს ხელს.“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

    მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.

    ლიბერთი ბანკი არის  სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3  მილიარდ ლარს შეადგენს  და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნა

    დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

    „ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, სფეროს წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

     

  • ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

    ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია წერს.

    დისკუსია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

    „ჩვენ ღია და გახსნილი ვართ დიალოგისთვის ბიზნესთან. მოველით, რომ მოვისმენთ ბიზნესისგან კონკრეტულ შემოთავაზებებსა და რეკომენდაციებს და მათ შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასეთი  გახსნილი დიალოგის პროცესი მოგვცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც გვთავაზობს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

    ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის  დაგეგმილზე ადრე გაკეთების მიზეზების შესახებ. მისი თქმით, ეს იყო საქართველოს მთავრობის მკაფიო განაცხადი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია ქვეყნის სუვერენიტეტის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ღირსეული ურთიერთობების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ხსნის ახალ ფურცელს ჩვენს ისტორიაში და ქართველი ხალხის საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანების მისწრაფების გაგრძელებაა,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

  • ქართველი მოდებატეების წარმატება საერთაშორისო ტურნირში

    22 მარტს 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა დებატების საერთაშორისო ტურნირისთვის გამარჯვებული 5 წარმატებული მოსწავლის დაჯილდოება სერტიფიკატებითა და საჩუქრებით.

    ღონისძიება განხორციელდა პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ,  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.

    საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შესარჩევ კონკურსში დებატების კლუბების 600-ზე მეტი წევრი იღებდა მონაწილეობას მთელი საქართველოდან, რომელთაგან შემდეგ ეტაპზე გადავიდა 50-მდე მოსწავლე. მათგან კი შეირჩა ის 5, რომლებმაც სრული დაფინანსებით მიიღეს მონაწილეობა იმ საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც 40 ქვეყანა და 600-ზე მეტი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. ერთ-ერთი ქართველი მოდებატე კი ამ მასშტაბური ტურნირის 10 საუკეთესო მომხსენელს შორის მოხვდა. 

    ღონისძიება გახსნა და გამარჯვებულები წარადგინა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თინათინ ცერცვაძემ. ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

    • თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
    • ლალი კალანდაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი

    საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, როგორც ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA)-ს წევრია, ყოველწლიურად აგზავნის მოსწავლეებს დებატების საერთაშორისო ტურნირებსა და ფორუმებზე.

    პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

  • საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

    „დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში ერთად იწყებენ მზის ენერგიის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს დელეგაციის დუბაიში „ექსპო-2020“-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. 

    Dubai Expo 2020-ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. შეთანხმება შეეხება საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას. 

    შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ (ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში). ამ მიზნით, კომპანია „მასდარმა“ გამოხატა საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განვითარების ინტერესი. 

    როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, „მასდარი“ უდიდესი სახელმწიფო ფონდი, გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჩვენს რეგიონში განახლებადი ენერგიების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ავითარებს მზის ენერგეტიკას, საკმაოდ ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის ტარიფებით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამან საქართველოს მთავრობის ინტერესი გამოიწვია და ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედგა ფონდის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში, შეირჩა პროექტისთვის კონკრეტული ლოკაციები. 

    „ახლა უკვე იწყება ერთობლივი შესწავლა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შემოვა, როგორც პარტნიორი. საუბარი შეეხება 100 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურს, რომელიც განხორციელდება ამ ორი სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით. ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი - ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის“ მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე წარმოდგენილი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური