6-9 სექტემბერს საქართველოს, პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით, აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021 10:15

6-9 სექტემბერს საქართველოს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით, აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღსანიშნავია, რომ კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.
ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.

წაკითხულია 93 ჯერ

Related items

  • საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ

    ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
    საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
    ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
    პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • სებასტიან მოლინეუსი - ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ

    ირაკლი ღარიბაშვილმა და სებასტიან მოლინეუსმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის საკითხები მიმოიხილეს.

    განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მსოფლიო ბანკის ჩართულობა დასაფასებელია. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის გამოყო ფინანსური სახსრები, რაც ჯამში 2,7 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელი კი 12 აქტიური საინვესტიციო პროექტისა და განვითარების პოლიტიკის ოპერაციებისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 928 მილიონი აშშ დოლარია. საუბრისას აღინიშნა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე ორიენტირებულმა პროექტებმა ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის ეტაპობრივი აღდგენის პროცესს დიდი სტიმული მისცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს, ამიტომ რეგიონული განვითარების პროექტები მთავრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულია, ამ კუთხით კი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

    „ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. საუბრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. პირველი მათგანია ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ამზადებს მსხვილ და ვიტყოდი - გარდამქმნელ სარეფორმო პროგრამას, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები, რაც ქვეყნის ბევრ მოქალაქეს ძალიან ძვირი უჯდება. იგივე მოლოდინია საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ პიზას (PISA) საერთაშორისო რეიტინგში ქვეყანა დაწინაურდება და ადრეული სასკოლოდან საუნივერსიტეტო დონემდე სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მესამე მიმართულებაა სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რათა დაიხვეწოს მიზნობრიობა და დახმარება ისეთმა ოჯახებმა მიიღონ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მას - თან ბავშვებიანმა ოჯახებმა. ეს არის ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი. ჩვენი საუბრის პირველი მთავარი თემაც ეს გახლდათ. მეორე საკითხი იყო ახალ კორონავირუსზე რეაგირების ზომები, რათა მთავრობის მიერ განხორციელებული დადებითი ინიციატივები - მწვანე პასპორტები, ხანდაზმულებისთვის ფინანსური დანამატები - გაგრძელდეს და გაძლიერდეს მძლავრი საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით. ყოველივე ამის მიზანია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია. მესამე საკითხად განვიხილეთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გასაზრდელად, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი? კიდევ რა რეფორმაა საჭირო მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად? აქ საუბარი მაქვს კონკრეტულად კლიმატის დღის წესრიგზე. და ბოლოს, რა არის საჭირო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ციფრული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საქართველოში?

    ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ ეხებოდა ლოგისტიკას. როდესაც საუბარია რეგიონალურ დაკავშირებადობაზე და ინტეგრაციაზე, საქართველო ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ასევე გლობალურად, რადგან ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია აქ, ამ რეგიონში",- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა

    ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

    მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ხალხის და ქვეყნის გამარჯვება. პრემიერმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათი ნდობის გასამართლებლად.
    „რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან, მხოლოდ საქმეზე ვისაუბროთ, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს, კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
    პრემიერ-მინისტრმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცესკოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხდა.

    მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატებები უსურვა წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია.
    „მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა, მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასევე, მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ის არის ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ, მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია რეგიონში

    არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომლის შედეგად ქვეყანამ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს.

    პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და საიმედო მოკავშირედ. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს, ასევე იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელსაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ახალი სამშვიდობო ფორმატი - სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში გამოვიდა და ამ პროცესში აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების პროცესის დასაწყებად. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრმა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

    ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მე-20 საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა, სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული.

    პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების ფონზე სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კონკრეტული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენს საზოგადოებებს მოამზადებს კლიმატის ცვლილების გარდაუვალი გავლენისთვის.

    "მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური