ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 11 სექტემბერი 2021 13:11

ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კვალიფიციურად და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს.

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია სწრაფი ტესტის ჩატარება. აღვნიშნავთ, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების წევრების ვაქცინაციის პროცესიც.

ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ტრენინგებზე დასწრების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პერიოდში, დამატებით უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, ტრენინგის ყოველ ეტაპზე დასასწრებად ტრანსპორტის მომსახურების ანაზღაურებას.

ცესკო მოუწოდებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, გრაფიკის შესაბამისად მიიღონ მონაწილეობა სწავლების ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში, რომლის მიზანიც არის საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტიანობის ზრდა და პანდემიის პირობებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლებაში აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს ჩართული მხარეებისა და  ამომრჩევლების მაღალ დონეზე მომსახურებას და  კენჭისყრის პროცესში გამორიცხავს ყველაზე მცირე ხარვეზსაც კი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 12 სექტემბრიდან იწყება IV ეტაპი, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სწავლებას.

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით ჩატარდება, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

წაკითხულია 83 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი საქართველოს და მოლდოვის COVID-სერტიფიკატებს აღიარებს

    16 ნოემბრიდან ევროკავშირი აღიარებს COVID-სერტიფიკატებს, რომლებიც საქართველოს და მოლდოვის მიერ ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების ანალოგიური პირობებით გაიცემა. ევროკომისიის მიერ 15 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სერტიფიკატების ორმხრივი აღიარება ასევე ახალ ზელანდიას და სერბეთს ეხება.

    ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოთხი ქვეყანა ევროკავშირის სისტემას დაუკავშირდება. ამავე დროს, ოთხივე სახელმწიფო ევროკავშირიდან მათ ქვეყნებში შესულ პირებზე გაცემულ ევროკავშირის ციფრულ COVID-სერტიფიკატებს აღიარებს. 

    „დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთი კონტინენტის ახლა უკვე 49 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული არის ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატის სისტემასთან დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის დროს ადამიანებმა თავი კვლავ უსაფრთხოდ იგრძნონ“, —  აღნიშნა ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში, დიდიე რეინდერსმა.

    უკრაინა და სომხეთი ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების სისტემასთან უკვე დაკავშირებულები არიან.

    „ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მხარს ვუჭერდით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას პანდემიური შეზღუდვების უსაფრთხოდ მოსახსნელადაც“, — განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ. 

    ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ვებსაიტზე და კითხვა-პასუხის ფორმატში.

  • ცესკოს თავმჯდომარის განცხადება ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით

    “საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა  საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით.  ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურთან დაკავშირებით” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

    გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბიულეტენების გადათვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ  კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. „აქვე აღვნიშნავ რომ საერთო ჯამში, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს  საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

    კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.  ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია.

    საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

    მადლობას ვუხდი გადათვლის პროცესში ჩართულ საარჩევნო ადმინისტრატორებს, მედიას, რომელიც ამ ღონისძიებას აქტიურად აშუქებდა, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, რომლებიც ხმის გადათვლის პროცესების გამჭვირვალობას კიდევ უფრო უწყობდნენ ხელს.

    ჩვენ გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში.

    წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით.

    მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

    რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ - 5 ხმა“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე.

    დამატებით ინფორმაციას დღეს გადათვლილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგის შესახებ მოგაწვდით მოგვიანებით.

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება საქართველოს მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

    ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს.

    ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.

    როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

    სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს. 

    ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია. 

    ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

    თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

    ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში. 

    აშშ-ის საელჩო საქართველოში

  • კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%). 
    სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.
    საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო  - ხმის დათვლის ეტაპი. მინდა მოვუწოდო ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები.
    საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.  იმ  საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს,  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
    აქვე მოგაწვდით რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს - ცესკოს კონტაქტ-ჰაბში 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შემოვიდა 1318 სატელეფონო ზარი და 262 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
    საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

  • ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა.

    „30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

    სანამ უშუალოდ მეორე ტურისთვის მზადების შესახებ ვისაუბრებ, მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები.

    არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო  კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-ზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

    ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია, აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

    მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა - პროფესიული ნიშნით არიან არჩეული, თუ პარტიის მიერ დანიშნული - არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური - ჩვენ  ერთად ვატარებთ არჩევნებს.

    კარგად ჩატარებული არჩევნები - სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში - რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია - სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით, ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება - ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური