საქართველოს პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 სექტემბერი 2021 11:59

საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის, შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე 31 ივლისს იპოვეს.

წაკითხულია 416 ჯერ

Related items

  • თამარ ტალიაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ სიოფრა ო’ლეარის შეხვდა

    ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ სიოფრა ო’ლეარისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

    „შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. მათ შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ სასამართლო პრაქტიკაში პროაქტიურად გამოყენების თაობაზე.

    პრეზიდენტმა სიოფრა ო’ლეარიმ ხაზი გაუსვა ამ საკანონმდებლო სიახლის ძალიან პოზიტიურ როლს და მნიშვნელობას საქართველოში ევროპის საბჭოს კონვენციური პრინციპების დანერგვა-განვითარებისა და ასევე ევროპული სასამართლოსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.

    შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული 2019 და 2021 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ 2021 წლის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეფექტურ კონტროლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაზე.

    საუბარი ასევე შეეხო საქართველოდან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას და ამ საქმეების ხასიათს.

    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • პირს, რომელიც სახლში ლომს ზრდიდა, 8 თვე და 14 500 ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს

    საფრანგეთში, პირს, რომელიც სახლში ლომის ბელს ზრდიდა, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 14 500 ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს, ცხოველთა უფლებების დაცვის ასოციაციებისთვის შესაწირად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    სენა-სენ-დენიში ბობინის სისხლის სამართლის სასამართლომ, მამაკაცი, რომელიც სახლში გალიაში მფარველობის ქვეშ მყოფ, აკრძალულ ლომის ბელს ზრდიდა, დამნაშავედ ცნო. სასამართლომ პირს, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 14 500 ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა, 6 ცხოველთა უფლებების დაცვის ასოციაციებისთვის შესაწირად.  სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ პირმა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა დარჩენილი 4 თვით თავისუფლების აღკვეთის გამო, დღეში 15 ევროდან 90 ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირს სასჯელის შეუსრულებლობის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

  • თბილისში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა

    პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეოლ კიუ ვანგმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პროკურატურის ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა და უწყებასთან საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
    „ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციურ უწყებად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
    მისივე თქმით, ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია.
    „რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, თქვენი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისათვის, განვითარებისთვის და, ამავდროულად, გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
    საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ჩასატარებლად საქართველოს არჩევისთვის და საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
    „ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ როგორც მასპინძელი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე გლობალურ კონფერენციაზე. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია უკვე მეორედ ატარებს ღონისძიებას საქართველოში. პირველად, 2017 წელს ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც  აღმოჩნდა წარმატებული. მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას [აღმასრულებელ კომიტეტს], რომ აირჩია საქართველო მეორედ, ამჯერად უფრო ამბიციური პროექტისთვის. თქვენს მიერ შეტანილი ყოველი წვლილი ღირებული იქნება ღონისძიების წარმატებისთვის.
    მე მაქვს პატივი სიტყვით გამოვიდე პროკურატურების ხელმძღვანელთა სესიაზე. ჩვენ შევეხებით პროკურატურების წინაშე არსებულ გამოწვევებს პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობისას. პროკურატურები წარმოადგენენ სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ მოთამაშეებს და ზოგიერთ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, ისინი ცენტრალური ორგანოების როლსაც კი ასრულებენ. მაშასადამე, ეს იქნება შესანიშნავი ფორუმი რეალური პრობლემების გადასაჭრელად და პერსონალურ დონეზე ქსელების შესაქმნელად, რაც ზოგჯერ შეიძლება ბევრად უფრო საჭირო იყოს, ვიდრე დოკუმენტები“ - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. 
    პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც თბილისში 25- 29 სექტემბერს ტარდება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს. 
    ოთხდღიან კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.
    ასევე, კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით, ევროჯასტის (EUROJUST) პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, ევროპის (EPPO) მთავარი პროკურორი ლაურა კოვესი, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილე ნაჟატ შამემ ხანი ესწრებიან. 
    ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, იმართება სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.
    კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს გენერალური პროკურორის ორმხრივი შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან. ასევე, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 
    საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.
    პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც  აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.
    საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია 2011 წლიდან, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს - აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

  • შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

    ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
    ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
  • შსს - ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი!

    შინაგან საქმეთა სამინისტრო /შსს/ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.

    შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

    „პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური