კახა ოქრიაშვილი: „ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები!“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021 18:00

დღევანდელი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე დაკარგა დროებითი ლეგიტიმაციაც. ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით,  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  შეიტყვეს, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მხოლოდ 28%-იანი მხარდაჭერა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 22%-იანი მხარდაჭერა, ბატონი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 10%-იანი მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენ პარტიაზე.

სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“, გადაედგა ეს ნაბიჯი და საბოლოოდ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელშიც ხელმოწერილ ვალდებულებებს თავიდანვე არ ასრულებდა.

მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, „ოცნება“ დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების  მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდო-პოლიტიკურ გაერთიანებად.

მივმართავ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

მე ვაგრძელებ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც ვიმყოფებოდი და ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

წაკითხულია 309 ჯერ

Related items

  • საქართველოს პროკურატურის განცხადება!

    საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.
    აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.
    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.
    ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

  • თბილისში გაიმართა უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელების და აქტივისტების შეხვედრა

    გუშინ თბილისში გაიმართა უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელების და აქტივისტების გაფართოებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა რუსეთისგან მომავალი სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან აცილების საკითხების განხილვას. 

    ექსპერტები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება და შედგეს ზეპარტიული კონსენსუსი საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიიღეს საგანგებო, ერთობლივი, განცხადება-მანიფესტი.

    განცხადების თანახმად:

    საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული არჩევანი - იყვნენ დამოუკიდებელი და თვითონ მართონ საკუთარი ბედი - კიდევ ერთხელ დადგა რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. დასავლეთის მიმართ გამოთქმული ულტიმატუმის სახით კრემლი პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთის გავლენის და დიქტატის ქვეშ ხედავს.

    აღნიშნული მუქარა პირდაპირ შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც სამხედრო პროვოკაციების, ასევე ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საშიშროებას, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტის შეზღუდვით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტით ემუქრება.

    აღნიშნული საფრთხის სიმძიმიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ:

    მიუღებელია ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება, ამ დაპირისპირებაში ქვეყნის რესურსის გაფლანგვა და ის დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
    ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული ზეპარტიული კონსენსუსი, საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.
    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაევალოს სასწრაფო ნაბიჯების განხორციელება მოსალოდნელი სამხედრო კრიზისის საპასუხოდ, როგორც სამხედრო/თავდაცვის, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სხვა ძირითად სფეროში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, კავშირგაბმულობა, ფინანსები და აშ.
    დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სრულფასოვანი უსაფრთხოების ზოლისა და სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს მიმდებარე ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სპეციალური ზომების გატარებას და მუდმივი პატრულირების დაწესებას, ასევე მუდმივი თვალთვალისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნას.
    აღნიშნული გეგმებისა და ნაბიჯების სწრაფი განხოციელების მიზნით, აუცილებელია მოქმედებათა მუდმივი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ უწყებებს შორის, მათ შორის ცენტრსა და რეგიონებში საჭირო მარაგების (სამხედრო და არასამხედრო) შექმნის მიზნით.
    მთავრობამ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გადაუდებელი გეგმების განხილვა და დამტკიცება საქართველოსთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად, მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
    საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ უნდა დაევალოთ, სასწრაფო წესით დაიწყონ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინაშე არსებული რუსული სამხედრო საფრთხის განხილვა და დახმარების აღმოჩენის გზების შეთანხმება.
    რუსული აგრესიის შესაკავებლად გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივ რეჟიმში უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია და უნდა მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება.
    დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოპტიმალური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით უსაფრთხოების სფეროს რეფორმაზე ერთობლივი მუშაობა, უსაფრთხოების სფეროში შემავალი დარგების ექსპერტთა აქტიური მონაწილეობით. ამ მხრივ, უზომოდ დიდია პარლამენტის განხილვის, ზედამხედველობის და მონიტორინგის როლი აღნიშნული სისტემის შექმნაში.
    ამ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საზოგადოებას არ აქვს უფლება ინერტულად ადევნოს თვალი ქართული სახელმწიფოებრიობის შეზღუდვის მცდელობას. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ მოვთხოვოთ ხელისუფლებას და სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, რომ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დროულად აარიდებს ამ მორიგ განსაცდელს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოხდეს მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისის როგორც შესაძლებლობის გამოყენება დასავლურ სივრცეში და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ნათქვამია ექსპერტების და აქტივისტების მიერ მიღებულ განცხადებაში.

     

  • პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

    დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, არსებითად, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი.

    პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. ჩვენი მხრივ, მე ,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკური გუნდის სახელით, კახას ვუხდით დიდ მადლობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა, მას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭომ ცნობად მიიღო. ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას.

    პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია  არ ჭირდება. შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. შალვა წლების მანძილზე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აგრეთვე უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. შალვა პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციის მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. წარმატებებს ვუსურვებ შალვას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

    აგრეთვე, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა. გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად. ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე,  წარმატებას ვუსურვებ გიორგის.

    ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი:

    -           პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და

    -           „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი.

    წარმატებებს ვუსურვებ ანრის და ირაკლის!

  • საქართველოს სახალხო დამცველი მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება

    საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება მპგ „ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც ის საუბრობს სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.

    ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ანიჭებს სახალხო დამცველს უფლებამოსილებას მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად. სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შემდეგ მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს.

    მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს/ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას. პარიზის პრინციპების (https://bit.ly/3HzC8NK), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (https://bit.ly/3DuL1G1) და ვენეციის პრინციპების (https://bit.ly/30ve39L)საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.

    კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ.

  • ​საქართველოს საგარეო უწყების განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (дезавуировать).

    2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.

    ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

    აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

    ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური