საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ივლისი 2021 17:21

2021 წლის 26 ივლისს, რომში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იუწყება. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო იტალიური მხრიდან - სახელმწიფო მდივნის მოადგილე მანლიო დი სტეფანო.
შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა; ხაზი გაესვა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის და აღნიშნული პლატფორმის ეფექტიანი გამოყენების საკითხს, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას. 
კონსულტაციების ფარგლებში, თეიმურაზ ჯანჯალიამ და მანლიო დი სტეფანომ ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე, სამომავლოდ, სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობების მეტად გაღრმავებისა და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ამასთან, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ენერგეტიკის, ტურიზმის საზღვაო, საერთაშორისო სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.
კონსულტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ იტალიელ დიპლომატთან საუბრისას ხაზი გაუსვა 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენას,  ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების, დარგობრივი თანამშრომლობის მეტად განვითარების საკითხებს და „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმებს. მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ამ კონტექსტში ქართული მხარის მოლოდინები და ყურადღება გაამახვილა იტალიური მხარის პოზიციის არსებით მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე.
ასევე, თეიმურაზ ჯანჯალიამ მანლიო დი სტეფანოსთან საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი  საქართველოს ალიანსში სრულფასოვანი წევრობის სურვილს და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გააქტიურების კუთხით. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-ს ფარგლებში არსებული ღირებული თანამშრომლობისთვის, მათ შორის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 
ამასთან, იტალიელ კოლეგას დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას და იტალიის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას.

წაკითხულია 122 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

    ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

    იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

  • ორმხრივი კონსულტაციები საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის

    15 სექტემბერს, თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ჩეხეთის დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეშ ხმელარჟი (Aleš Chmelař).
    საგარეო საქმეთა ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მინისტრის მოადგილეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს, ხაზი გაუსვეს ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას და ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. 
    მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში დაგეგმილ მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს და დააფიქსირეს მზაობა განაგრძონ მუშაობა ორმხრივი ვიზიტების განხორციელებისათვის, ასევე ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩეხეთის დარგობრივ უწყებებს შორის კონტაქტების შემდგომ გაღრმავებას.  
    სექტორული თანამშრომლობის კონტექსტში, მინისტრის მოადგილეებმა მიმოიხილეს არსებული დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, თავდაცვის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლების  სფეროებში და იმსჯელეს ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ მიმართებით, კმაყოფილებით აღინიშნა უკვე არსებული მიღწევები და პოზიტიური ტენდენციები, ასევე ხაზი გაესვა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა პოტენციალის სრულად ასათვისებლად. 
    კონსულტაციებისას ყურადღება გამახვილდა ჩეხეთის მიერ საქართველოში წარმოებული განვითარების თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებიც Czech Aid-ის ხაზით ხორციელდება და რომელთა მიზანია საქართველოს სხვადასხვა სექტორისა და მიმდინარე რეფორმების  მხარდაჭერა. ჩეხეთის მხარემ გამოხატა მზაობა კვლავაც აქტიურად განაგრძოს საქართველოს მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.
    საგანგებოდ აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში და ჩეხეთის ხელშეწყობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პანდემიასთან ბრძოლისა და მისი შედეგების აღმოფხვრის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა, რომ ძალზე ფასეულია ჩეხეთის მიერ სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებისათვის.
    კონსულტაციების ფარგლებში, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხ კოლეგას დეტალურად გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული სამუშაო, ინიციატივები და გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატზე, ასევე  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტსა და ქართული მხარის მოლოდინებზე. აღინიშნა, რომ  2022 წლის მეორე ნახევარში ჩეხეთის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ქართული მხარე მზადაა მჭიდრო თანამშრომლობისათვის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩეხური მხარის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციაში. თავის მხრივ, ჩეხურმა მხარემ მიმოიხილა ის მიმართულებები, რომლებზეც მოხდება ფოკუსირება ევროკავშირში ჩეხეთში თავმჯდომარეობის ფარგლებში.
    ასევე ხაზგასმული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და დაფიქსირდა ამ მიმართებით პარტნიორთა მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 
    ჩეხეთის მხარემ საგანგებოდ აღნიშნა ქართული მხარის წვლილი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ პარტნიორთა მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
    საუბრისას თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხ კოლეგას გაუზიარა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული  მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ  პარტნიორთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაქსიმალურად წარმოჩენისათვის.
    ორმხრივი კონსულტაციებისას ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. 
    შეხვედრისას ასევე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში თანამშრომლობისა და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ამ მიმართებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება. 
    მინისტრის მოადგილეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
    კონსულტაციებისას მხარეებმა ასევე განიხილეს აქტუალური საერთაშორისო საკითხები, ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორთა აქტიური ძალისხმევა.
    შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად წარმოების პრაქტიკა.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკვაშირებით

    20 წლის წინ, ამ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა სასტიკმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა და დაზიანდა კიდევ უფრო მეტი. ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იტყობინება.

    დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად.

    ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის.

  • 6-9 სექტემბერს საქართველოს, პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით, აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა

    6-9 სექტემბერს საქართველოს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით, აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება. 

    დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღსანიშნავია, რომ კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს.

    ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.
    ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.

  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ა. ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის ელჩთან პეტრ მიკისკასთან

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
    შეხვედრისას განხილული იყო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში პანდემიური მდგომარეობა, ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში შესვლის რეგულაციები, ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების სისტემა, მისი გამოყენების და მასში ჩართვის შესაძლებლობა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატების ორმხრივად ურთიერთაღიარების საკითხები.
    შეხვედრის ფარგლებში ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში და ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა.
    მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის და პოსტპანდემიური რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობის გეგმებზე.

     

     

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური