19 აპრილის (შარლ მიშელის) შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა - ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021 14:35

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის (შარლ მიშელის) შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა. ამის შესახებ ი.კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე 19 აპრილის (შარლ მიშელის) შეთანხმებას „ქართული ოცნება“ გაუქმებულად აცხადებს.

„დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს. ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯია“, - ხაზი გაუსვა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ აქვე დაამატა, რომ მმართველი პარტია მზად არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დანიშნოს.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული,“- დასძინა ი. კობახიძემ.

 

წაკითხულია 268 ჯერ

Related items

  • "მთავარი არხის" ოპერატორი, ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

    ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოაგდეს. როგორც ბ. ყორშია იხსენებს, მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება.

    მისივე ინფორმაციით, ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან. 

    "მივედით ქართული ოცნების შტაბში, ქარელში. თავიდანვე აგრესიულად შეგვხვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება გაწევ-გამოწევა, ყველაფერი გადაღებულია. გადმოისროლეს მართლა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა", - ამბობს ბ. ყორშია "მთავარი არხის" ეთერში. 

    წყარო: https://mtavari.tv/news/56603-sruli-jojokheti-gamoviaret-meore-sartulis

     

     

  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს.

    ამ მიზნით ნ. მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ.

    პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია. 

    "ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება ბოლო დროინდელ მოვლენებთან შედარებით. ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა ყველაფერს სახელს არქმევს. ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარო ვალზე შეთხზული ტყუილები. მთავარი პოლიტიკური განაცხადია. და რა არის ქართული ოცნების პოლიტიკური განაცხადი? - არაფრის ფასად არ გვინდა რეფორმები.

    სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც მეც და ჩვენი მეგობრებიც მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, გადავდგათ ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.

    მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

    ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

    ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს იყოს დასავლური ოჯახის წევრი!

    გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს! ისე კი სინამდვილეში ევროკავშირი, საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო - აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით. ქვეყნის ცუდი ხელისუფლება სახადია, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა.

    დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად დაცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას, გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43- პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ". - თქვა ნიკა მელიამ. 

    ***

    ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

    დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

    2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

    დოკუმენტიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ უარი თქვა, შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა - ჩანაწერის მიუხედავად, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.  

    სწორედ განუხორციელებელი რეფორმების მიზეზით, ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. 

    მმართველი გუნდის წევრების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს სესხია, რომლის საჭიროება და აღების სურვილიც საქართველოს თავად არ აქვს, დახმარების არგადმორიცხვის მიზეზი გაუტარებელი რეფორმებია. 

    ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

    ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსიაღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

    მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.

    წყარო: https://formulanews.ge/News/55975?fbclid=IwAR3ysbdXB2n_IiPr7aPtN8bTofZc45Gq_OjTE30LUnHKfB6u1qVRjrtlOQk

  • ცესკოს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებისთვის საჭირო კამერები გადაეცა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს ვიდეოკამერები გადმოეცა, რომლითაც არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. შესაბამისად, საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაყრდნობით ცესკომ მიიღო დადგენილება (საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ), რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. დღეს კი 3 700 - მდე ვიდეოკამერა, რომლითაც ვიდეოგადაღება უნდა განხორციელდეს ცესკოს „ქართულმა ოცნებამ“ გადასცა. კამერების გადმოცემის შემდეგ ცესკოში შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მთელი ის პროცესი თუ როგორ მოხდება კამერებით ვიდეოგადაღება და შემდგომ გადაღებული მასალის საჯაროობის უზრუნველყოფა. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი სიორიძე და ცესკოს წევრი ივანე ნორაკიძე ესწრებოდნენ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება ამ მასშტაბით უპრეცედენტოა და ამ პროცესს არჩევნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, „საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და სანდოობის ხარისხით და ყველა ეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცესი, განთავსდება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.“

    „მოხარული ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული წვლილი შეიტანა იმაში, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი და სპეკულაციის საბაბი“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

    2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება 3 200 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ იმ უბნებზე, სადაც ეს პროცესი არ განხორციელდება 300 ან 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული.  ამასთან ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადაღებისთვის, რომელიც ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად წელს პირველად განხორციელდება.  როგორც ცნობილია წელს პირველად, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი ავტომატურად გადაითვლება.

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება

    გთავაზობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. "მხედველობაში მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობისა და კანონის უზენაესობის გასამყარებლად, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. მხედველობაში მივიღე ასევე ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელს არ აწერს.

    კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ყველაფერს, რაც ძალიან საჭიროა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ.

    ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ალტერნატივას.

    მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე მოქალაქეების ინტერესები დააყენოს და აიღოს ვალდებულება საქართველოში პოლიტიკური დისკურსის განვითარებისა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. არსებული სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შევხვდი", - აღნიშნულია შ. მიშელის განცხადებაში.

  • "აშშ გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან", - აშშ-ს საელჩო საქართველოში
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
    "ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის 115-მა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო.
    ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.
    საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრვალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.
    ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია.
    ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის", - ნათქვამია აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური